№ბს-514(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ა-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 25 სექტემბერს თ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს № 01-2754/ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ. ა-ას ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 24 აგვისტოს № 01/2754-ს გადაწყვეტილება; მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - თ. ა-ას ოჯახის, კრიტერიუმების გარეშე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ, ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ აპელანტი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წარმოადგენდა დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებული იყო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიდგომოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით განეხორციელებინა კონკრეტულ მისამართზე დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტის დადგენა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოც არ ხდიდა სადავოდ იმ გარემოებას, რომ თ. ა-ას რეგისტრაციის ადგილი იყო ქ. თბილისი, ...ის ქუჩა № ... „...ი“, რომელიც წარმოადგენდა დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს და საიდანაც 2011 წელს დევნილი ოჯახები განსახლებულ იქნენ სხვა ალტერნატიულ მისამართზე, ხოლო, მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) მონიტორინგის განხორციელების მომენტში არ იმყოფებოდა ადგილზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ ,,...იდან“ გამოსახლების დროს მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების ადგილზე არყოფნა არ უნდა მიჩნეულიყო მისამართზე მათი ფაქტობრივად ცხოვრების გამომრიცხავ გარემოებად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე, ოჯახთან ერთად, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ. სააპელაციო პალატის შეფასებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია სხვა სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) სხვა ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრებას, მოპასუხემ (აპელანტმა) ვერ დაადასტურა, ის გარემოება, რომ თ. ა-ას რეგისტრაციის ადგილი - ქ. თბილისი, ...ის ქ. №... ,,...ი“, არ წარმოადგენდა მის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეულ საცხოვრებელი ადგილს, სადაც იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ვინაიდან, მოსარჩელის ოჯახის წევრებმა ქ. თბილისში 2007 წლის აგვისტოში დასრულებული სავალდებულო რეგისტრაცია არ გაიარეს, მათ შეუწყდათ დევნილის სტატუსი, რომელიც თ. ა-ამ აღიდგინა 2009 წელს, ხოლო მისმა მეუღლემ - 2011 წელს. ანუ, უდავოდ დადგენილ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მოსარჩელე და მისი შვილი საქართველოში არ იყვნენ მინიმუმ 2007 წლის გაზაფხულიდან 2009 წლამდე, ხოლო მეუღლე - მინიმუმ 2007 წლის გაზაფხულიდან 2011 წლამდე. ამასთან, 2011 წელს, როდესაც თბილისში, ...ის ქ. №...-ში არსებულ შენობაში („...ი“) მაცხოვრებელი დევნილების სხვა ობიექტში განსახლება მოხდა, მოსარჩელე და მისი ოჯახის არცერთი წევრი ამ პროცესების დროს შენობაში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, კასატორის შეფასებით, დაუსაბუთებელია, თუ რას ეყრდნობა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება, როდესაც თ. ა-ას ოჯახი ობიექტში მუდმივად მაცხოვრებლად მიიჩნია.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, მკურნალობის საჭიროების მოტივით თ. ა-ას ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ხშირი და სისტემატიური ყოფნა არ მიიჩნიეს, თბილისში, ...ის ქ. № ...-ში არსებულ შენობაში („...ი“) მუდმივი ცხოვრების ფაქტის გამომრიცხავ გარემოებად, თუმცა, ვერც სამინისტროში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ვერც სასამართლოში, მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარემ) ვერ ახსნა, რატომ არ ფიქსირდებოდა მისი და მისი ოჯახის წევრების მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტები. ამასთან, კასატორის შეფასებით, სასამართლომ არამართებულად გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები. მართალია, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელე ნომინალურად ითვლებოდა ობიექტში მაცხოვრებლად, მაგრამ ისიც მიუთითეს, რომ ეს ოჯახი სისტემატიურად არ იმყოფებოდა შენობაში და იყო სხვაგან. ხოლო, მათივე მითითებით, ფაქტობრივად ყველა, ვინც იმყოფებოდა შენობაში, სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ ისინი, ვინც სამინისტროს თანამშრომლების ვიზიტის დროს არცერთხელ არ აღმოჩნდნენ ობიექტში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით კასატორ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით წესი განსაზღვრავს, ერთის მხრივ, კრიტერიუმებს, ხოლო, მეორეს მხრივ, საგამონაკლისო შემთხვევებს რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სამინისტროში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. ა-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) ქ. თბილისი, ...ი, ხოლო მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, სოხუმი, ...ს ქ. 3 შესახვევი (ს.ფ. 11).
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახის ანკეტის (ოჯახის № ...) შესაბამისად, თ. ა-ას ოჯახის (თვითონ - თ. ა-ა, მეუღლე - ც. ზ-ა, შვილი - თ. ა-ა) პირველად რეგისტრაცია დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში - ქ. თბილისი ...ის რაიონი, ...ში განხორციელდა 2001 წლის 26 ნოემბერს. აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 2008-2009 წლებში გაცემული ცნობების თანახმად, თ. ა-ა კირილეს ძე, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი. მის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენდა აფხაზეთი, ქ. სოხუმი, ...ს მე-3 შესახვევი, სახლი № 2. დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის ქ. № ..., „...ი“ (ს.ფ. 94-96).
თ. ა-ამ 2018 წლის 23 ივლისის №7 0484/01 განცხადებით (ადმინისტრაციული საჩივარი) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. სამინისტროს მიერ თ. ა-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, მისი ოჯახი „...ის“ გამოთავისუფლების პერიოდისათვის, ფაქტობრივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ ობიექტში და აღნიშნული განცხადება არ შეესაბამებოდა კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი განსახლების პირობებს (ს.ფ. 33-34).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამინისტროს სადავო აქტი არ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. ა-ას რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი, ...ის ქუჩა № ..., ,,...ი“. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილს სწორედ ქ. თბილისი, ...ის ქუჩა № ..., ,,...ი“ წარმოადგენდა, თუმცა ოჯახური პირობების გამო, თ. ა-ას ოჯახს ხშირად უწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მეუღლეს - ც. ზ-ას, რომელსაც აქვს
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მკურნალობის კურსი გავლილი აქვს რუსეთის ფედერაციაში და მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე), ოჯახთან ერთად, მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ყოველწლიურად, გარკვეული სიხშირით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ,,...იდან“ გამოსახლების დროს თ. ა-ას და მისი ოჯახის წევრების ადგილზე არყოფნა არ უნდა მიჩნეულიყო მისამართზე მათი ფაქტობრივად ცხოვრების გამომრიცხავ გარემოებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე