საქმე #ბს-1171(კ-20) 11 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 8 ოქტომბერს კ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გ. გ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 22 აგვისტოს მან ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გ. გ-ეს ერთი წლის ვადით ქირავნობით გადასცა მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #29-29ა-ში, პირველ სადარბაზოში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა #15, ს.კ. #....
მოსარჩელის აღნიშვნით, 2015 წლის 25 აგვისტოს გ. გ-ემ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირება მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 2015 წლის 31 აგვისტოს გ. გ-ემ სამ პირთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელთაგან ჯამში ისესხა 38 000 (ოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარი და ამ სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე განხორციელდა იპოთეკის რეგისტრაცია.
მოსარჩელის მითითებით, მან სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელეს აღუდგა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, ხოლო იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში მდგომარეობა დარჩა უცვლელი. ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (მათ შორის, მოსარჩელის ეპიზოდში).
მოსარჩელის განმარტებით, მიმდინარე წლის აპრილის თვეში იპოთეკარებმა განცხადებით მიმართეს მას და აცნობეს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, საჯარო აუქციონის წესით მოითხოვონ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაცია.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს შეეცვალა სახელი და გვარი და ნაცვლად მ. ლ-ისა მას ეწოდა კ. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კ. ბ-ის სარჩელი გ. გ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საბოლოოდ, მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კ. ბ-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის მოქმედი კურსით 38 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ლ. კ-ი, დ. კ-ა და ლ. ს-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით კ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 38 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული კურსით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, სადაც სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ გ. გ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო ხარვეზიანი და არ ქმნიდა რეგისტრაციის საფუძველს; კერძოდ, გ. გ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მხარეთა ხელმოწერის ადგილზე, გამყიდველი ლ-ი და მყიდველი გ-ძე აღნიშნულნი იყვნენ მეიჯარისა და მოიჯარის სამართლებრივი სტატუსით, ხელშეკრულების ფაქტობრივი გვერდების რაოდენობა იყო ოთხი, ხოლო ბოლო გვერდზე დატანილი იყო ნოტარიუსის დამღა, სადაც სანოტარო აქტის გვერდების რაოდენობად მითითებული იყო ექვსი. ზემოხსენებულ საქმეში სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის მიმართ არსებული აღნიშნული ხარვეზები ქმნიდა საფუძველს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ აქტის გამოცემისათვის, ხოლო ასეთი აქტის გამოუცემლობით სარეგისტრაციო სამსახურმა დაარღვია „საჯარო რეესტრის“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ (30.11.2016 წელი) მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს პროცედურების დარღვევასა და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის არასრულყოფილად შესწავლა-შეფასებას შედეგად მოჰყვა რეგისტრაციის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების მიღება, რამაც შელახა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული მოსარჩელის საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად, სადავო ქონებაზე დარეგისტრირდა გ. გ-ის საკუთრების უფლება, რაც შემდგომში გახდა საფუძველი 2015 წლის 31 აგვისტოს უძრავ ქონებაზე (მის.: ქ. თბილისი, ...ის ქ. #29-29ა, სადარბაზო პირველი, სართული მეშვიდე, ბინა #15, საკადასტრო კოდი #...) სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის რეგისტრაციის საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 სექტემბრის #... გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიჩნეული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო ქონებაზე რომ არ ყოფილიყო რეგისტრირებული გ. გ-ის საკუთრების უფლება, აღნიშნული უძრავი ნივთი ვერ დაიტვირთებოდა იპოთეკით, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის მიმართ რეესტრის ბრალეულობა არ იკვეთება, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ სააგენტოს არ გააჩნია ბრალეულობა და არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ სააგენტომ აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მხარეს მიადგა/შეიძლებოდა მისდგომოდა იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციით.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს შეფასების საგანი უნდა ყოფილიყო ის, თუ ვინ ნახა სარგებელი აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებით, კერძოდ, სააგენტოს მოსაზრებით, იპოთეკის ხელშეკრულების შედეგად, სარგებელი და მოგება გ. გ-ემ მიიღო. შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ბრალეული ქმედების გათვალისწინებით, მოპასუხის პასუხისმგებლობა აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დადგეს, ვინაიდან სააგენტო წარმოადგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, მისი თანამშრომლები კი პასუხს არ აგებენ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე.
კასატორის შეფასებით, სასამართლომ ძალაში დატოვა იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო. კასატორი კი მიიჩნევს, რომ მხარე ზიანის ანაზღაურებას სწორედ იპოთეკის რეგისტრაციის გამო ითხოვს, შესაბამისად, მოპასუხისათვის გაუგებარია, როგორ შეიძლება კანონიერი აქტი გახდეს ზიანის ანაზღაურების საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, რომ სახეზე არ არის ქმედება, რომელიც უშუალოდ წინაპირობა უნდა იყოს დამდგარი შედეგისათვის, რაშიც იგულისხმება ის, რომ ქმედება - იპოთეკის რეგისტრაცია კანონიერი გადაწყვეტილებაა, ხოლო კანონიერი გადაწყვეტილება არ შეიძლება განიხილებოდეს ზიანის მიმყენებელ კონკრეტულ ქმედებად.
კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისროს. საჭიროა, ასევე, დადგინდეს, რომ ზიანის მიმყენებლის ქმედება ხასიათდებოდა მართლწინააღმდეგობითა და ბრალეულობით და არსებობდა მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ქმედებას შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის კ. ბ-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის მოქმედი კურსით 38 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, სადაც სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ გ. გ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო ხარვეზიანი და არ ქმნიდა რეგისტრაციის საფუძველს. კერძოდ, გ. გ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მხარეთა ხელმოწერის ადგილზე გამყიდველი ლ-ი და მყიდველი გ-ძე აღნიშნულნი იყვნენ მეიჯარისა და მოიჯარის სამართლებრივი სტატუსით, ხელშეკრულების ფაქტობრივი გვერდების რაოდენობა იყო ოთხი, ხოლო ბოლო გვერდზე დატანილი იყო ნოტარიუსის დამღა, სადაც სანოტარო აქტის გვერდების რაოდენობად მითითებული იყო ექვსი. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის მიმართ არსებული აღნიშნული ხარვეზები ქმნიდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ აქტის გამოცემის საფუძველს, ხოლო ასეთი აქტის გამოუცემლობით სარეგისტრაციო სამსახურმა დაარღვია „საჯარო რეესტრის“ შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ (30.11.2016 წელი) მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს პროცედურების დარღვევასა და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის არასრულყოფილად შესწავლა-შეფასებას შედეგად მოჰყვა რეგისტრაციის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების მიღება, რამაც შელახა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული მოსარჩელის საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად, სადავო ქონებაზე დარეგისტრირდა გ. გ-ის საკუთრების უფლება, რაც შემდგომში გახდა უძრავ ქონებაზე (მის.: ქ. თბილისი, ...ის ქ. #29-29ა, სადარბაზო პირველი, სართული მეშვიდე, ბინა #15, საკადასტრო კოდი #...) 2015 წლის 31 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის რეგისტრაციის საფუძველი. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 სექტემბრის #... გადაწყვეტილება კანონიერად იქნა მიჩნეული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ქონებაზე რომ არ ყოფილიყო რეგისტრირებული გ. გ-ის საკუთრების უფლება, აღნიშნული უძრავი ნივთი ვერ დაიტვირთებოდა იპოთეკით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზიანი.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის არგუმენტზე, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე კ. ბ-ი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იპოთეკის რეგისტრაციის შედეგად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმის #3/1120-16), რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელე კ. ბ-ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს არა მარტო იპოთეკის რეგისტრაციით, არამედ არასწორად განხორციელებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით (25.08.2015), ხოლო ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის #3ბ/1120-16 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 38 000 აშშ დოლარს, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 6460 ლარს. შესაბამისად, კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1938 ლარის (6460 ლარის 30%) ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1938 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე