Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-776(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) - ზ. ი-ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ი-მა 2018 წლის 10 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 1000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს ზ. ი-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადება, რაც ზიანის ანაზღაურების დაკისრების ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ბიუროს მიერ არ დარღვეულა კორესპონდენციის გაგზავნის წესი, რადგან იგი ჰიბრუდული წესით აწვდის ...ს ფოსტას ადრესატებისათვის მისაწოდებელ კორესპონდენციას (ელექტრონული წესით კორესპონდენციის მიწოდება), ხოლო სადავო შემთხვევაში ფოსტასთან მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაციით დგინდება მოსარჩელისათვის წერილის დაკონვერტებული სახით გაგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ზ. ი-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება, კორესპონდენციის გაგზავნის წესის დარღვევის გამო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც არის ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების უშუალო შედეგი. ამასთან, ზიანის მიმყენებლის ქმედება უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობიდან. ვინაიდან მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების საფუძვლად პატიმართან მიმოწერის წესის დარღვევას ასახელებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პატიმრობის კოდექსის“ მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც კანონით დადგენილ შემთხვევებში, გარანტირებულია პატიმართა/მსჯავრდებულთა მიმოწერის თავისუფლება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ. ი-ს გაუგზავნა 2015 წლის 28 ოქტომბრის №A15081922 შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. შეტყობინების ბოლო ფურცელზე დატანილია ...ს ფოსტის მცხეთის ფილიალის ბეჭედი, ხოლო შეტყობინების პირველ გვერდზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის №15 პენიტენციური დაწესებულების კანცელარიის ბეჭედი, რეგისტრაციის ნომრით - .... ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი შეტყობინება ...ს ფოსტის მეშვეობით გაგზავნა ე.წ. „ჰიბრიდული“ გზავნილის ფორმით, რაც გულისხმობს ფოსტისთვის დოკუმენტის ელექტრონული ფორმით გაგზავნას, ხოლო ფოსტიდან ადრესატამდე - ღია ფორმით, დახურული კონვერტის გარეშე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებები ადასტურებს შეტყობინების ღია ფორმით, დახურული კონვერტის გარეშე გაგზავნას, რითაც დაირღვა მიმოწერის კონფიდენციალურობა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეერჩია მომსახურების ისეთი სახე, რომელიც არ გამოიწვევდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული მიმოწერის თავისუფლების უფლების დარღვევას. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნის შესაბამისი წესის დაცვის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოკლებული იქნებოდა ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცნობოდა მსჯავრდებულისთვის განკუთვნილ წერილს. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხელყოფილ იქნა მოსარჩელის კონსტიტუციით დაცული - მიმოწერის/კორესპონდენციის თავისუფლების უფლება. შესაბამისად, უდავოდ არსებობს მოპასუხის მხრიდან ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ 205263873) დაუბრუნდეს 2020 წლის 14 აგვისტოს №10930 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე