საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე #ბს-718(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს („საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს #509 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე – სს „...ი“ (შპს „უ...ის“ უფლებამონაცვლე)).
2018 წლის 4 სექტემბერს შპს „უ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის #04/42973 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შპს „უ...ის“ 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ - პაციენტ ა. მ-ი-წ-ისთვის, 2014 წლის 24 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების (2015 წლის მაისის თვეში წარდგენილი) დარჩენილი თანხის 91 725.59 (ოთხმოცდათერთმეტი ათას შვიდას ოცდახუთი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის ანაზღაურების ვალდებულების, ასევე მ. ბ-ისათვის, 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 31 მარტამდე პერიოდის შესრულების (2015 წლის მაისის თვეში წარდგენილი) დარჩენილი თანხის 128 920.51 (ასოცდარვა ათას ცხრაას ოცი ლარი და ორმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურების ვალდებულების, - სულ ჯამში მოპასუხისათვის კლინიკის მიმართ არსებული დავალიანების - 220 646.10 (ორას ოცი ათას ექვსას ორმოცდაექვსი ლარი და ათი თეთრი) ლარის დაკისრება მოითხოვა. ამასთან, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოსარჩელემ აღნიშნული საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააგენტოსათვის უკან დაბრუნება და მოპასუხისათვის ახალი გადაწყვეტილების გამოტანის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე შპს „უ...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სს „...ის“ (შპს „უ...ის“ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „შპს „უ...ი“-...ის 2018 წლის 30 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის #04/42973 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შპს „უ...ის-...ის“ (უფლებამონაცვლე სს „...ი“) მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით სს „...ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სს „...ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით კასატორს – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს) ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების (ასანაზღაურებელი თანხის) 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2020 წლის 29 ოქტომბერს კასატორმა – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (26.10.2020წ. #04341 საგადახდო მოთხოვნა) წარმოადგინა.
ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით; კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს) დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის - 7700 (8000-300) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ივლისის #04/42973 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ჯამში 220 646.1 (ორას ოცი ათას ექვსას ორმოცდაექვსი ლარი და ათი თეთრი) ლარის ანაზღაურებაზე. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 5%-ის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა - 8000 ლარს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა. საქმეში წარმოდგენილი შპს „...-ის“ გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გზავნილი კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს 2020 წლის 7 დეკემბერს ჩაჰბარდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო პალატის მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინების ასლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, კასატორს - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს) 2020 წლის 7 დეკემბერს ჩაჰბარდა, განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7-დღიანი ვადის ათვლა 2020 წლის 8 დეკემბრიდან დაიწყო და შესაბამისად, 2020 წლის 14 დეკემბერს, 24 საათზე ამოიწურა. მიუხედავად ამისა, კასატორს აღნიშნული ვადის განმავლობაში და არც ამ ვადის გასვლის შემდგომ, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ) ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრულ დამატებით 7-დღიან ვადაში სრულად არ შეავსო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კასატორის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი;
2. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეს) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.10.2020წ. #04341 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი - #300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე