#ბს-1244(კ-20) 11 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 18 აგვისტოს მ. ზ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მ. ზ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის #1367557 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მ. ზ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ზ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მ. ზ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 17 ივლისის #1367557 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მ. ზ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ა-ე, ე. მ-ე, მ. ჩ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია სადავო გადაწყვეტილების ფორმალური, ფაქტობრივი საფუძვლები და კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო. კასატორის მითითებით, მისი სამსახურიდან დათხოვნა არ არის დაკავშირებული რაიმე სახის დისციპლინურ გადაცდომასთან, არამედ, იგი გახდა მსხვერპლი შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომელ ფ. კ-ის არასაქმიანი ინტერესისა და პირადი შურისძიების.
კასატორის მითითებით, სასამართლოსა და სახელმწიფოსგან მტკიცების ტვირთის მოსარჩელის მხარეს გადატანა სრულიად უსამართლოა, რაც სცილდება სამართლებრივ ფარგლებს.
მ. ზ-ე აღნიშნავს, რომ პერსონალური ინფორმაციის დამუშავება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულია თითქოსდა კანონიერად, რასთან მიმართებითაც, კასატორი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხებზე: მონაცემები რა გზით იქნა მოპოვებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას; პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები ნამდვილად დამუშავებულია თუ არა მის, როგორც იმდროინდელი პოლიციის თანამშრომლის, მიერ და მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემები მისი, როგორც შს სამინისტროს იმდროინდელი თანამშრომლის მიერ, დამუშავებულია კანონიერად/უკანონოდ.
კასატორის მითითებუთ გაანალიზებული უნდა იქნეს, თუ რა წესით განხორციელდა საქმეში გენერალური ინსპექციის …ის …ის მიერ პერსონალური ინფორმაციის დამუშავება (გამოთხოვა) და მისი ადრესატის მიერ უკანონო დამუშავება (გაცემა). კასატორის განმარტებით, მისი, როგორც დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი საქმიანობისას, „მარტოდ ყოფნის პერიოდში“, დამუშავებული იყო პერსონალური ხასიათის ინფორმაცია, რომლის დამუშავების ანუ დროის მიხედვით მოძიება, ნახვა სისტემატიზება ერთ ფაილად და გაცემა განხორციელდა მისი ინფორმირებულობისა და თანხმობის გარეშე. მოცემულ უფლებაში ჩარევა უნდა შემოწმდეს პერსონალური მონაცემების დაცვის ჭრილში. მონაცემთა კანონიერად დამუშავებისთვის აუცილებელია სამართლებრივი საუძვლის არსებობა და კანონით დადგენილი პრინციპების დაცვა, რაც კასატორის განმარტებით, არ ყოფილა სახეზე.
კასატორის მოსაზრებით, საქმეზე არსებულ დოკუმენტებზე იკვეთება გაყალბების ნიშნები (დაუფარავი ფაილით მიწოდებული მონაცემები წარმოდგენილი სახით დაფარულია), შესაბამისად, თუ დაფარვა მოახერხეს, მოახდინეს/შეიტანეს მასში ცვლილებაც.
კასატორის მითითებით, ყველა მონაცემი, რომელიც დამუშავებული და გადამოწმებული აქვს, ეხებოდა მხოლოდ სამსახურებრივ ინტერესს და მისი მხრიდან არანაირ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ზ-ე, რომელიც მუშაობდა შსს ...ის სამმართველოს ...ის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე, შსს 2014 წლის 17 ივლისის #1367557 სადავო ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტორივი საფუძველი გახდა შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა სამსახურებრივი შემოწმების შედეგებს, კერძოდ, თ. კ-ის ახსნა-განმარტებას და მ. ზ-ის კუთვნილი გენერირების მოწყობილობის „DIGIPASS“-ის მეშვეობით გადამოწმების შედეგად შედგენილ 06.06.2014წ. #1070595 სამსახურებრივ ბარათს. დასკვნა შეეხება მ. ზ-ის მიერ არასამსახურებრივი მიზნით, მოქალაქეების მიმართ ინფორმაციის მოძიებას, რომელთა შესახებ ინფორმაცია გადამოწმებულია მ. ზ-ის კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. #999 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის“ 2.14 მუხლზე, რომლის თანახმად, პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის. ამავე კოდექსის 2.18 მუხლის თანახმად, პოლიციამ პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება უნდა მოახდინოს პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით. საქართველოს პარლამენტის 28.10.2005წ. #2010 დადგენილებით რატიფიცირებული „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემები, რომლებიც ექვემდებარებიან ავტომატიზირებულ დამუშავებას შენახული უნდა იქნას ზუსტად განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის და არ უნდა იყოს გამოყენებული მათთან შეუთავსებელი მიზნით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 9.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას სამინისტროში სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას, აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ზ-ემ სამსახურში ყოფნისას, მასზე განპიროვნებული შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში მოიძია და დაამუშავა ე. მ-ისა და ავტომანაქანის (სახელმწიფო ნომრით ...) მფლობელის მ. ჩ-ის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ბაზაში არსებული ინფორმაცია. საამისოდ აუცილებელი, მკაფიოდ განსაზღვრული და კანონიერი მიზანი არ იკვეთება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება მ. ზ-ის მიერ მონაცემთა დამუშავება (კერძოდ, მოძიება) სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დასტურდება მონაცემთა დამუშავება მ. ზ-ის მიერ, თუმცა არ დასტურდება მონაცემების დამუშავება სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრლებლად.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა ხდება დასაშვებობის შეზღუდვის სხვადასხვა რეჟიმის მეშვეობით. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემები უკეთესადაა დაცული სხვა საიდუმლოებით, გამოიყენება ეს უკანასკნელი. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში პერსონალური მონაცემები განთავსებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს კომპიუტერულ ბაზაში, მასში აკუმულირებული მონაცემები მოქალაქისათვის პერსონალური მონაცემების დაცვის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებისათვის ამ ინფორმაციის დაცვა დამატებით სამსახურებრივი საიდუმლოების დაცვის რეჟიმში ტრანსფორმირდება. შესაბამისად, მ. ზ-ე სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო დაეცვა ზემოხსენებული ინფორმაცია არა მხოლოდ, როგორც პერსონალური მონაცემები, არამედ, როგორც სამსახურებრივი საიდუმლოება, რომლის სამართლებრივი რეჟიმი მოითხოვს ინფორმაციისადმი დაშვების პირობების, დაცული ინფორმაციის მხოლოდ სამსახურებრივ მიზნებში გაცნობის პროფესიული ვალდებულების დაცვას. ვინაიდან პირადი საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები წარმოადგენს პროფესიული საიდუმლოების მნიშვნელოვან ნაწილს (სზაკ-ის 273 მუხლი), ამ უკანასკნელის ზედმიწევნით დაცვა პირადი საიდუმლოების დაცულობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. შესაბამისად, მოსარჩელეს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელს, გააჩნდა ამ ინფორმაციის, როგორც პერსონალური მონაცემისა და როგორც სამსახურებრივი საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არასამსახურებრივი მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება წარმოადგენს მოხელისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია მ. ზ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყების საფუძველი. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მართებულად იქნა მიღებული სადავო გადაწყვეტილება და მ. ზ-ის მიმართ გამოიყენა ადეკვატური სახდელის სახე - სამსახურიდან დათხოვნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე