Facebook Twitter

№ბს-496(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 18 აგვისტოს მ. კ-ამ, ხ. ს-ამ, მ. ს-ამ, ვ. ს-ამ და დ. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გაადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის №1523, №1524, №1525, №1526, №1527 ბრძანებების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით გადაწყვეტილებით მ. კ-ას, ხ. ს-ას, მ. ს-ას, ვ. ს-ასა და დ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის №1523, №1524, №1525, №1526, №1527 ბრძანებები და მოპასუხეს მოსარჩელეებისათის დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის სტატუსის კანონიერების დადგენის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში დევნილობამდე მ. კ-ას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში. 2016 წლის 20 დეკემბრის საპასუხო წერილით განიმარტა, რომ წარმომადგენლობაში მ. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ მისამართი ვერ დგინდებოდა, რადგან მათთან მ. კ-ას შესახებ არავითარი დოკუმენტაცია არ ინახებოდა. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და თავად მ. კ-ასთან ჩატარებული გასაუბრების შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ მ. კ-ა დაოჯახების შემდეგ - 1991 წლიდან, ცხოვრობდა ...ში მეუღლესთან ერთად და არა გალის რაიონის სოფ. ...ში. ამასთან, 1991 წლიდან სოფ. ...ში იგი აღარ მუშაობდა. მისი მეუღლე იყო ...ელი და არ ჰქონდა დევნილის სტატუსი. მისი შვილები ... და ... წლებში დაიბადნენ ...ში. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კი, სამინისტრომ მ. კ-ას და მის სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებულ შვილებს - მ. ს-ს, ხ. ს-ას, ვ. ს-ას და შვილიშვილს - დ. თ-ას ჩამოართვა დევნილის სტატუსი. პალატის მითითებით, 2018 წლის 24 მაისს, მ. კ-ამ განცხადებით მიმართა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას და 1993 წლის 30 სექტემბრამდე გალის რაიონის სოფელ ...ში მისი მუდმივად ცხოვრების თაობაზე ცნობის გაცემა მოითხოვა. აღნიშნულის დასადასტურებლად წარდგენილი იქნენ მოწმეები. მ. კ-ასთან და მოწმეებთან გასაუბრებისას, ასევე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 2018 წლის 25 მაისს გაიცა ცნობა - №01-34/411, რომ მ. კ-ა დაბადებიდან ანუ ... წლიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ...ში შვილებთან - ხ. ს-ასთან და მ. ს-ასთან ერთად. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის მიერ გაცემულია სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ, თუმცა პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილი იყო 2016 წლის 22 დეკემბერს დამოწმებული სანოტარო აქტი, სადაც მ. კ-ას მეზობლებმა განაცხადეს, რომ მ. კ-ა დაბადებიდან დევნილობამდე, ანუ 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა მისამართზე - გალის რაიონის სოფელ ...ში, მათ შორის დაოჯახებიდან - 1991 წლიდან 1993 წლამდე აწ უკვე ყოფილ მეუღლესთან - მ. ს-ასთან და შვილებთან ხ. და მ. ს-ებთან ერთად. მას დევნილობამდე არასოდეს შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი, რაც დაადასტურეს ხელმოწერით და რაც არ განუხილავს და არ შეუფასებია თავის დროზე ადმინისტრაციულ ორგანოს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ. კ-ა 1993 წლის სექტემბრამდე მუდმივად ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ ...ში, აგრეთვე, პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თინათინ აბლოთიას განმარტებაზე, რომ მ. კ-ა დაიბადა გალის რაიონის სოფელ ...ში, 1991 წელს გათხოვდა ...ში, თუმცა 2 კვირის შემდგომ ისევ უკან დაბრუნდა ...ში მეუღლესთან ერთად მშობლების სახლში. აფხაზეთში ცხოვრებისას მათ შეეძინათ ორი შვილი. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ იგი მ. კ-ასთან ერთად მუშაობდა 1993 წლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოები გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის 5 ივნისის წერილს, სადაც განმარტებულია, რომ 2016 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია - იყო თუ არა 1993 წლის 27 სექტემბრამდე მ. კ-ა, გალის რაიონის სოფ. ...ის მუდმივად მაცხოვრებელი პირი. აღნიშნული წარმოების დროს, მ. კ-ას დაევალა მისი მუდმივი ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა, რაც მას არ გააჩნდა, შესაბამისად სამინისტროს ეცნობა, რომ ვერ დგინდებოდა მ. კ-ას აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამავე წერილში მითითებულია, რომ 2018 წლის 24 მაისს, მ. კ-ამ განცხადებით მიმართა და 1993 წლის 30 სექტემბრამდე გალის რაიონის სოფელ ...ში მისი მუდმივად ცხოვრების თაობაზე ცნობის გაცემა მოითხოვა. აღნიშნულის დასადასტურებლად, წარდგენილი იქნა მოწმეები - მ. ყ-ა, მ. ა-ა და ი. ს-ა. მ. კ-ასთან და მოწმეებთან გასაუბრებისას, ასევე მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და 2018 წლის 25 მაისს გაიცა ცნობა №01-34/411,რომ მ. კ-ა (პ/ნ...) დაბადებიდან, ანუ ... წლიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფ, ...ში შვილებთან -ხ. ს-ასთან (პ/ნ ...) და მ. ს-ასთან (პ/ნ ...) ერთად. კასატორი მიუთითებს, რომ ხსენებული წერილი გაცემულია სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ, მ. კ-ას მიმართვის საფუძველზე და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, შესაბამისად მას შეფასებაც ვერ მიეცემოდა, როგორც წარმოების მასალებში არსებულ მტკიცებულებას. კასატორის მოსაზრებით, არამართებულია სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ერთობლიობაში არ შეუფასებია და არ გამოუკვლევია სრულყოფილად საკითხი. აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორედ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მ. კ-ასთან გასაუბრების მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მ. კ-ა დაოჯახების შემდეგ აღარ ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და იგი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ...ის რაიონში. რაც შეეხება აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წერილს, მასში განმარტებული იყო, რომ წარმომადგენლობაში არ ინახებოდა არავითარი დოკუმენტაცია, რაც კიდევ უფრო ამყარებდა და ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახი არ იყვნენ აფხაზეთის ტერიტორიის მუდმივი მაცხოვრებლები. ყოველივე ზემოაღნიშნული კი აისახა სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილებაში.

კასატორის განმარტებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობიდან მიღებული №61476/01 წერილის და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით სამინისტრომ მიიჩნია, რომ მ. კ-ა დაოჯახების შემდეგ, 1991 წლიდან ცხოვრობდა ...ში მეუღლესთან ერთად და არა გალის რაიონ სოფ. ...ში. 1991 წლიდან სოფ. ...ში იგი აღარ მუშაობდა. მისი შვილები ... და ... წლებში დაიბადნენ ...ში. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა 1993 წლამდე სოფ. ...ში მოსარჩელეთა მუდმივი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. შესაბამისად სამინისტრომ მიიჩნია, რომ მ. კ-ასთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. კ-ა დაიბადა, სწავლობდა და 1991 წლამე მუშაობდა აფხაზეთში. მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძვლად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უთითებს იმ გარემოებას, რომ მ. კ-ა 1991 წელს დაოჯახდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლის სახლში - ქ. ...ში. ამასთან, მისი შვილები დაიბადნენ ქ. ...ში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის მართლზომიერების შეფასებისა და პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისათვის ერთ-ერთი მნიშნველოვანი მტკიცებულებაა ოკუპირებული ტერიტორიის წარმომადგენლობის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა, პირის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ თავდაპირველად გაიცა ცნობა, რომ მ. კ-ასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია უწყებაში არ მოიპოვებოდა, თუმცა მ. კ-ას მიერ ორგანოსათვის ხელმეორედ მიმართვის საფუძველზე, მოსარჩელესთან და მოწმეებთან გასაუბრების, ასევე მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 2018 წლის 25 მაისს გაიცა ცნობა - №01-34/411, რომ მ. კ-ა დაბადებიდან ანუ ... წლიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ...ში შვილებთან - ხ. ს-ასთან და მ. ს-ასთან ერთად. აღნიშნული დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლში მოწმის სახით დაკითხულმა პირმა. ამასთან, მ. კ-ას შვილების ქ. ...ში დაბადების ფაქტი, თავისთავად არ გამორიცხავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჯახის მუდმივად ცხოვრების ფაქტს, ხოლო სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელეთა ოჯახის ქ. ...ში მუდმივად ცხოვრებას ადასტურებს, არ წარმოდგენილა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე