ბს-1203(კ-20) 31 მარტი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. მ-მა 27.02.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 08.02.2018წ. N340 ბრძანების ბათილად ცნობა და ზ. მ-ისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.04.2018 წ. გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 08.02.2018 წ. N340 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საცხოვრებელი ფართით ზ. მ-ის უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. განჩინებით სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.04.2018წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 08.02.2018 წ. N340 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. მ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვითაც ზ. მ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზედაც გაცემულია დევნილის მოწმობა, ზ. მ-მა 27.01.2017წ. შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, სამინისტრომ მოსარჩელის დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 5.5 ქულა. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით დადგენილია, რომ ზ. მ-ი ცხოვრობს მარტო და არის პენსიონერი. სამინისტროს გადაწყვეტილებით ზ. მ-ს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის საჭიროების არ ქონის გამო. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით. სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ-ს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. მ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმას საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ზ. მ-ის ოჯახი ცხოვრობს ნათესავთან (სიძესთან), არ წარმოადგენს მისთვის იმ მომენტისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში როდესაც მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მას კონფლიქტი აქვს თავის ყოფილ სიძესთან და სურს ცალკე ცხოვრება, სხვა საცხოვრებელი კი არ გააჩნია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის თავშესაფრის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019წ. გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი მართლზომიერია, მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ დარღვეულა კანონი. კასატორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სრულიად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, არ გამხდარა სასამართლოს სათანადო მსჯელობისა და შეფასების საგანი, რამდენადაც სასამართლოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა ამ ფაქტობრივ მოცემულობაში სამინისტროს უარის საფუძვლები. კასატორმა აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცედურების განხორციელების დროს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამინისტრო/მინისტრი ვალდებულია, განსახლების ყოველ კონკრეტულ ეტაპზე, გამოავლინოს საცხოვრებლის არ მქონე ყველაზე შეჭირვებული ოჯახი, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ და არც ხელი მიუწვდებათ სხვა რაიმე დროებით თავშესაფარზე. საცხოვრებელი ფართების მიღების მსურველ დევნილ მოსახლეობასა და ამ კუთხით სახელმწიფოს შესაძლებლობებს შორის იმდენად დიდი შეუსაბამობაა, რომ გარდაუვალ აუცილებლობად დგება საცხოვრებლის მიღების სურვილის მქონე დევნილ ოჯახთა შორის უკიდურესი საჭიროების მქონე პირების გამოვლენა. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის წლების განმავლობაში უსასყიდლოდ ცხოვრება მისთვის დათმობილ საცხოვრებელ ფართში დადგენილია და შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ იგი წარმოადგენს თავშესაფრის არმქონეს, არ შეესაბამება რეალობას. სამინისტრო/სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე იმ მიზნით უარყოფს ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობას, რომ უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი ფართი, ასეთი შემთხვევები მრავლადაა და სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში და ბინა გადასცეს რეალური საჭიროების მქონე პირს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.12.2020წ. განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე - ზ. მ-ი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ზ. მ-მა 27.01.2017წ. შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმით დადგენილია, რომ ზ. მ-ი ცხოვრობს მარტო და არის პენსიონერი. 20.12.2017წ. სხდომაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხზე, კომისიის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მას იმ მოტივით, რომ მოცემულ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 03.02.2014წ. N382 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებით“ განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება, განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე, დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა, ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ჩატარდა 2017 წლის მაის-დეკემბრის თვეებში და რომლითაც დადგინდა, რომ ზ. მ-ი ცხოვრობდა სიძის საკუთრებაში არსებულ ფართში ქირის გარეშე. სასამართლო, მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზ. მ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმას საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ზ. მ-ის ოჯახი ცხოვრობს ნათესავთან (სიძესთან), არ წარმოადგენს მისთვის იმ მომენტისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მას კონფლიქტი აქვს თავის ყოფილ სიძესთან და სურს ცალკე ცხოვრება, სხვა საცხოვრებელი კი არ გააჩნია.
მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ მოსარჩელე არის თავშესაფრის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დგინდება ზ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2019 წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე