Facebook Twitter

№ბს-592(კ-20) 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შ. შ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. შ-მა 2018 წლის 1 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის №03-01/03/412 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და ამავე სამინისტროს 2018 წლის 9 მარტის №05-01/06/7551 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის, კანონით დადგენილ ვადაში, მისი განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 იანვრის №03-01/03/412 გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 9 მარტის №05-01/06/7551 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შ. შ-ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკითხის გამოკვლევისას შედგენილი გასაუბრებისა და გადამოწმების ოქმებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ შ. შ-ი მიიჩნეოდა სტიქიით დაზარალებულ ადგილას მუდმივ მაცხოვრებლად, იგი დროებით, იმჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე ცხოვრობდა ქ. ქუთაისში ძმასთან, ხოლო ...ში ყოფნისას სხვა ნათესავთან. ამასთან, მისი მეუღლე და შვილები იმჟამინდელი საჭიროების გათვალისწინებით სარგებლობდნენ შ. შ-ის მეუღლის - თ. კ-ის მშობლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია, რომ შ. შ-ის ოჯახის მიერ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ქმნიდა განსახლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტებით ირკვეოდა, რომ ...ის რაიონში სოფელ ...ში მოსარჩელის ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების „1“ კატეგორია. აღნიშნული სახლის დაზიანება განაპირობა სტიქიურმა მოვლენამ (მეწყერმა). ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დგინდებოდა, რომ შ. შ-ი ძირითადად ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, ძმის სახლში; ასევე ...ის მუნიციპალიტეტში ნათესავთან, ხოლო მეუღლე და შვილები მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №8-ში, მეუღლის მშობლების საკუთრებაში არსებულ სახლში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. მოცემული მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმებს (დანართი №3) წარმოადგენდა: საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიები, სოციალური კრიტერიუმები და სხვა კრიტერიუმი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შ. შ-ის ოჯახს 2016 წლის 13 ივნისს „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“ შევსებული განაცხადის დამუშავების შედეგად მიენიჭა წინასწარი 17 ქულა, მათ შორის საცხოვრებელი სახლის დაზიანებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულა 10 - კატეგორია 1, რაც გულისხმობდა, რომ სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი), გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას. შ. შ-ის ოჯახს სოციალური კრიტერიუმის მიხედვით მიენიჭა 1 ქულა - ოჯახის წევრის მნიშვნელოვნად (1 ქულა) გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით, ხოლო სხვა კრიტერიუმის მიხედვით ოჯახს მიენიჭა მაქსიმალური - 6 ქულა სხვა საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში უქონლობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 9 მარტის №05-01/06/7551 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანახმად, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ. შ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დგინდებოდა, რომ იმ აქტის გამოცემის პერიოდისთვის, შ. შ-ი ძირითადად ცხოვრობდა ქუთაისში მისი ძმის სახლში, ხოლო მისი მეუღლე და შვილები მუდმივად ცხოვრობდნენ თბილისში, ...ის ქ. №8-ში, შ. შ-ის მეუღლის მშობლის საკუთრებაში არსებულ სახლში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში შ. შ-ს მისი ოჯახის გადაუდებელ განსახლებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ მის ოჯახს შეუზღუდავად შეეძლო ესარგებლა ქ. თბილისში ...ის ქუჩა №8-ში მდებარე შ. შ-ის მეუღლის დედის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი და არ დასტურდება, უშუალოდ შ. შ-ის ოჯახის რომელიმე წევრის, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის), მიერ საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში ქონის ფაქტი. საქმეზე დადგენილია, რომ შ. შ-ი მიიჩნეოდა სტიქიით დაზარალებულ ადგილას მუდმივ მაცხოვრებლად, იგი დროებით, იმჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე ცხოვრობდა ქ. ქუთაისში ძმასთან, ხოლო ...ში ყოფნისას სხვა ნათესავთან. ამასთან, მისი მეუღლე და შვილები იმჟამინდელი საჭიროების გათვალისწინებით სარგებლობდნენ შ. შ-ის მეუღლის - თ. კ-ის მშობლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა, სადავო პერიოდში არ გამორიცხავდა შ. შ-ის ოჯახის უფლებას, როგორც ეკომიგრანტი ოჯახი განსახლებული ყოფილიყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით გათვალისწინებული წესით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები სარგებლობენ სხვისი საკუთრებით, ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, სადავო პერიოდში არ ქმნიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე