Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

№ბ-232-2(ა-21) 10 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის №ბს-1593-8(ა-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ე. წ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ბ-232-21 და 2 მარტის №ბ-277-21 განცხადებების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 19 ნოემბერს ე. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბ. ბ-ის მიერ 12000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენის მამტკიცებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მიწის შეძენის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ბათილად ცნობა, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სოფელ ...ას ...ის სანიტარული დაცვის ზონების მოწყობის (დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა) დავალება და შპს ,,...ის’’ დამფუძნებლის - ბ. ბ-ის 1,2 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ბათილად ცნობისთანავე განმეორებითი პრივატიზების აკრძალვა.

2015 წლის 5 იანვარს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით ე. წ-მა მოპასუხეებად მიუთითა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, შპს ,,ს...ი“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ბ. ბ-ე, სს ,,ე...ა’’ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ჭიათურის მომსახურების ცენტრი, შპს ,,ჯ...ი’’ - ...ი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოპასუხეებად მიუთითა: შპს ,,...ი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირებად - ს/ს ,,ე...ა“ და შპს ,,ჯ...ი“.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით 2002 წლის 19 თებერვლის №58/220ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2003 წლის 19 აგვისტოს უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის (საკადასტრო კოდით: №...), 1999 წლის 7 ოქტომბრის №220 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1999 წლის 17 სექტემბრის №126 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სოფელ ...ას ...ისათვის 2 აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელის) მოწყობისა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით ე. წ-ის მიერ 2016 წლის 12 იანვარს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხეების- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,ჯე...ის’’ მიმართ, 2009 წლის 17 ივნისის №1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში; ე. წ-ის (წარმომადგენლი გ. ბ-ე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა სოფელ ...ას ...ისათვის აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელი) მოწყობა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. წ-მა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ე. წ-ისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება - ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სოფელ ...ას ...ისათვის აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელი) მოწყობისა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფის დავალების ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. წ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ე. წ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება.

2020 წლის 3 დეკემბერს გ. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებით და განახლდეს აღნიშნული საქმის წარმოება. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამართლეების: ქეთევან ცინცაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველი.

2021 წლის 24 თებერვალსა და 2 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართა ე. წ-მა, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამართლეების: ნინო ქადაგიძის, ქეთევან ცინცაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ე. წ-ის განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადებები განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

განსახილევლ შემთხვევაში კი, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ მოტივით, რომ სასამართლო შემადგენლობამ განიხილა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, ვინაიდან გ. ბ-ე არ იყო ადვოკატი და სასამართლოს არ ჰქონდა უფლება განეხილა გ. ბ-ის განცხადება, შესაბამისად, მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე და ქეთევან ცინცაძე აცილებულ უნდა იქნენ საქმის განსახილვისგან და საქმე განსხილველად უნდა გადაეცეს სხვა შემადგენლობას. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ამ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს მიერ დატოვებულ იქნა განხულველად და მისი განხულველად დატოვების ერთ-ერთ საფუძველს სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ განმცხადებელი გ. ბ-ე ადმინისტრაციულ საქმეში №ბს-239(2კ-უს-კს-20) არ წარმოადგენდა მხარეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებებზე, რადგან საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის №ბს-1593-8(ა-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ე. წ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ბ-232-21 და 2 მარტის №ბ-277-21 განცხადებები განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. წ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ბ-232-21 და 2 მარტის №ბ-277-21 განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის №ბს-1593-8(ა-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე