Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-282(კ-21) 16 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.4 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებაზე

რ. ჩ-მ 15.11.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ნ. გ-ასთვის ჯარიმის ან გამასწორებელი სამუშაოების დაკისრება, ასევე ბილაინისთვის ერთი მილიონის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2019წ. განჩინებით რ. ჩ-ს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედნის წარმოდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2019წ. განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებაზე რ. ჩ-მ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.1-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2019წ განჩინებით რ. ჩ-ს სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად მიეცა ათი დღის ვადა. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტით დადგენილია, რომ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლება. 16.12.2019წ. რ. ჩ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.02.2020წ განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ს 364-ე, 414.1-ე და 447.1-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ კანონი არ ითვალისწინებს მოცემულ საკითხზე სააპელაციო ან კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, რის გამოც რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს 03.02.2020წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით მხარეს განემარტა, რომ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხევაში მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებით მხარეს ფორმალურად მიეცა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა მხოლოდ სასამართლოს განმარტება, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე მხარეს ვერ აღჭურავს გასაჩივრების უფლებამოსილებით. სსკ-ს 374.1 მუხლი ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ რ. ჩ- სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლითაც მას დაევალა გარკვეული პროცესუალური მოქმედებების შესრულება. ხარვეზის შესახებ განჩინება თავისი არსით არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ კონკრეტული სამართალურთიერთობის შესახებ მიღებულ საბოლოო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, რომელზეც შესაძლებელი იქნება სააპელაციო ან კერძო საჩივრის შეტანა სსკ-ს 364-ე, 414.1-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნულს ადასტურებს ასევე გასაჩივრებული განჩინების (საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.11.2019წ საქმე N3/8705-19) სარეზოლუციო ნაწილიც. მოცემულ შემთხვევაში რ. ჩ-ს მიერ დაუშვებელი იყო ხარვეზის შესახებ განჩინების სააპელაციო წესით გაასაჩივრება, ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინების არც სააპელაციო და არც კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა. რ.ჩ-ს მიერ მოთხოვნილია ისეთი განჩინების (სარჩელზე ხარვეზის დადგენის შესახებ) გაუქმება, რომლის კანონიერების შემოწმებაც საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება დამოუკიდებლად არ საჩივრდება, მით უფრო საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოცემული განჩინების კანონიერება. ამდენად, მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ წარდგენილი საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 364-ე, 391.1-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებაზე რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე