საქმე #ბ-531-2 (ბ-21) 29 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ი. ა-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2021წ. Nბს-1295(2კ-20) განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ა-ამ 09.03.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე გ. ე-ის მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხედ დასახელდა ქ. თბილისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრი, ხოლო მოსარჩელედ დამატებით მიეთითა ვ. ა-ი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს 20.02.2020წ. ოჯახის N... საიდენტიფიკაციო კოდზე 06.02.2020წ. ერთწლიანი შეზღუდვით შევსებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ბათილად ცნობა, ვ. ა-ის სოციალური დახმარების ცალკე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა, სოციალური დახმარების აღდგენა, სამი თვის მიუღებელი სოციალური დახმარების ანაზღაურება, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, კომუნალური გადასახადების სათანადოდ შედგენილი ქვითრების გაცემა, კომუნალური გადასახადების - 116 ლარის ხუთი თვით გადატანა, მორალური და მატერიალური ზიანის - 600 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.07.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ა-ასა და ვ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2020წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.07.2020წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 21.02.2020წ. გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრს დაევალა ი. ა-ასა და ვ. ა-ის ოჯახის ხელახალი გადამოწმება და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ა-ას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2021წ. განჩინებით ი. ა-ას და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
14.04.2021წ. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ი. ა-ამ, სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2021წ. Nბს-1295(2კ-20) განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატაში წარდგენილ მის შუამდგომლობებთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებებში პალატის შემადგენლობაში მითითებული იყვნენ მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, მ. ვაჩაძე და ქ. ცინცაძე, ხოლო საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება გამოტანილ იქნა მოსამართლეების: ნ. სხირტლაძის, ნ. ქადაგიძისა და ქ. ცინცაძის მიერ. განმცხადებელი თვლის, რომ აღნიშნულით დასტურდება საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინების გამოტანა სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, რადგან მოსამართლე მ. ვაჩაძის მაგივრად განჩინებას ხელს აწერს მოსამართლე ნ. ქადაგიძე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე ახალი განჩინების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422-ე მუხ.) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსკ-ის 423-ე მუხ.) განცხადების წანამძღვრები. სსკ-ის 422.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საქმის წარმოებაში მოსამართლის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები ნორმატიულად განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-31-ე მუხლებით. აღნიშნულ ნორმებში მითითებულია მოსამართლის აცილების საფუძვლები, როგორებიცაა, მაგ.: მოსამართლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, მხარესთან ნათესაური კავშირის ქონა და სხვ.. ი. ა-ა ვერ უთითებს მოსამართლე ნ. ქადაგიძის აცილების, საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის დაუშვებლობის რაიმე ნორმატიული საფუძვლის არსებობაზე. მხოლოდ ის გარემოება, რომ საკასაციო პალატაში ი. ა-ას მიერ წარდგენილი, მტკიცებულებათა გამოთხოვისა და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობების განხილვაში, აგრეთვე ი. ა-ას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ საკასაციო პალატის 25.02.2021წ. განჩინების მიღებაში კონკრეტულ მოსამართლეს მონაწილეობა არ მიუღია, არ გამორიცხავდა მის მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას. მსგავს ნორმატიულ აკრძალვას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სსკ-ის 430.2 მუხლის მიხედვით, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ა-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2021წ. განჩინების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 423-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ა-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2021წ. Nბს-1295(2კ-20) განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ქ. ცინცაძე