№ბ-553-4 (გან-21) 21 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის №ბს-279(კ-20) გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 23 მარტს ნ. ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ნ. ლ-ასთვის 1994 წლის 09 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე და 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე წელთა ნამსახურობის დაანგარიშებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J – 1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2018 წლის 05 თებერვლის MOD31800115175 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელეს მითითებული სადავო პერიოდი წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებოდა, შემდგომი კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ნ. ლ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხის მიმართ ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ, ნ. ლ-ასთვის 1994 წლის 09 სექტემბრიდან 1995 წლის 17 მაისამდე და 2004 წლის 27 დეკემბრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე ნამსახურობის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა მოითხოვა. ამასთან, 2019 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ნ. ლ-ასთვის 1996 წლის 3 იანვრიდან 1996 წლის 1 სექტემბრამდე ქ. სოხუმის შ/ჯ ბატალიონში ნამსახურობის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ამ. აპელანტმა - ნ. ლ-ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ. ლ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის №ბს-279(კ-20) გადაწყვეტილებით ნ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნ. ლ-ას სასარგებლოდ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის მიზნით, ნ. ლ-ას ნამსახურობის პერიოდის 20 კალენდარული წლით განსაზღვრა დაევალა.
2021 წლის 15 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მსჯელობა ქმნის სამართლებრივ პრობლემას, რომელმაც შეიძლება მიიღოს პრეცენდენტული ხასიათი ანალოგიურ (და არა მხოლოდ ანალოგიურ) დავებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის №ბს-279(კ-20) გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების ინსტიტუტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაურკვევლობა ქმნის მისი რეალიზაციის სირთულეს და წარმოშობს აღსრულების გაურკვევლობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები - №ბს-752-752(კს-18); №ბს-1368(კს-19); №ბს-309(2კს-20)).
კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებლის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ეხება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილ მსჯელობას. კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ოფიცრის კადრების განკარგულებაში ყოფნის ცნებას და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, „კადრის სამხედრო სამსახურის“ და „კადრების განკარგულების“ გაიგივება იწვევს სამართლებრივ პრობლემას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის №ბს-279(კ-20) გადაწყვეტილების არა სარეზოლუციო, არამედ სამოტივაციო ნაწილს და რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების კრიტიკას, რაც არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი მსჯელობა, ეხება კასატორ ნ. ლ-ას კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის სამხედრო სამსახურში წელთა ნამსახურობაში ჩათვლის საკითხს, რომლის დაკმაყოფილების საფუძვლიანობა განპირობებული იყო ორი უდავოდ დადასტურებული ფაქტის ერთობლიობით, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებითა და ნოდარ ლუკავას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების არარსებობით, ხოლო რაც შეეხება, განმცხადებლის მითითებას, „კადრის სამხედრო სამსახურის“ და „კადრების განკარგულების“ გაიგივების შესახებ, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ცხადად და ნათლად შეიცავს განმარტებას იმის შესახებ, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ჩარიცხვის პროცედურა და ვადები რეგულირებული არ იყო, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს „კადრის სამხედრო სამსახურის“ და „კადრების განკარგულების“ გაიგივების შესაძლებლობას. ამასთან, რაც შეეხება, კონკრეტული სამართლებრივ აქტებზე, მათ შორის, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესზე“ (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით) მითითებას, აღნიშნული წარმოადგენს სადავო პერიოდში მოქმედი სამართლებრივი აქტების მიმოხილვას, ხოლო ის გარემოება, რომ კონკრეტული ნორმა არ წარმოადგენდა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალური ნორმას, გამომდინარეობს საკასაციო სასამართლოს
მსჯელობიდან და მათ შორის, იმ ფაქტიდან, რომ ნ. ლ-ას სადავო პერიოდში ოფიცრის სტატუსი არ გააჩნდა და შესაბამისად, მასზე კონკრეტული წესის რეგულაციები არ ვრცელდებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ცხადი და გასაგებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის №ბს-279(კ-20) გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის №ბს-279 (კ-20) გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე