ბს-193 (კ-19) 20 აპრილი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-მა და ს. ნ-მა 17.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.03.2016წ. N491 სხდომაზე 63-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ის ქ. N47-ში მდებარე 387 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. ნ-ის და ს. ნ-ის უფლების აღიარების თაობაზე მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, მოპასუხედ მითითებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბმა ,,...“-ის თავმჯდომარე მ. გ-ი, შ. ნ-ი, თ. ნ-ი, ს. ე-ი, კ. წ-ი და ი. გ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2017წ. გადაწყვეტილებით მ. ნ-ის და ს. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.03.2016წ. N491 სხდომაზე 63-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მ. ნ-ის და ს. ნ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2018წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1950 წელს მომზადებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ. №47-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან ს. ნ-ს გააჩნდა 24 კვ.მ., მ. ნ-ს - 2/3 ნაწილი და შ. ნ-ს - 1/3 ნაწილი. სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.08.2010წ. №4138 ბრძანებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №20-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაუდგინდა წითელი ხაზები და გადაეცა ნორმატიულად მისაკუთვნებელი 3376,10 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქ. თბილისის მერიის 12.11.2012წ. №3180 განკარგულებით დაკმაყოფილდა მოქალაქე მ. ნ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.08.2010წ. №4138 ბრძანება. ქ. თბილისის მერიაში წარდგენილ მ. ნ-ის და ს. ნ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მასალას ერთვის სიტუაციური ნახაზი, რომლითაც დასტურდება ბმა „...-ის“ საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გადაფარვა მომიჯნავე, მ. ნ-ისა და ს. ნ-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.10.2013წ. N3ბ/674-13 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერის 12.11.2012წ. N3180 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 19.08.2010წ. N4138 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი წითელ ხაზებში სხვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მოქცევის საფუძვლით. სააპელაციო პალატამ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.10.2013წ. გადაწყვეტილებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ როგორც 19.08.2010წ. მდგომარეობით, ისე საქმის განხილვის დროისათვისაც სადავო მიწის ნაკვეთის მფლობელებს წარმოადგენენ მ. ნ-ი და ს. ნ-ი. მ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში საქმის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო ქ. თბილისში, ...ის ქ. N47-ში მდებარე უძრავი ქონების საინვენტარიზაციო გეგმას და მიიჩნია, რომ მ. ნ-ი წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქ. N47-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ მართლზომიერ მფლობელს. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის პირველ მუხლზე და აღნიშნა, რომ მ. ნ-ს ჰქონდა სათანადო ორგანოსთვის მიწის ნაკვეთის შემდგომში საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართვის კანონიერი საფუძველი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 23.10.2013წ. N3ბ/674-13 კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აპელანტის - ქ. თბილისის მერიის მიერ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებში მითითებულია, რომ მ. ნ-ი წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ის ქ. N47-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ მართლზომიერ მფლობელს, ვინაიდან მის სახელზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოცემული მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო 1994 წლამდე, ჯერ კიდევ 1950 წელს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში (საოქმო გადაწყვეტილებაში) მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ არ დასტურდება მოსარჩელეთა მიერ სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი, მიუთითებს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს და დადგინდეს არქიტექტურის სამსახურის 19.08.2010წ. N4138 ბრძანება კონკრეტულად რომელ უძრავ ნივთზე გავრცელდა, ამასთანავე, შესაფასებელია რამდენად წარმოადგენდა ეს ბრძანება საკუთრების უფლების მინიჭების საფუძველს. მნიშვნელოვანია მოცემული ბრძანებით განსაზღვრული ფაქტების შესწავლა, შეფასება, მისი გაუქმებით გამოწვეული მდგომარეობისა და შედეგების გამოკვლევა, მიწის ნაკვეთზე ბმა „...“-ის წითელი ხაზების დადგენასთან დაკავშირებული წარმოების დასრულება და დამდგარი შედეგები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს 19.08.2010წ. N4138 ბრძანება და ქ. თბილისის მერის 12.11.2012წ. N3180 განკარგულება, შეისწავლოს რა უფლება გაუქმდა 12.11.2012წ. N3180 განკარგულებით, ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერებში დაფიქსირებულ, მესამე პირთა საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთა სხვაობების შესწავლისას გასათვალისწინებელია, რამდენად არის მოქცეული მოსარჩელეთა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მესამე პირთა საკუთრებაში და გამოწვია თუ არა მიწის ნაკვეთის ფართობის 3376 კვ.მ.-დან 1193 კვ.მ.-მდე შემცირება წითელი ხაზების დადგენის შესახებ ბრძანების გაუქმებამ, რა გავლენას ახდენს მითითებული გარემოებები მოსარჩელეთა უფლებებზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისიის მიერ აღნიშნული ფაქტები შესწავლილი, გამოკვლეული, დადგენილი არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განთავსებულია დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავედ, საკუთრების უფლების აღიარებისათვის სავალდებულო პირობაა მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და დასტურდებოდეს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. საქმის მასალებში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერითა და მასზე თანდართული მიწის ნაკვეთის გეგმით დგინდება, რომ მ. ნ-ის და ს. ნ-ის მიერ მოთხოვნილი მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი განცხადების განხილვის ეტაპზე განთავსებული იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს ბმა ,,...“-ის საკუთრებას და არსებული მდგომარეობით წითელი ხაზები არ არის შეცვლილი. კანონის თანახმად მიწის ნაკვეთი უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ხოლო განმცხადებელთა მოთხოვნას წარმოადგენდა სხვა კერძო პირთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რაც თავისთავად გამორიცხავდა მეორე პირობას - კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორიას პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მ. ნ-ის და ს. ნ-ის მიერ მოთხოვნილი მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი განცხადების განხილვის ეტაპზე განთავსებული იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს ბმა ,,...“-ის საკუთრებას და არსებული მდგომარეობით წითელი ხაზები არ არის შეცვლილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2013წ. გადაწყვეტილებით (საქმე N3/ბ-674-13) დადგენილია, რომ სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.08.2010წ. N4138 ბრძანებით ქ. თბილისში, ...ის ქ. N20-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაუდგინდა წითელი ხაზები და გადაეცა ნორმატიულად მისაკუთვნებელი 3376,10 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 1950 წელს მომზადებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ. N47-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან ს. ნ-ს გააჩნდა 24კვ.მ., მ. ნ-ს - 2/3 ნაწილი და შ. ნ-ს - 1/3 ნაწილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული სააღრიცხვო მასალის საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის ქ. N47-ში მდებარე უძრავი ნივთი განთავსებულია 1234 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო ერთ გეგმაზე, რომლის შემსრულებელი და მომზადების თარიღი გაურკვეველია, მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია 1832 კვ.მ.. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 14.02.2005წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. ნ-ს სახლთმფლობელობიდან საკუთრების უფლებით გამოეყო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც ცალკე უფლების ობიექტად დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მიწის დანარჩენი ნაწილი (634 კვ.მ.) საკუთრებაში დარჩათ მ. ნ-ს და ს. ნ-ს. ქ. თბილისის მერიის 12.11.2012წ. N3180 განკარგულებით დაკმაყოფილდა მ. ნ-ის ადმინისტრაცილი საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.08.2010წ. N4138 ბრძანება იმ საფუძლით, რომ წითელ ხაზებში მოექცა სხვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. ქ. თბილისის მერიაში წარდგენილ მ. ნ-ის და ს. ნ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების მასალას ერთვის სიტუაციური ნახაზი, რომლითაც დასტურდება ბმა ,,...“-ის საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) გადაფარვა მომიჯნავე მ. ნ-ის და ს. ნ-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო ქ. თბილისში, ...ის ქ. N47-ში მდებარე უძრავი ქონების საინვენტარიზაციო გეგმას და მიიჩნია, რომ მ. ნ-ი წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქ. N47-ში მდებარე სადავო ნაკვეთის ერთ-ერთ მართლზომიერ მფლობელს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2013წ. (საქმე N3/ბ-674/13წ.) გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიისა და მ. ნ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.2013წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის 12.11.2012წ. N3180 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამ დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია საინვენტარიზავციო გეგმა, რომელიც დაცულია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში, თუმცა გაურკვეველია მისი შემსრულებელი და მომზადების თარიღი. მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ იძლევა შესაბამისი დასკვნის გაკეთების საფუძველს, კერძოდ, წარმოადგენს თუ არა მ. ნ-ის მიერ მითითებული საინვენტარიზაციო გეგმა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. N525 ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც შეიძლება განხორციელდეს მართლზომიერი მფლობელობით საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული მტკიცებულება უნდა შეფასდეს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის არქივის მიერ სადავო ქონებაზე გაცემულ ცნობა-დახასიათებასთან ერთად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ნ-ის მიერ საინვენტარიზაციო გეგმაზე მიუთითებლობის შემთხვევაშიც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. ნ-ი სადავო ნაკვეთის მფლობელია და იგი მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ პუნქტის შესაბამისად, მ. ნ-ი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს. შესაბამისად, მ. ნ-ს გააჩნდა ქ. თბილსიის არქიტექტურის სამსხურის 19.08.2010წ. N4138 ბრძანების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან ამ აქტით ბმა ,,...“-ის წითელ ხაზებში მოექცა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 12.06.2015წ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართეს მ. ნ-მა და ს. ნ-მა და მოითხოვეს მათ საკუთრებაში ქ. თბილისში, ...ის ქ. N47-ში (ს/კ ...) მდებარე მიწის ნაკვეთის მომიჯნავე 387 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.03.2016წ. N491 ოქმის 63-ე საკითხის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვათ უარი, ვინაიდან არ დადასტურდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.09.2015წ. გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე 16.06.2015წ. მ. ნ-მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 22.06.2015წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ დამატებით წარსადგენია საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 17.07.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მ. ნ-მა, რაზეც 21.09.2015წ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილების 1.8 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მერიის 12.11.2012წ. N3186 განაკრგულებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს (საქმე N3/ბ-674/13წ.) გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის ქ. N20-ში მდებარე ნივთის (ს/კ ...) დაზუსტებული საზღვარი გაუქმდა და ამონაწერის განყოფილებაში აისახა დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის განმარტება იმის შესახებ, რომ განმცხადებელთა მოთხოვნას წარმოადგენდა სხვა კერძო პირთა საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ვინაიდან ქ. თბილისის მერიის 12.11.2012წ. N3180 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 19.08.2010წ. N4138 ბრძანება (წითელის ხაზების დადგენის შესახებ), საქმის მასალებში დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 24.03.2015წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ...ის ქ. N20-ში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და 21.03.2016წ. მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ქ. თბილისში, ...ის ქ. N20-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი დაუზუსტებელი მონაცემებით შეადგენს 1193 კვ.მ.-ს. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კასატორის აღნიშნული პრეტენზია საფუძველს არის მოკლებული და არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პირობას.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. კომისია ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არ დგინდება განმცხადებლების მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი, საქმის გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევაზე მიუთითებს. ვინაიდან გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისა და შეფასების გარეშე, არსებობს მისი ბათილად ცნობის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა განცხადების შემოწმებისას მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.11.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე