თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ. ტ-ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის 3 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ნ. ტ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 18633,08 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს დათქმულ დროს წარუდგინოს სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შედეგად შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის პირობებში, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული და გრანტის მიმღების მიერ არამიზნობრივად გახარჯული/აუთვისებელი თანხა.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, არასწორია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის 2015 წლის აგვისტოდან ათვლა, ვინაიდან ...ის უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განყოფილების წარმომადგენლის 2016 წლის 24 ნოემბრის წერილის მიხედვით, ნ. ტ-ეს სადოქტორო პროგრამაზე მუშაობა 2015 წელს არ დაუსრულებია, ამ პერიოდში იგი კვლავ სწავლობდა უნივერსიტეტის მე-14 სემესტრში და განაგრძობდა დისერტაციაზე მუშაობას. შესაბამისად, სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის დაცვით.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო ნ. ტ-ისათვის გრანტის სახით გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით; ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პასუხს აგებს პირი, რომელიც გრანტის სახით გადაცემულ თანხას გამოიყენებს არამიზნობრივად და დონორთან შეთანხმების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ. ტ-ე სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში. მხარეებს შორის დაიდო გრანტის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა არსებითი პირობები, მათ შორის, აღნიშნული ხელშეკრულებით გრანტის მიმღებს დაევალა სწავლის დასრულების შემდეგ, ...ის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შედეგად შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტის გრანტის გამცემისათვის წარდგენა. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულებით, გრანტის არამიზნობრივად გამოყენების, დაფინანსების სრულად აუთვისებლობის ან შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, განისაზღვრა გრანტის მიმღების მიერ დაფინანსების შედეგად გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ გრანტის სახით გადაცემული თანხა გამოყენებულია ...ის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით. გრანტის მიმღების მიერ აღნიშნული თანხის პირადი მიზნებისთვის გამოყენება არ დასტურდება. სადოქტორო ნაშრომის დაცვა და შესაბამისად - დიპლომის მიღება კი, ნ. ტ-ემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა. მიუხედავად მისი მცდელობისა, ეპოვნა სხვა ხელმძღვანელი სადოქტორო თემის დასაცავად, აღნიშნული შეუძლებელი გახდა. მოცემულ გარემოებას ასევე ადასტურებს ...ის უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ნ. ტ-ისათვის შეუძლებელი გახდა სადოქტორო სწავლების დასრულება მისი დისერტაციის ხელმძღვანელის - ფ. კ-ის უეცარი ავადმყოფობის გამო (პროფესორმა სამსახური დატოვა). ხოლო პროექტი ექსკლუზიურად შექმნილია პროფესორის - ფ. კ-ის კვლევაზე, რის გამოც ნ. ტ-ე იძულებული გახდა დაეტოვებინა უნივერსიტეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადგილი არ აქვს ნ. ტ-ის მხრიდან ხელშეკრულების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევას, ასევე არ დასტურდება მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულების ფაქტი. შესაბამისად, ნ. ტ-ისთვის გრანტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო გრანტის სახით გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების წინაპირობები არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაში უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს თავისი მოთხოვნის იძულებითი რეალიზაცია, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეიძლება მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც კანონმდებელი უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას. თავისი ბუნებით ვადა იურიდიული ფაქტია, რომლის დადგომა ან გასვლა იწვევს უფლებისა და ვალდებულების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №352-352(კ-18)). სასამართლოსთვის ხანდაზმულობის ვადის გაცდენით მიმართვა ქმნის სარჩელის უარყოფის საფუძველს. კანონმდებელი სხვადასხვა მოთხოვნისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის განსხვავებულ ვადებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2014-2015 სასწავლო წლის სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად. შესაბამისად, სასწავლო წელი უნდა დასრულებულიყო და დიპლომი გრანტის გამცემისათვის წარდგენილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2015 წლის აგვისტოში, რაც ვერ განხორციელდა. ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მომენტიდან, ხოლო მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2018 წლის ოქტომბერში, რაც ხანდაზმულობის გამო, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებითი საფუძველია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის №ბს-136-136(კ-18), 2019 წლის 19 თებერვლის №ბს-1565(კ-18), 2020 წლის 22 ოქტომბრის №ბს-302(კ-19) განჩინებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე