საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-301(2კ-21) 22 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.4 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2021წ. განჩინებაზე
რ. ჩ-მ 05.03.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.03.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს დაუდგინდა ხარვეზი, 26.10.2020წ. განჩინებით მოსარჩელეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და განემარტა, რომ განჩინების გასაჩივრება შეიძლებოდა კერძო საჩივრით. აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ.ჩ-მ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და დაუდგინდა ხარვეზი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2020წ. განჩინებით რ. ჩ-ს კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რ. ჩ-ს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჩ-მ. საკასაციო პალატის 20.04.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
24.02.2021წ. რ. ჩ-ს მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა მეორე სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.11.2021წ. განჩინებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად და დატოვებულ იქნა განუხილველად ვადის დარღვევით წარდგენის გამო. ამასთანავე აღინიშნა, რომ ანალოგიური შინაარსის კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 30.12.2020წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული, შესაბამისად, საჩივარი განმეორებით იყო წარდგენილი, რაც მისი დაშვების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2021წ. განჩინებაზე რ. ჩ-მ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 419.3 მუხლის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება რ. ჩ-მ განმეორებით გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომელიც რეალურად იყო კერძო საჩივარი, რადგან სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება საჩივრდება სწორედ კერძო საჩივრით (სსკ-ის 447.1 მუხ.). რ. ჩ-ს კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის მიერ განუხილველად იქნა დატოვებული განმეორებით წარდგენისა და ვადის დარღვევით შეტანის გამო, ამასთანავე, რ. ჩ-ს განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინადან რ. ჩ-ს მიერ გასაჩივრებულია ის განჩინება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2021წ. განჩინებაზე რ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე