საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1269(კ-20) 1 აპრილი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ. რ-ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016 წლის 10 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის ნ. რ-ის მიმართ და მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საგრანტო თანხის - 25260 ლარის უკან დაბრუნების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება. 2020 წლის 23 ივლისის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ. რ-ს 2011 წლის 28 ივნისის გრანტის შესახებ ხელშეკრულებით განესაზღვრა გრანტის თანხის მიზნობრივად გამოყენება და სწავლის დასრულების შემდეგ, ...ს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება. ამავე ხელშეკრულებით გრანტის გამცემს მიენიჭა გრანტის მიმღების მიერ თანხის ხარჯვის მონიტორინგის უფლებამოსილება. გრანტის თანხა გაიცა აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნით, რომლის მიღება შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ სწავლების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით (დიპლომით). ნ. რ-ს კი ასეთი დოკუმენტი არ წარუდგენია, რაც კასატორის მოსაზრებით, თანხის არამიზნობრივად გახარჯულად მიჩნევისა და უკან დაბრუნების მოთხოვნის საფუძველს ქმნის. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაცვით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს ნ. რ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საგრანტო თანხის - 25260 ლარის უკან დაბრუნება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2011 წლის 28 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნ. რ-ს შორის საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით, დაიდო გრანტის შესახებ №321405/2011/44 ხელშეკრულება (2011-2012 აკადემიური წლისთვის), რომლითაც გაინსაზღვრა მოპასუხის მხრიდან გრანტის თანხის მიზნობრივად გამოყენების, სწავლის დასრულების შემდეგ კი - ...ს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებული იყო, გრანტის გამცემისთვის დაებრუნებინა მის მიერ არამიზნობრივად გახარჯული თანხა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ სწავლის საფასური გადარიცხა შესაბამისი უნივიერსიტეტის ანგარიშზე, თუმცა ნ. რ-მა შემდეგი სემესტრის საფასურის გადაუხდელობის გამო სწავლა ვერ დაასრულა. ამრიგად, თანხის არამიზნობრივად გამოყენება არ დასტურდება, თუმცა სწავლის დასრულება მოსარჩელემ სხვა ობიერქტური მიზეზების გამო ვერ შეძლო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, სამინისტროსა და ნ. რ-ს შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულება 2011 წელს დაიდო და იგი შეეხებოდა 2011-2012 სასწავლო წელს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს სწორედ ამ პერიოდიდან. ამრიგად, სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით (2016 წელს), რაც ასევე ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის №ბს-136-136(კ-18), 2019 წლის 19 თებერვლის №ბს-1565(კ-18), 2020 წლის 22 ოქტომბრის №ბს-302(კ-19) განჩინებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე