საქმე №ბს-1148(კს-20) 25 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ა. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 29 აგვისტოს ა. ღ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება (უმუშევრად დარეგისტრირება) და ასევე 6 თვის კომპენსაციის – 120 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ღ-მა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. ა. ღ-მა ასევე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმეში სს „...ის“ მესამე პირად ჩართვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება 2008 წლის 7 აპრილის სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება სს „...ის“ საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება ა. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2008 წლის 18 აპრილის განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
2009 წლის 16 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 8 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2009 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 20 მაისს ა. ღ-მა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილისა და 13 მაისის განჩინებები.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინების გაუქმება და მისი განცხადების არსებითად განხილვა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვიტოს განჩინება.
ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვიტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ლეილა მამულაშვილის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვიტოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებების გაუქმება და მისი განცხადების დასაშვებად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება.
2012 წლის 23 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2012 წლის 10 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება.
2013 წლის 9 იანვარს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის ა. ღ-ის განცხადების დასაშვებად ცნობის და განცხადების არსებითი განხილვის დავალება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინება.
2013 წლის 22 ივლისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება.
2014 წლის 18 თებერვალს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება.
2015 წლის 21 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება.
2016 წლის 4 ივლისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინება.
2018 წლის 13 აგვისტოს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინება.
2019 წლის 18 ოქტომბერს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ა. ღ-ი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ დავის განხილვისას სს ,,...იდან“ არ ყოფილა გამოთხოვილი მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება. პალატის მითითებით, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აღნიშნული საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ა. ღ-ი არაერთგზის უთითებდა მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა დროს წარდგენილ განცხადებებში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებელს აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში განცხადების შეტანამდე რამდენიმე წლით ადრე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ა. ღ-ის განცხადებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ არაერთხელ იმსჯელა სასამართლომ, შესაბამისად, იმავე საფუძვლებით წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩენილიყო განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ამდენად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლებას მხოლოდ იმ საქმეებზე უშვებს, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. პალატამ აღნიშნა, რომ დაუშვებელია იმ სახის განჩინებაზე ბათილად ცნობის ან საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარდგენა, რომლითაც საქმის წარმოება არსებითად არ დასრულებულა. პალატის მითითებით, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, საქმეზე წარმოება არსებითად არ დასრულებულა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა წარდგენილ განცხადებაზე, რადგან საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მხოლოდ იმ საქმეებზე რომელზეც საქმის წარმოება არსებითად დასრულდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი.
პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. ღ-ის საბოლოო მიზანს წარმოადგენს მის სარჩელზე საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილება, რაც განმცხადებლის მოსაზრებით შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინებისა და მისი წინმსწრები ყველა განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად იმ ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძვლით, რომელზედაც იგი მიუთითებდა. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ვინაიდან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად, ა. ღ-ის სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წელზე მეტია გასული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია რიგი საპროცესო ნორმები. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი საქმე ერთპიროვნულად დაეტოვებინა განუხილველად. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქმის წარმოების განახლების საფუძვლებსა და განცხადების შეტანის ვადასთან დაკავშირებით, მიუთითებს მის მიერ 2019 წლის 10 აპრილს წარდგენილ კერძო საჩივარზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად აქვს განმარტებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები და 423.3 მუხლი. 2019 წლის 10 აპრილს წარდგენილ კერძო საჩივარზე მიუთითებს ასევე კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7.2 მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული აღნიშნული მუხლი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მხოლოდ იმ საქმეებზე რომელზეც საქმის წარმოება არსებითად დასრულდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1 მუხლი. კერძო საჩივრის ავტორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.4 მუხლის განმარტებას და აღნიშნულთან დაკავშირებით კვლავ მის მიერ 2019 წლის 10 აპრილს წარდგენილ კერძო საჩივარსა და 2019 წლის 18 ოქტომბრის განცხადებაზე მიუთითებს. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაცული აქვს როგორც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების, ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადები და ამასთან, არსებობს საქმის წარმოების განახლების პირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2019 წლის 18 ოქტომბერს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განსჯად სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. ღ-ის მიერ 2019 წლის 18 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების მიზანია მის სარჩელზე საქმის წარმოების განახლება, რაც განმცხადებლის მოსაზრებით შესაძლებელია მისი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და მისი წინმსწრები ყველა განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად. ა. ღ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადება კვლავ იმ გარემოებას ემყარება, რომ საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელის გადაწყვეტისას არ მოიპოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება იყო შესაძლებელი. კერძოდ, დავის განხილვისას სს „...იდან“ არ ყოფილა გამოთხოვილი მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება, რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ აღნიშნულ გარემოებაზე, როგორც საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ა. ღ-ი არაერთგზის უთითებდა მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა დროს წარდგენილ განცხადებებში. ამდენად, დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში განცხადების შეტანამდე რამდენიმე წლით ადრე. შესაბამისად, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების წარდგენის 1-თვიანი ვადა. ის გარემოება, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თავდაპირველი განცხადება ა. ღ-ის მიერ შეტანილ იქნა სასამართლოს 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, არ ადასტურებს განცხადების შეტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული 1-თვიანი და 5-წლიანი საერთო ვადის დაცვას, რადგან სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო ა. ღ-ის 2019 წლის 18 ოქტომბრის და არა 2009 წლის 16 თებერვლის განცხადება. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ა. ღ-ის სარჩელზე არსებითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (31.12.2008წ.) 5 წელზე მეტია გასული, შესაბამისად, გამოირიცხება საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. ღ-ის განცხადების განუხილველად დატოვებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლოს მომხსენებელი მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი საქმე ერთპიროვნულად დაეტოვებინა განუხილველად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი ჩამოთვლის მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებს და მათ შორის ასახელებს სოციალური დაცვის საკითხებზე აღძრულ სარჩელებს („გ“ ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ღ-ის სასარჩელო მოთხოვნა იყო რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება და უმუშევრის შემწეობის გაცემა. მოთხოვნა ემყარებოდა იმჟამად მოქმედ „დასაქმების შესახებ“ კანონს. ამდენად, საქმე შინაარსობრივად ეხებოდა სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო ა. ღ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი განეხილა და გადაეწყვიტა ერთპიროვნულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 426-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე