საქმე #ბს-1215(კს-20) 25 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ლ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მესამე პირი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 6 მაისს ლ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 აპრილის #04/20001 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელე ლ. ქ-ას კომპენსირებულთა სიიდან ამორიცხვის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად მოპასუხედ მიუთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, ლ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა ლ. ქ-ას და ჩაბარდა 2020 წლის 11 ივლისს გ. ფ-ეს (ოჯახის წევრს), რის დამადასტურებელ მტკიცებულებადაც მიიჩნია საქმეში არსებული უკუგზავნილი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, 2020 წლის 11 ივლისს, შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 12 ივლისიდან და ამოიწურა 2020 წლის 27 ივლისს. თუმცა, საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2020 წლის 28 ივლისს, გასაჩივრებისათვის დაწესებული 14-დღიანი ვადის დარღვევით.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც ლ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ქ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ასლი მას პირადად არ ჩაბარებია, არამედ ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, გ. ფ-ეს, რომელიც წარმოადგენს ქრონიკულად დაავადებულ პირს, რისი დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციაც კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ იქნა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გ. ფ-ის მხრიდან მისი ინფორმირება გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს არ მომხდარა, არამედ მოხდა დაგვიანებით. ამასთანავე, ლ. ქ-ას განმარტებით, გ. ფ-ემ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რამაც საბოლოო ჯამში კერძო საჩივრის ავტორის შეცდომაში შეყვანა და მისი მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონმდებლობით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევა გამოიწვია.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან საჩივრის შეტანის ვადების დარღვევას წინ უძღოდა საპატიო მიზეზი, არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით და უნდა მიეცეს შესაძლებლობა სასამართლო წესით დაიცვას თავისი უფლებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ლ. ქ-ას კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება გაეგზავნა ლ. ქ-ას და 2020 წლის 11 ივლისს ჩაბარდა გ. ფ-ეს (ოჯახის წევრს).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახის წევრს, გ. ფ-ეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, 2020 წლის 11 ივლისს ჩაბარდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 12 ივლისიდან და ამოიწურა 2020 წლის 27 ივლისს, 24 საათზე. ლ. ქ-ამ კი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა 2020 წლის 28 ივლისს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითების შემდგომ, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს საჩივარში სადავოდ არ გაუხდია მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით შეტანის ფაქტი, არამედ, მიუთითა, რომ მისი ოჯახის წევრი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა, წარმოადგენს ქრონიკულად დაავადებულ პირს. ამის დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან წარმოდგენილ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ - „პაციენტისგან ანამნეზის მიწოდება სრულად ვერ ხერხდება, კოგნიტურ-მნესტიური ფუნქციების მნიშვნელოვნად დაქვეითების გამო. ემოციურად მკვეთრად ლაბილურია. ანამნეზი მოწოდებულია შვილის დახმარებით, უჩივის მეხსიერების დაქვეითებას. უჭირს ახალი ინფორმაციის დამახსოვრება. აღნიშნავს მოძრაობის შეზღუდვას და ძალის დაქვეითებას მარცხენა კიდურებში, მეტად ხელში. (რეზიდუალური), ანამნეზიდან ირკვევა, რომ პაციენტს სამჯერ აქვს გადატანილი იშემიური ინსულტი, (შვილის გადმოცემით), დოკუმენტაცია არ წარმოუდგენიათ. ანამნეზში საყურადღებოა არტერიული ჰიპერტენზია, ფიქსირდება მაღალი არტერიული წნევის ციფრები. 220mmHg-მდე. რეგულარულ მკურნალობას არ იტარებს, მედიკამენტებს იღებს მხოლოდ სიმპტომურად.“
აღნიშნულ სამედიცინო ჩვენებებზე დაყრდნობით, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის მიერ კერძო საჩივრის ავტორისათვის დაგვიანებით გადაცემისა და არასწორად მიწოდებული ინფორმაციის გამო, ამ უკანასკნელის მხრიდან სააპელაციო საჩივრის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით შეტანა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ და მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი უფლებები დაიცვას სასამართლოს გზით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებული დიაგნოზი, როგორც თვითონ ცნობიდან ირკვევა, მეტწილად შედგენილია პაციენტის შვილის მიერ წარდგენილ ინფორმაციასა თუ დოკუმენტებზე დაყრდნობით. არ იკვეთება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შემდგენი პირის მხრიდან პაციენტის უშუალოდ გასინჯვის ფაქტი, რაც მეტ დამაჯერებლობას შესძენდა ცნობაში დადგენილ დიაგნოზს. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებული დიაგნოზისათვის დამახასიათებელი ნიშნები, არ მიუთითებს პაციენტის მიერ მკაფიოდ გამოკვეთილ და სისტემური ხასიათის პრობლემებზე მახსოვრობის თუ ახალი ინფორმაციის დამახსოვრების თვალსაზრისით, არამედ იგი მხოლოდ ასეთი შესაძლებლობის არსებობას უშვებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია ისეთი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გ. ფ-ის მიერ საკუთარი ქმედების გააზრების ან მახსოვრობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემის ან დაავადების არსებობას ცალსახად დაადასტურებდა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მისი მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ნამდვილობას. შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და არც სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ისეთი გარემოებები თუ დოკუმენტაცია, რომელიც საკასაციო სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა გ. ფ-ის ქმედუნარიანობაში.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გ. ფ-ემ მას ჩაბარებული გადაწყვეტილების ასლი გადასცა დაგვიანებით და ამავდროულად მიაწოდა არასწორი ინფორმაცია ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. აღნიშნული მუხლი ამავდროულად განამტკიცებს უწყების ჩამბარებელი პირის ვალდებულებას უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. საკანონმდებლო დონეზე ასეთი ვალდებულების არსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში გარკვეული ცდომილებების გამორიცხვა უწყების ჩამბარებელი პირის მიერ ადრესატისთვის დოკუმენტის გადაცემასთან დაკავშირებით, შეუძლებელია, თუმცა, ხსენებული მუხლი განსაზღვრავს, რომ უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ყურადღების საგანს წარმოადგენს ის, დოკუმენტი ჩაბარდა თუ არა ადრესატის ქმედუნარიან ოჯახის წევრს და არა მისი მხრიდან დოკუმენტის ადრესატისათვის შემდგომი გადაცემის დრო.
დოკუმენტების ჩამბარებელი პირის მიერ შესაბამისი ადრესატისთვის მათი გადაცემის ეჭვქვეშ დაყენება შესაბამისი მტკიცებულებებით აღნიშნულის დადასტურების გარეშე, ეჭვქვეშ დააყენებდა ადრესატის გარდა ნებისმიერი სხვა პირისთვის დოკუმენტების ჩაბარების უფლებას, ასევე საპროცესო სამართლებრივი ვადების არსებობას, ვინაიდან დატოვებდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა დაუდასტურებელ მიზეზებზე მითითებით, გასაჩივრების ვადის გაგრძელების თუ აღდგენის ფართო შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს რომ „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება #3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის #ბს-590-590(კ-18) გადაწყვეტილება). „ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც. დრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება #3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 17). კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუზღუდავად გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნიდა მოდავე მხარეთა ურთიერთობებში მუდმივ გაურკვევლობას და იმის საშიშროებას, რომ დავა და კონფლიქტი ვერასდროს პოვებდა საბოლოო გადაწყვეტას. საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ პრეზუმფციის მატარებელია, რომ საკითხი მხარეთა შორის გადაწყდა სწორად და რომ ისინი ამ საკითხთან, უფლებასთან, სიკეთესთან, ქონებასთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს გააგრძელებენ გადაწყვეტილებით დადგენილი სინამდვილის გათვალისწინებით, მასზე დაყრდნობით ან მისგან გამომდინარე. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება #3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 26-27).
სასამართლოსთვის მიმართვისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების ხელოვნური გაფართოვების შესაძლებლობის დაშვება, განსაკუთრებით შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ეჭვქვეშ დააყენებს თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების არსს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა გ. ფ-ის ქმედუნარიანობას ან დაადასტურებდა მისი მხრიდან ლ. ქ-ასთვის გადაწყვეტილების ასლის დაგვიანებით გადაცემის და მისი ჩაბარების თარიღზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ქ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე