Facebook Twitter

საქმე #ბს-885(კს-20) 25 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი/მ ნ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 7 სექტემბერს ნ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს საჩივრის განხილვის შეჩერების შესახებ 2016 წლის 22 ივლისის და საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის ი/მ ნ. ხ-ის მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს წარდგენილი საჩივრის (#11191/2/15) განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ ნ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ნ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი/მ ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს, ვ. მ-ს, ჩაბარდა 2018 წლის 17 ივლისს, შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 18 ივლისიდან და ამოიწურა 2018 წლის 31 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა 2018 წლის 1 აგვისტოს, რითაც მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც ი/მ ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ნ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებაში გაკეთებული განმარტება სააპელაციო საჩივრის 1 დღის დაგვიანებით შეტანის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა მოხდა არა 2018 წლის 1 აგვისტოს, არამედ მანამდე საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარების გზით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა სააპელაციო საჩივრის რეგისტრაციაში გატარების, არამედ მისი საფოსტო დაწესებულებაში წარდგენის თარიღი.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონის სრული დაცვით და განმარტავს, რომ მისი მხრიდან, მტკიცებულების სახით, საფოსტო დაწესებულებაში სააპელაციო საჩივრის კანონმდებლობით გათვალისწინებულ 14-დღიან ვადაში ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოხდებოდა გონივრულ ვადაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ი/მ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ი/მ ნ. ხ-ის წარმომადგენელს - ვ. მ-ს, საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, აფაქიძის ქ. #15, მე-5 სართული) გაეგზავნა და ორგანიზაციის წარმომადგენელს 2018 წლის 17 ივლისს ჩაჰბარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ნ. ხ-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2018 წლის 17 ივლისს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 18 ივლისს და ამოიწურა 2018 წლის 31 ივლისს, 24 საათზე. ი/მ ნ. ხ-მა კი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა 2018 წლის 1 აგვისტოს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დარღვევით, 1 დღის დაგვიანებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს საჩივარში სადავოდ არ გაუხდია თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი სააპელაციო საჩივრის რეგისტრაციის თარიღი, არამედ აღნიშნა, რომ მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენა საფოსტო დაწესებულებაში მოხდა უფრო ადრე, ამასთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ გონივრულ ვადაში წარმოადგენდა დოკუმენტს, რითიც დადასტურდებოდა მისი მხრიდან საფოსტო დაწესებულებაში სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანის ფაქტი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა არ მომხდარა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე