#ბს-1351(კს-20) 25 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს „მ...ა“
მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ შპს „ს...ა“
დავის საგანი _ საქმის წარმოების შეჩერება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 15 თებერვალს სს „მ...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს „ს...ისა“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 მაისის #... ადმინისტრაციული აქტის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 მაისის #... ადმინისტრაციული აქტის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 მაისის #... ადმინისტრაციული აქტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 2 დეკემბრის #1/28253 მიმართვის #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 8 დეკემბრის #1/2588 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 10 მაისის #05/9230 განცხადების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 21 ივნისის #05/12833 განცხადების, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის #1-3/522 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 ივნისის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 ივნისის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 ივლისის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 28 ნოემბრის #... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 17 იანვრის #30289 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე ლილოს სამრეწველო ზონის #1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე #... საკადასტრო კოდის და 10705 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთის სს „მ...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის, ლილოს სამრეწველო ზონის მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე #... საკადასტრო კოდისა და 6448 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთის სს „მ...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის, თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე #... საკადასტრო კოდისა და 46 621 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთიდან სახელმწიფო საკუთრებად რიცხული 34 420 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების სს „მ...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის და ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე #... საკადასტრო კოდის და 1285 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთის სს „მ...ის“ საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით მოპასუხეებად განისაზღვრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამავე განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „ს...ა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სს „მ...ის“ სარჩელი, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის #1-3/522 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, განსჯადობის წესის დაცვით გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით, სს „მ...ის“ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 მაისის #..., #... და #...გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, სს „მ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „მ...ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სს „მ...ამ“ და იშუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, რომელმაც განმარტა, რომ „მ...ას“ მიერ, 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ იქნა სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ამასთან წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასარჩელო განცხადება მიღებულია წარმოებაში და ასევე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. წარმომადგენელმა განმარტა, რომ არსებული ვითარება საზიანო შედეგის მომტანი იყო მოსარჩელისთვის, ამიტომ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმეობაში არსებულ (#2/15120-20) საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ადმინისტრაციულ პალატაში არსებული #3ბ/915-19 საქმის წარმოების შეჩერება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სს „მ...ას“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ იქონიებდა გავლენას ადმინისტრაციულ პალატაში მიმდინარე განსახილველ საქმის - #3ბ/915-19 იურიდიულ შედეგზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სს „მ...ას“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დააკმაყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არის არასრული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად, იგი მიიჩნებს რომ სახეზეა განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 281-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაზე პროცესუალური მოქმედებების დროებით შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს დავის განხილვა სს „მ...ას“ სარჩელის გამო, მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, მესაკუთრედ ცნობის და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სს „მ...ას“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა ქ. თბილისი, ...ს ... ...ში მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, ს.კ. ... დაზუსტებული ფართობი: 6448.00 კვ.მ, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე აეკრძალა ქ. თბილისი, ...ს ... ...ში ...ის ...ს N... ... ...ის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების, ს.კ. ... დაზუსტებული ფართობი - 10705.00 კვ.მ, ნაკვეთის გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა.
საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებაზე, საქმის მასალების ელექტრონულ ასლებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაზე პროცესუალური მოქმედებების დროებით შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით და მოცემულ შემთხვევაში ცალსახად სახეზეა ზემოაღნიშნული გარემოებები, ვინაიდან სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ იქონიებს გავლენას ადმინისტრაციულ პალატაში მიმდინარე საქმის იურიდიულ შედეგზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეში, ცალსახად სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, საქმის შეჩერების გარეშე მოსარჩელის კანონიერი ინტერესებისთვის ზიანის მიყენების რისკი მაღალია, აქედან გამომდინარე, იკვეთება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმეობაში არსებულ (#2/15120-20) საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ადმინისტრაციულ პალატაში არსებული #3ბ/915-19 საქმის წარმოების შეჩერების საჭიროება. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება არის დასაბუთებული და იგი სრულად შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე