Facebook Twitter

საქმე #ბს-1268(2კს-20) 25 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ გ. ხ-ე, ა. გ-ე (მესამე პირები); ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოსარჩელეები _ თ. ფ-ა, ი. თ-ე

მესამე პირი _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეჩერება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 2 ივნისს, თ. ფ-ამ და ი. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 მაისის #1-1133 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ა. გ-ე და გ. ხ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ას და ი. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ფ-ამ და ი. თ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქმეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

სააპელაციო სასამართლოში გამართულ 2020 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე აპელანტ ი. თ-ემ იშუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა საქმეზე #3/44-19, ი. თ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით, ი. თ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის სასარჩელო მოთხოვნებს პალატის მიერ განსახილველ საქმეზე არ ჰქონდა ისეთი შემხებლობა, რომ აუცილებელი ყოფილიყო საქმის წარმოების შეჩერება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ი. თ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებით (საქმეზე ბს-283(კს-20), ი. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ი. თ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. საქმეზე #3ბ/2805-19 შეჩერდა საქმის წარმოება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ #3/44-19 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეში გასაჩივრებული იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 მაისის #1-113 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მხარე ითხოვდა აღნიშნული აქტის ბათილად ცნობას, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეში კი სადავო იყო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაში მოყვანილი მსჯელობები და გაითვალისწინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ი. თ-ის სარჩელი (საქმე #3/44-19; მოსარჩელე - ი. თ-ე; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - ა. გ-ე, გ. ხ-ე, დ. პ-ი, ვ. გ-ი, ლ. გ-ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ი. თ-ის ღობის/ნაგებობის ტერიტორიის და საჯარო გზის რეგისტრაციის ნაწილში და ისიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ საქმეებს შორის არსებობდა კავშირი, ვინაიდან, ქ. თბილისში, ... ...ის ... ... N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ი. თ-ის ღობის/ნაგებობის ტერიტორიის ნაწილში რეგისტრაციის გაუქმებას შესაძლოა გავლენა ჰქონოდა განსახილველი საქმის შედეგზე, რადგან აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ იმ საკითხის შეფასება წარმოადგენდა, ი. თ-ის სახლის ღობე/საყრდენი კედელი გადასული იყო მეზობელი მიწის საკადასტრო საზღვრებში, თუ მოქცეული იყო მის სასაზღვრო მიჯნაში, აღნიშნული მიჩნეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. გ-ემ და გ. ხ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის ავტორისთვის საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორებმა - ა. გ-ემ და გ. ხ-ემ მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინებაში ხსენებულ ორ საქმეს შორის მითითებული ურთიერთკავშირი არ წარმოადგენს #3ბ/2805-18 ადმინისტრაციული საქმის შეჩერების რეალურ საფუძველს.

კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ღობე მაინც გადასული იქნება ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ და მიწის ეს ფართობი სხვისი საკუთრების უფლების ბათილად ცნობით ავტომატურად ვერ გადაიქცევა მოსარჩელეთა საკუთრების ობიექტად, ასევე კვლავ იარსებებს სამშენებლო სამართალდარღვევა და ღობის ექსპლუატაშიაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 მაისის #1-1133 ბრძანების მიხედვით ექსპლუატაციაში მიღების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძვლად ღობის საკუთარი საკადასტრო საზღვრებიდან გასვლასთან ერთად, ასევე მითითებულია ღობის არასწორი კონფიგურაციით და ფორმით არსებობა/აგება. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ექსპლუატაციაში მიღების აქტის ბათილად ცნობის დამოუკიდებელ საფუძველს და მისი აღმოფხვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ვერ მოხერხდება. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე სათანადო რეაგირება საჯარო ინტერესის სფეროს მიეკუთვნება და მასზე მოქმედება კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ შემთხვევაში ევალება მიუხედავად მესაკუთრის ვინაობის და საკუთრების ფორმისა.

აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება და სახეზე არ არის საქმეთა შორის ისეთი ურთიერთკავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი განჩინების მიღებას, რომლითაც შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქმევა საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 9 მაისის #1-1133 ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, სასამართლო სადავო აქტის კანონიერებას სწავლობს და აფასებს აქტის გამოცემის დროს არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში კი, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში სამომავლოდ განხორციელებული ცვლილებები ვერ იმოქმედებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული აქტის კანონიერებაზე, რადგან არსებითი შემხებლობა არ აქვს მასთან. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობაც ვერ გახდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 მაისის #1-1133 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის საგნის კანონიერება არსებით შემხებლობაში არ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განხილვაში მყოფ საქმესთან. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი და ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და აპელანტისთვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, გ. ხ-ისა და ა. გ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის, ა. გ-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინების მართებულობის საკითხის განხილვა თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში არსებული #3ბ/2805-19 საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ #3/44-19 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი ადგენს სასამართლოს ვალდებულებას შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

დადგენილია, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოება მიმდინარეობს თ. ფ-ას და ი. თ-ის სარჩელის საფუძველზე, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, სადაც მესამე პირებად არიან ჩართულნი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, გ. ხ-ე და ა. გ-ე. დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ. თბილისის მერის 2017 წლის 19 მაისის #1-1133 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც თავის მხრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2005 წლის 27 სექტემბრის ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის #214 §17 დადგენილების #8 ოქმი, საყრდენი კედლის (ღობის) ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში. ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა სადავო ღობის/საყრდენი კედლის მეზობელი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში გადასვლა, რაც მიიჩნია სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევად და საბოლოოდ საფუძვლად დაუდო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ი. თ-ის სარჩელი (საქმე #3/44-19; მოსარჩელე - ი. თ-ე; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით) - ა. გ-ე, გ. ხ-ე, დ. პ-ი, ვ. გ-ი, ლ. გ-ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ი. თ-ის ღობის/ნაგებობის ტერიტორიის და საჯარო გზის რეგისტრაციის ნაწილში. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელყო მისი საკუთრების უფლება, რადგან საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მის უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ...ის ქუჩა N... მიწის ნაკვეთის ღობის/ნაგებობის ნაწილზე, რომელიც მისი უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული ღობე ფიქსირდებოდა 1952 წლიდან, ხოლო როდესაც შ. ფ-მ 2003 წელს ააშენა ახალი სახლი, ბლოკის ღობე დაშენდა ძველ ღობეზე/რკინა ბეტონის საყრდენ კედელზე და არ შეცვლილა ამ ღობის ადგილმდებარეობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განჩინებაში მოყვანილ მსჯელობებს იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში (საქმე #3ბ/2805-19) და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ (საქმე #3/44-19) საქმეებს შორის არსებობს კავშირი, ვინაიდან, ქ. თბილისში, ... ...ის ... ... N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ი. თ-ის ღობის/ნაგებობის ტერიტორიის ნაწილში რეგისტრაციის გაუქმებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს განსახილველი საქმის შედეგზე, რადგან აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ იმ საკითხის შეფასება წარმოადგენს, ი. თ-ის სახლის ღობე/საყრდენი კედელი გადასულია მეზობელი მიწის საკადასტრო საზღვრებში, თუ მოქცეულია მის სასაზღვრო მიჯნაში. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინებაში მოყვანილ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების - ა. გ-ისა და გ. ხ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახეზე არ არის საქმეთა შორის ისეთი ურთიერთკავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას და კერძო საჩივრის ავტორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებას იმის თაობაზე რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეჩერება თავისი არსით არის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის სტადიაზე პროცესუალური მოქმედებების დროებით შეჩერება, გამოწვეული ობიექტური, სასამართლოსგან დამოუკიდებელი, პროცესის დამაბრკოლებელი გარემოებებით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, ცალსახად სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები. საქმის წარმოების შეჩერების გარეშე მოსარჩელის კანონიერი ინტერესებისთვის ზიანის მიყენების რისკი მაღალია, აქედან გამომდინარე, იკვეთება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმეობაში არსებულ (#3/44-19) საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ადმინისტრაციულ პალატაში არსებული #3ბ/2805-19 საქმის წარმოების შეჩერების საჭიროება. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება არის დასაბუთებული და იგი სრულად შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის, ა. გ-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ-ის, ა. გ-ისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე