საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ზ-95-3 (გან-21) 5 მარტი, 2021 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ზ-95-21 და 2 მარტის №ბ-275-21 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების განმარტების თაობაზე (საქმე №ბს-42(კ-20)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 ივნისს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შპს „ს...“-ის, მესამე პირების - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ორგანიზაციის მიმართ. მოსარჩელემ მორალური ზიანის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის - 10 000 (ათი ათასი) ლარის, ხოლო დანარჩენი თითოეული მოპასუხისთვის - 1 (ერთი) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის 2020 წლის 8 ოქტომბრის შუადგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
2021 წლის 24 თებერვალსა და 2 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართა გ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების, რომლითაც განუხილველი დარჩა გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე, განმარტება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მიუხედავად ხარვეზის შევსების ვადის არაერთხელ გაგრძელებისა, არ იკვეთებოდა კვალვ რატომ არ გაუგრძელა საკასაციო სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
განსახილველ შემთხვევაში გ. ბ-ის განცხადება შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების განმარტებას, რომლითაც სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა, საკასაციო პალატის მიერ განუხილველად იქნა დატოვებული საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, ზემოაღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს და არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადებები რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების კრიტიკას წარმოადგენს და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის 24 თებერვლის №ზ-95-21 და 2 მარტის №ბ-275-21 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ზ-95-21 და 2 მარტის №ბ-275-21 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე