საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბ-233-1(გან-21) 10 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ე. წ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ბ-232-21 და 2 მარტის №ბ-277-21 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 19 ნოემბერს ე. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბ. ბ-ის მიერ 12000 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენის მამტკიცებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მიწის შეძენის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ბათილად ცნობა, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სოფელ ...სას სასმელი წყლის წყალშემკრები აუზის სანიტარული დაცვის ზონების მოწყობის (დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა) დავალება და შპს ,,...ის’’ დამფუძნებლის - ბ. ბ-ის 1,2 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების ბათილად ცნობისთანავე განმეორებითი პრივატიზების აკრძალვა.
2015 წლის 5 იანვარს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით ე. წ-მა მოპასუხეებად მიუთითა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, შპს ,,ს...ი“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ბ. ბ-ე, სს ,,ე...ა’’ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ჭიათურის მომსახურების ცენტრი, შპს ,,ჯ...ი“ - ...ი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოპასუხეებად მიუთითა: შპს ,,...ი“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირებად - ს/ს ,,ე...ა“ და შპს ,,ჯ...ი“.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით 2002 წლის 19 თებერვლის №58/220ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2003 წლის 19 აგვისტოს უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის (საკადასტრო კოდით: №...), 1999 წლის 7 ოქტომბრის №220 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1999 წლის 17 სექტემბრის №126 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სოფელ ...სას სასმელი წყლის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის 2 აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელის) მოწყობისა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით ე. წ-ის მიერ 2016 წლის 12 იანვარს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხეების- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს ,,ჯ...ის’’ მიმართ, 2009 წლის 17 ივნისის №1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში; ე. წ-ის (წარმომადგენლი გ. ბ-ე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა სოფელ ...სას სასმელი წყლის ობიექტის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელი) მოწყობა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფა. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში ე. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. წ-მა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ე. წ-ისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება - ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სოფელ ...სას სასმელი წყლის ობიექტის წყალშემკრები ცენტრალური ავზისათვის აუცილებელი, სანიტარული დაცვის ზონების (სამი სარტყელი) მოწყობისა და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფის დავალების ნაწილში, საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. წ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ე. წ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება.
2020 წლის 3 დეკემბერს გ. ბ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის მითითებით, განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებით და განახლდეს აღნიშნული საქმის წარმოება. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამართლეების: ქეთევან ცინცაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველი.
2021 წლის 24 თებერვალსა და 2 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართა ე. წ-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების, რომლითაც განუხილველი დარჩა გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განმარტება მოითხოვა იმ მოტივით, რომ იმ პირობებში, როდესაც მისი წარმომადგენელი - გ. ბ-ე არ იყო ადვოკატი და არ ჰქონდა საქმეში მონაწილეობის უფლება, სასამართლომ რატომ განიხილა გ. ბ-ის განცხადება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამართლეების: ნინო ქადაგიძის, ქეთევან ცინცაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. წ-ის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესაძლებლობა ემსახურება სასამართლოს აქტის შესრულების სავალდებულოობისა და მისი სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი სარეზოლუციო ნაწილი არის ბუნდოვანი და შეუძლებელია/გართულებულია მისი აღსრულება. გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი.
განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების განმარტება, რომლითაც გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის №ბს-239(2კ-უს-კს-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველი. ზემოაღნიშნული განჩინებით საკასაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს და არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში კი იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას და არა ის განჩინება, რომლითაც განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადებები რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების კრიტიკას წარმოადგენს და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას მოსამართლეების: ნინო ქადაგიძის, ქეთევან ცინცაძისა და ნუგზარ სხირტლაძის საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ეჭვი შეაქვს მოსამართლის მიუკერძოებლობაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვაში მოსამართლის მონაწილეობის მიღების გამომრიცხავ გარემოებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი. განმცხადებელი ვერ ადასტურებს რომელიმე მათგანის არსებობას. განმცხადებლის მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ისეთ კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მოსამართლის მიკერძოებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსამართლის აცილების შესახებ მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს არგუმენტირებულ, კანონისმიერ საფუძვლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. წ-ის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. წ-ის 2021 წლის 24 თებერვლის №ბ-232-21 და 2 მარტის №ბ-277-21 განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინების განმარტების შესახებ დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე