Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-462(2კ-19) 18 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - მ. თ-ა

კასატორი (მესამე პირი) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმომადგენელი - სალომე აბაშიძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს "...ი"

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

19.07.2018წ. სს „...მა“ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 27.12.2016წ. N..., 30.01.2017წ. N..., 10.04.2017წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 08.11.2016წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისში წარადგინა განცხადება, ქ. ...ში, ...ს ქ.N...-ში მდებარე 85 კვ.მ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად წარდგენილი ჰქონდა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. ამასთან, განცხადებაში მითითებული იყო, რომ სხვა საჭირო დოკუმენტაცია ერთვოდა N... სარეგისტრაციო წარმოებას. გურიის რეგიონული ოფისის 27.12.2016წ. N... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს დაევალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო 30.01.2017წ. გურიის რეგიონულმა ოფისმა მიიღო N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2017წ. N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა 27.12.2016წ. N... და 30.01.2017წ. N... გადაწყვეტილებები.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 25.07.2017წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ სარჩელი. ამავე სასამართლოს 15.03.2018წ. საოქმო განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 01.05.2018წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „...ის“ სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის N... გადაწყვეტილება, 2017 წლის 30 იანვრის N... გადაწყვეტილება და 2017 წლის 10 აპრილის N... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შეფასების გზით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 01.05.2018წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სს „...ი“ სარეგისტრაციო ობიექტზე (85 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა) პრეტენზიას აცხადებს, როგორც ყოფილი „...ის ...-...ის ...ის“ პრივატიზაციის წესით შემძენი, რაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარმოშობს პრივატიზებული ობიექტების ქვეშ მდებარე მიწაზე რეგისტრაციის უფლებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების საწყის ეტაპზე მოქმედი ნორმატიული აქტების დანაწესებზე. მათ შორის, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონზე, ასევე „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N288 დადგენილებაზე, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები შეუდგნენ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას მათი სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის გზით. კანონმდებლობით დადგინდა სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად, ხოლო შემდეგ - აქციათა გაყიდვა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N288 დადგენილების N1 დანართით დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება. აღნიშნული დებულების მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა გადაწყვეტილებას მისი სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ. მე-10 პუნქტით, სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოს ქვედანაყოფის პასივები და აქტივები მიიღებოდა სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდებოდა გარდაქმნილი საწარმოს უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრე. სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა მისი შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს, ხოლო მე-14 პუნქტის შესაბამისად,, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007წ. გადაწყვეტილება (საქართველოს მოქალაქეები: ზ. ე-ი, ს. მ-ა, რ. გ-ა და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომელიც საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების მნიშვნელობას და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული „აქციის“ სამართლებრივ ბუნებას შეეხება. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 06.11.2003წ. N3გ-ად-15-გ-03 განჩინებაში ასახული განმარტების მიხედვით, „..საწარმოს დაფუძნება სამართლებრივად წარმოადგენს გარიგებას საზოგადოების შექმნაზე. სახელმწიფოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება იმავდროულად ნიშნავს სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას (განკარგვას), ვინაიდან ამ დროს ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებად, თუნდაც ამ იურიდიული პირის წილთა 100%-ის მესაკუთრედ სახელმწიფო დარჩეს..“. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, სს „...თან“ მიმართებაში ხელახლა უნდა იქნეს გამოკვლეული კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის მოსარჩელისათვის მიყიდვის ფაქტი, ვინაიდან აქციების პრივატიზებით სააქციო საზოგადოებაზე ხდებოდა ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების, როგორც სახელმწიფო ქონების (გარდა მიწის ნაკვეთებისა) გადაცემა. მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებული პირების მონაწილეობით უნდა გამოარკვიოს, სარეგისტრაციო ობიექტი (შენობა-ნაგებობა) კონკრეტულად იყო თუ არა შეტანილი საპრივატიზაციო გეგმაში და შედიოდა თუ არა სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ეტაპზე ახლადშექმნილი საწარმოსთვის გადაცემულ ობიექტთა ჩამონათვალში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2017წ. N... გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარეგისტრაციო განაცხადის უარყოფა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების უფლება და საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა დადგინდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება „,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონი, რომლითაც სპორადული რეგისტრაციის (საკუთრების უფლების რეგისტრაციის და არა საკუთრების უფლების აღიარების) სპეციალური წესი დადგინდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11.07.2007წ. საქართველოს კანონი და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. საქართველოს კანონი ურთიერთსაწინააღმდეგო დანაწესებს არ შეიცავს (პირველი არეგულირებს მართლზომიერი ან თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების წესს, ხოლო მეორე - მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს), თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.8 მუხლის საფუძველზე (თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში) უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. საქართველოს კანონის 12.2 მუხლის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამავე კანონის 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, „მიწის ნაკვეთი“ განმარტებულია, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტითაც „უძრავი ნივთი“ განმარტებულია, როგორც მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.30 მუხლის თანახმად, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე, ხოლო გარემოებათა გამოკვლევით დასტურდება, რომ აღნიშნული ნაგებობა რეგისტრაციის მოთხოვნის მომენტისათვის აღარ არსებობს, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთზე შენობა–ნაგებობის/ერთეულის მესაკუთრის წილის შესაბამისად, ხოლო თუ წილის დადგენა შეუძლებელია, რეგისტრაცია წარმოებს შენობა-ნაგებობაზე/ერთეულზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემებით, მიწის ნაკვეთის პროპორციულ წილზე და რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა-ნაგებობას/ერთეულს უკეთდება აღნიშვნა “დანგრეული“.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო გადაწყვეტილებები არ არის მომზადებული და გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, არსებითად არის დარღვეული კანონის მოთხოვნა, რაც ქმნის მათი ბათილად ცნობის საფუძველს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.12.2018წ. გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის „ე“, „ე1“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ამასთანავე, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი.

კასატორი მიუთითებს, რომ ქ. ...ში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე 85 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილ N... სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად, სს „...ს“ წარდგენილი ჰქონდა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, სს „...ის" სახელზე გურიის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ არის საკუთრების/სარგებლობის უფლება. ამასთანავე, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ქ. ...ში, ...ის (...ას) ქუჩა N...-ში სს „...ის” მითითებით არ არის დაცული უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა. დაცულია მხოლოდ უძრავი ნივთის ტექნიკური პასპორტი (აღრიცხვის თარიღი - 19.08.1996წ.), სხვა მისამართით - ქალაქი ...ი, ...ის ქუჩა N..., რომლის შესაბამის გრაფაში (მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა სია) მითითებულია მ. მ-ი. ასევე დაცულია მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმა, მისამართზე: ქ. ...ი, ...ის ქ. N.... სააღრიცხვო მასალაში დაცულია 1997 წლის გირავნობის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის N..., მოგირავნე - „გ...ი“, დამგირავებელი - სს „...ი“, მისი პრეზიდენტის - მ. მ-ს სახით), რომლის თანახმად, დამგირავებელმა მთლიანად დააგირავა სს „...ის” საკუთარი ქონება. მითითებულია დაგირავებული უძრავი ნივთის მონაცემები, თუმცა, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთის მონაცემები, მისამართით - ქ. ...ი, ...ის (...ას) ქუჩა N..., სს „...ის” მითითებით არ არის დაცული. გარდა ამისა, ტექბიუროში აღრიცხული, ...ში, ...ის ქუჩა N...-ში (იგივე ...ს ქ.N...-ში) მდებარე ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი, უკვე რეგისტრირებულია მ. მ-ის საკუთრებად (ს/კ ...), რომელიც სააღრიცხვო მასალაში მითითებული იყო, როგორც მოსარგებლე/მესაკუთრე. აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ხსენებული უძრავი ნივთი არ წარმოადგენდა სს "...ის" საკუთრებას.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებულ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 31.10.1996წ. N1-3/740 ბრძანებაში საუბარია მხოლოდ სს „...ის” აქციათა პაკეტიდან, დადგენილ ვადებში, პირდაპირი წესით მთლიანად გამოსყიდულ 5600 ცალ აქციაზე საკუთრების უფლების დადასტურებაზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გურიის რეგიონული ოფისის 14.12.2016წ. N... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მარეგისტრირებელმა ორგანომ 13.12.2016წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა წერილი N..., რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან N... წერილით გადაგზავნილ იქნა სს „...ის” აქციათა პრივატიზების მასალები. წერილში სააგენტო მიუთითებს, რომ საპრივატიზაციო დოკუმენტაცია არ შეიცავს სს „...ის“ კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს პრივატიზებული საზოგადოების კაპიტალში არსებული ქონების და რეგისტრაციით დაინტერესებული პირის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ნივთის იდენტურობის დადგენაზე. დოკუმენტაციას თან ერთვოდა 1993 წლით დათარიღებული ...ის ...-...ის ...ის პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმა, რომელშიც მითითებულია 1993 წლის პირველი აპრილისთვის სახელმწიფო საწარმოზე ბალანსით არსებული ობიექტების ჩამონათვალი და დაუმთავრებელი ობიექტების დასახელება. მიწის ნაკვეთის საზღვრების, სიდიდის და ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებში მითითებულია 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი. ამდენად, კასატორის განმარტებით, გარემოებათა ანალიზით არ დგინდება ხსენებული ქონების სს „...ისათვის” გადაცემის ფაქტი.

კასატორი მიუთითებს, რომ სს "...ის" N... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი იყო იმავე მისამართზე - ქ. ...ში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე 81 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 05.01.2017წ. N12/628 წერილით საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის არქივში არ არის დაცული ...ში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ამდენად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ ფლობს დოკუმენტაციას ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ ...ის ...-...ის ...-... საერთო კრების N1 ოქმის მიხედვით, ...ის ...-...ის ქარხანა გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და საწარმოს მიენიჭა სახელი - სააქციო საზოგადოება ... ... „...ი”. საქმეში არსებული, სს „...ის” გენერალური დირექტორის - მ. მ-სადმი მიწერილი მინისტრის პირველი მოადგილის წერილით დასტურდება, რომ სს „...ის” აქციების 97.72% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში. წერილში ასევე მითითებულია, რომ გამოშვებული 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 16135 აქციიდან სახელმწიფოს მიერ გასხვისებულად ითვლება პირდაპირი მიყიდვის წესით საწესდებო კაპიტალის 50.7%, უფასოდ საერთო ჯამში საწესდებო კაპიტალის 6.04%, 20%-ის ფასდაკლებით - 0.78%, აუქციონის გზით - 40.2%, სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება 2.28%. საქმეზე წარმოდგენილია შეთანხმება, სს „...ის” აქციათა პაკეტის (5600 ცალი აქცია - საწესდებო კაპიტალის 50.74%) მყიდველისა და ამ აქციათა პაკეტის გამყიდველის - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დადგენილი პირობის შესრულების ვალდებულების შესახებ, ასევე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს N1-3/740 ბრძანება სს „...ის” აქციათა პაკეტიდან პირდაპირი წესით დადგენილ ვადებში გამოსყიდულ 5600 ცალ აქციაზე (და არა შენობა-ნაგებობებზე) საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ.

კასატორი მიუთითებს ზაკ-ის 96-ე, 53-ე მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მეორე, მე-8, მე-9, 21-23-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლზე, ასევე სამოქალაქო კოდექსის 149-150-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობა, როგორც მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი, სამართლებრივად დაკავშირებულია ძირითად უძრავ ნივთთან-მიწასთან და იგი არ წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების ობიექტს. არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანად არის დაკავშირებული ნივთთან. ამდენად, მიწა და შენობა არის ერთმანეთისაგან განუყოფელი და სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საჯარო რეესტრი არ არის უფლებამოსილი, ცალკე დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება შენობაზე, თუ პირს არ გააჩნია არანაირი საბუთი იმ მიწაზე, რომელზეც დგას შენობა. მიწისა და მასზე განთავსებული შენობის საკუთრებაში გადაცემა ხდება ერთდროულად. სარეგისტრაციო წარმოების დროს არც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და არც გამოთხოვილი დოკუმენტაციით არ დადგინდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე სს "...ის" საკუთრების უფლება. პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმისა და სხვა დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უძრავი ქონების გადაცემა არ ყოფილა გაწერილი სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციის გეგმით. შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სწორად გამოიყენა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზეა უფლებამოსილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, კანონით დადგენილი წესით, ხოლო კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, სარეგისტრაციო ობიექტზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს.

კასატორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სწორად დაადგინა, რომ სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნიდა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის იურიდიულ საფუძველს. გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მითითება საქმეში წარმოდგენილ პრივატიზაციის ტიპობრივ გეგმაზე, რომელშიც მითითებულია, თუ რა ქონება ერიცხებოდა ...-...ის სახელმწიფო საწარმოს აქციათა პრივატიზაციის განხორციელებამდე და რამდენი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჰქონდა დაკავებული სახელმწიფო საწარმოს. განსახილველი შემთხვევისათვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც სარეგისტრაციოდ, ისე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციით არ დადგინდა საწარმოს აქციების გარდა, შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტი ახლადშექმნილი სს „...ისათვის“. გარდა ამისა, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1993 წლის აპრილის ბრძანების N2 დანართში - პრივატიზაციის ტიპობრივ გეგმაში (მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი) მითითებულია, რომ საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა არ ექვემდებარებოდა პრივატიზაციას, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ დოკუმენტაციაში გვხვდება ... ... "...ის" გენერალური დორექტორის - მ. წ-ის 01.06.1995წ. განცხადება საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროსადმი, რომლის თანახმად, სს "...ს" უფლება მიეცა, შეეძინა აქციათა პაკეტის მთლიანი ოდენობის 51%. საქმეს ასევე ერთვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის 08.11.1995წ. N01-12/5859, 12.03.1996წ. N01-12/934 წერილები სს "...ის" გენერალური დორექტორისადმი, რომლითაც მიწოდებულია ინფორმაცია მხოლოდ გამოსყიდული და დარჩენილი აქციების თაობაზე.

კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ, 31.10.1996წ. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს N1-3/740 ბრძანებით სს "...ს" საკუთრების უფლება დაუმტკიცდა მხოლოდ გამოსყიდულ 5 600 ცალ აქციაზე. საქმეს ერთვის მინისტრის პირველი მოადგილის წერილი სს „...ის” გენერალური დირექტორისადმი, რომლითაც დასტურდება, რომ სს „...ის” აქციების 97.72% სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია და იმყოფება კერძო მფლობელობაში, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება - 2.28%. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება სახელმწიფო საწარმოს აქციათა სრულად გამოსყიდვის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს ვარაუდი, რომ სს "...ს" გადაეცა ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც აღრიცხული იყო ...-...ის სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე.

კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში არასწორად მიუთითეს „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებაზე, რომელიც ადგენს მხოლოდ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის პირობებს. კასატორის განმარტებით, აღნიშნული არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტს. გარდა ამისა, დადგენილების შესაბამისი ნორმის გამოყენება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე იქნებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და უტყუარად დადგინდებოდა სახელმწიფოს მიერ შენობა-ნაგებობების მიწის ნაკვეთის გარეშე პრივატიზაციის ფაქტი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N288 დადგენილება, ამასთან, სასამართლომ არ მიუთითა "საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" 09.08.1991წ. კანონის იმ ნორმებზე, რომლებიც შეეხებოდა პრივატიზაციის გზით ქონების გადაცემის პროცედურებს. საქმეზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ნორმების საფუძველზე შედგენილი ხელშეკრულება, ასევე ზოგადად დოკუმენტაცია, რომელშიც მითითებული იქნებოდა საწარმოს ქონების შემადგენლობა და ფასი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, დაედგინა, რომ აქციათა პრივატიზაციის პროცესი ასევე ითვალისწინებდა საწარმოს უძრავი ქონების გადაცემასაც. სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა 09.08.1991წ. კანონით გათვალისწინებული „პრივატიზაციის“ მხოლოდ ზოგად ცნებას და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეესწავლა კანონის იმ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, რომლებითაც რეგულირდებოდა კონკრეტულად ქონების გადაცემის წესი და პირობები.

კასატორი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N288 დადგენილების N1 დანართის შესაბამისად, არაუგვიანეს 1993 წლის პირველ ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ან მის ტერიტორიულ ორგანოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო პრივატიზაციის გეგმა, ქონების შეფასების აქტი და სააქციო საზოგადოების წესდება. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება ქონების შეფასების აქტის შედგენა. ამგვარი დოკუმენტი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ წარმოუდგენია. ამდენად, აღნიშნულითაც დასტურდება, რომ სს „...ს“ არ გადასცემია სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე რიცხული ქონება და განხორციელდა მხოლოდ საწარმოს აქციათა პრივატიზება. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეული არ არის მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობდა ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები. კასატორი მიუთითებს სუს 07.07.2009წ. Nბს-351-336-(კ-09), 25.03.2014წ. Nბს-358-348(კ-13) გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევა და შეფასება სასამართლო წესით შეუძლებელი იყო. საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები სასამართლოს საშუალებას აძლევდა, სადავო საკითხი არსებითად გადაეწყვიტა და სარჩელი არ დაეკმაყოფილებინა. საჯარო რეესტრმა სასამართლოს წარუდგინა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული საჭირო დოკუმენტაცია. ამდენად, სასამართლოს ევალებოდა მხოლოდ სამართლებრივი შეფასება - წარმოადგენდა თუ არა მითითებული დოკუმენტაცია სს "...ის" საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. სასამართლომ არ გააკეთა კონკრეტული განმარტება სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე მოსარჩელის რაიმე სახის უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გაურკვეველია, დამატებით რა უნდა შეისწავლოს სადავო აქტების გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელმაც ერთხელ უკვე საფუძვლიანად გამოიკვლია საჭირო დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ არ დასტურდება შენობა-ნაგებობის პრივატიზაციის ფაქტი. მარეგისტრირებელი ორგანო ვერ დაეყრდნობა ვარაუდს იმის თაობაზე, რომ აქციათა პრივატიზაცია მოიაზრებდა სახელმწიფო საწარმოს ქონების განკარგვასაც. აღნიშნული არ გამომდინარეობს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმიდან. ამასთან, სასამართლომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვერ დაადგინეს აქციათა სრულად გამოსყიდვის ფაქტი. საჯარო რეესტრი მოკლებულია შესაძლებლობას, არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე განახორციელოს სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია თუნდაც მხოლოდ შენობა-ნაგებობებზე, რამდენადაც წარდგენილი არ ყოფილა საკუთრების უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში, მარეგისტრირებელი ორგანო შებოჭილია საკანონმდებლო ნორმებით. "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 41.1 მუხლის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე (და არა შენობა-ნაგებობაზე) საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მოქმედი რედაქციის 74 მუხლი, 2012 წლის პირველი იანვრიდან აღარ უშვებს კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, სს "...ის" სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მისი სარეგისტრაციო მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო კოდექსის 150-ე და 171 ე მუხლებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონთან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლზე, ასევე სუს 13.02.2008წ. Nბს-784-746(2კ), 18.04.2013წ. Nბს-625-613(კ-12), 12.12.2012წ. Nბს-464-459(კ-12) გადაწყვეტილებებზე და განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, მიწა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა ერთი უფლების ობიექტად არის მიჩნეული. შეუძლებელია მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილის (მაგ. შენობა-ნაგებობის) მიწისაგან გამოყოფა/დამოუკიდებლად განკარგვა. იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და აღნიშნული სამართლებრივი წესრიგი დამოკიდებული არ არის სამართალურთიერთობის მონაწილე პირთა ნებაზეც კი. შენობა-ნაგებობის ამა თუ იმ პირის საკუთრებაში რეგისტრაცია ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მიწის ნაკვეთის იმ ფართის რეგისტრაციას მაინც, რომელზეც იგი უშუალოდ არის განთავსებული (განაშენიანების ფართი). აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერ იმსჯელებს მხოლოდ შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის საკითხზე, მიწისაგან დამოუკიდებლად. მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება კი, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად, ვერ განხორციელდება.

კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითება "სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 12.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ხსენებული ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა (დოკუმენტი) გაცემული აქვს მხოლოდ შენობა-ნაგებობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ამდენად, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე მსჯელობა აზრს მოკლებულია, იმ პირობებში, როდესაც თავად შენობა-ნაგებობის განკარგვის ფაქტი არ არის დადგენილი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ უმსჯელია, რამდენად წარმოადგენდა პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმა (ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია სახელმწიფო საწარმოს და არა ახლადშექმნილი სს "...ის" ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი) რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. ამასთან, საქმის მასალებში არ არის დაცული მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, რომელიც უნდა ერთვოდეს პრივატიზაციის ტიპობრივ გეგმას. სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევა, თუმცა რეალურად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ დაადგინა, არსებობდა თუ არა საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ არსებობდა, კონკრეტულად რომელი წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას და რის საფუძველზე.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. განჩინებაში ასახული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც, საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების ძირითადი ნაწილი ეთმობა სააქციო საზოგადოების აქციების პრივატიზების საკითხს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სს „...ის“ 15.05.1997წ. N15 წერილის პასუხად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ დაადასტურა საზოგადოების აქციების 97.72%-ის სახელმწიფოს მიერ გასხვისება და მათი კერძო მფლობელობაში არსებობა. სააგენტოს მოსაზრებით, აქციათა პრივატიზება არ გულისხმობს სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი შენობა-ნაგებობების საწარმოსათვის საკუთრებაში გადაცემას. სწორედ ამ მიზეზით არ გაუცია სახელმწიფოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არასრულია და განვითარებულია იმგვარად, რომ სადავო სამართალურთიერთობის ფარგლებში „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 25.03.20111წ. N144 დადგენილების გამოყენების წინაპირობა შეიქმნას, რაც არასწორია. ქონებად მიიჩნევა მხოლოდ ის უფლებები, მოთხოვნები და სხვა სიკეთე, რომელიც უკვე არსებობს და არა ის უფლებები და სიკეთე, რომლებიც შესაძლოა მომავალში სავარაუდოდ წარმოიშვას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზანია, დაიცვას მესაკუთრე და მას, როგორც სუბიექტს, მიანიჭოს უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებები. მოცემულ შემთხვევაში, არსებითია ის მოცემულობა, რომ საპრივატიზაციო დოკუმენტაცია არ შეიცავდა სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას, რის გამოც, ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმსჯელებდა პრივატიზებული ქონებისა და რეგისტრაციით დაინტერესებული პირის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ნივთის იდენტურობის შესახებ. ამდენად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სს „...ის“ საკუთრების უფლების უგულებელყოფად, რამდენადაც კონსტიტუციის 21.1 მუხლი არ იცავს აბსოლუტურ, სუბსტანციურ და შეუზღუდავ საკუთრებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული, სუს დიდი პალატის 16.11.2003წ. N3გ/ად-15-გ-03 გადაწყვეტილებაში ასახული დასაბუთება ვერ ჩაითვლება სააგენტოს პოზიციის გამაქარწყლებელ სამართლებრივ შეფასებად, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, საწესდებო კაპიტალის ოდენობა ან/და მისი მიკუთვნებადობის საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენს. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლო მარეგისტრირებელ ორგანოს ავალებს, გაარკვიოს - კონკრეტულად იყო თუ არა შეტანილი საპრივატიზაციო გეგმაში სარეგისტრაციო ობიექტი (შენობა-ნაგებობა) და შედიოდა თუ არა შესაბამისი ობიექტი სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ეტაპზე ახლადშექმნილ საწარმოსთვის გადაცემულ ობიექტთა ჩამონათვალში. ორივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იმაზე მიუთითებდნენ, რომ არ დგინდება კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის მოსარჩელისათვის მიყიდვის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს უფლების დამდგენი დოკუმენტი და მოსარჩელეს საქმის გარემოებების ობიექტური გამოკვლევის შედეგად ეთქვა უარი რეგისტრაციაზე.

კასატორი მიუთითებს ზაკ-ის 96.1 მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის არქივში არ აღმოჩნდა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა 05.01.2017წ. N12/628 წერილით. აღნიშნული დოკუმენტაცია ასევე არ ინახება სააგენტოს არქივში. ამდენად, კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არ გააჩნდა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და ბუნებრივია, მარეგისტრირებელი ადმინისტრაციული ორგანო ვერ მოიპოვებდა სხვა ისეთ ინფორმაციას/ჩანაწერს, რაც ფიზიკურად არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობაზე არასწორად გაავრცელა „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილება. მითითებული დადგენილება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 31 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა (იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი“). მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არ გაუსხვისებია. გარდა ამისა, მითითებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს, რის გამოც, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს წინამდებარე ნორმატიული აქტის ნორმები არ უნდა გამოეყენებინათ.

კასატორი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სასამართლომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევები გამიჯნა, თუმცა არ უმსჯელია, რატომ არის სახეზე „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების წინაპირობები და ზოგადად, დადგა თუ არა ის იურიდიული შედეგი, რაც ამ კანონით არის გათვალისწინებული.

კასატორი მიუთითებს ასკ-ის 32.4 მუხლზე, ასევე ზაკ-ის 96.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან სარეგისტრაციო ობიექტის (შენობა-ნაგებობის) საპრივატიზაციო გეგმაში შეტანის ფაქტის დაუდგენლობა არ უნდა გამხდარიყო ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.2019წ. და 22.04.2019წ. განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები. ამავე სასამართლოს 22.10.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მათი განხილვა ზეპირი მოსმენით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის გადაწყვეტისათვის, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

08.11.2016წ. სს „...ის“ წარმომადგენელმა ზ. გ-ამ N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიების საფუძველზე, განმცხადებელმა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ქ. ...ში, ...ს ქ.N...-ში მდებარე 85 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე (არასაცხოვრებელ ფართზე).

სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 14.12.2016წ. N... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ N... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მას არ წარუდგენია უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 13.12.2016წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა N... წერილი და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მას თავადაც შეეძლო უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამატებით წარდგენა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.12.2016წ. N.. .წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა სს „...ის’’ აქციათა პრივატიზების მასალები. წერილში მითითებულია, რომ საპრივატიზებო დოკუმენტაცია არ შეიცავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაციას, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს პრივატიზებული საზოგადოების კაპიტალში არსებული ქონებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული უძრავი ნივთის იდენტურობის დადგენაზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 27.12.2016წ. N... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციით ვერ დადგინდა მიწის ნაკვეთზე სს „...ის“ საკუთრების უფლების არსებობა. წარსადგენი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 30.01.2017წ.N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება სს „...ის“ N... სარეგისტრაციო განცხადებაზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.04.2018წ. N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი, უცვლელად დარჩა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 27.12.2016წ. N..., 30.01.2017წ. N... გადაწყვეტილებები. სააგენტომ მიიჩნია, რომ სს „...ს“ სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებით არ გააჩნია უფლების დამდგენი დოკუმენტი, ამასთანავე, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მან, როგორც იურიდიულმა პირმა, დაკარგა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება 2012 წლის 01 იანვრიდან.

რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 13.12.2016წ. N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს „...ის“ მოთხოვნა, ...ში, ...ს ქ.N...-ში მდებარე 940 კვ.მ უძრავ ნივთზე ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის მომზადების თაობაზე (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, დოკუმენტის ასლი ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან). განმცხადებელს განემარტა, რომ ტექნიკური აღიცხვის არქივში არ მოიძებნა სააღრიცხვო მასალა სს „...ის“ მითითებით, მისამართზე: ...ი, ...ს ქუჩა N....

უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 12.03.2018წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათი, მისამართზე: ...ი, ...ის ქ. N... (მასალაში არ ფიქსირდება მისამართი - ...ი, ...ას ქ. N...). სააღრიცხვო ბარათის შესაბამის გრაფაში (მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა სია) მითითებულია მ. მ-ი (საფუძველი - 19.08.1996წ. ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, სახლთმფლობელობის ძირითადი მახასიათებლები: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - ლიტერ „ა“, საცხოვრებელი ფართით - 364,10 კვ.მ; ლიტერ „ბ“ (დამხმარე) საერთო ფართით - 56,10 (გენ. გეგმაზე არ ფიქსირდება). სააღრიცხვო ბარათში მიწის ნაკვეთის საერთო ფართობად მითითებულია 1384 კვ.მ. იპოთეკის აღწერაში მითითებულია 12.11.1996წ. გირავნობის ხელშეკრულება (მოგირავნე - „გ...ი“, დამგირავებელი - მ. მ-ი, უძრავი ნივთის მისამართი - ...ას ქ. N...). ფართები შეესაბამება უძრავი ნივთის საცხოვრებელი სახლის ფართებს, რომლებიც აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ამავე ინფორმაციის თანახმად, სააღრიცხვო მასალას ასევე ერთვის 19.02.1997წ. გირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულია სს „...ის“ მთელი ქონება. ასევე მითითებულია, რომ „ქონების დანართი თან ერთვის“, თუმცა დანართი სააღრიცხვო ბარათში არ ინახება.

საქმეში არსებული სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ოზურგეთის რეგიონული არქივის დირექტორის 05.09.2016წ. წერილის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა არქივში დაცული ...ის რაიონის გამგეობის 29.03.1996წ. N15 გადაწყვეტილების ასლი, სავაჭრო ფირმა „...ის“ ქალაქის მერიის გამგებლობაში გადაცემის შესახებ, ასევე ...ის რაიონის გამგეობის 17.04.2002წ. დადგენილების ასლი, სს „...ის“ დროებით სამოქმედო ძირითადი სშუალებების კონსერვაციის შესახებ. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ 1990-1995, 1997-2001 და 2003-2006 წლების ...ის რაიონის გამგეობის მასალებში არ ფიქსირდება ინფორმაცია სს „...ის“ სახელზე რიცხული ქონების და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ.

სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გადაეგზავნა მასთან დაცული, სს „...ის“ აქციათა პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (...წ.), მათ შორის:

საქმეს ერთვის ...ის ...-...ის ...ის ...-... საერთო კრების 26.07.1994წ. N1 ოქმიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ...ის ...-...ის ...ის გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად და საწარმოსთვის ახალი სახელის მინიჭება (სააქციო საზოგადოება ... ... „...ი”). ამავე კრებაზე გადაწყდა სს ... ... „...ის“ წესდებისა და პრივატიზაციის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.

29.07.1994წ. დამოწმებულ სახელმწიფო საწარმოს - ...ის ...-...ის ...ის პრივატიზაციის ტიპობრივ გეგმაში მითითებულია 1993 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე არსებული ობიექტების ჩამონათვალი და დაუმთავრებელი ობიექტების დასახელება (პუნქტი 13. 1993 წლის პირველი აპრილისთვის ბალანსით არსებული ობიექტების ჩამონათვალი და დაუმთავრებელი ობიექტების დასახელება/სამუშაოს მოცულობა: 1) მთავარი კორპუსი; 2) საქვაბე შენობა; 3) კანტორის შენობა; 4) საყარაულო „ბუტკა“ 5) ბენზინსაცავის შენობა; 6) მატერიალური საწყობი; 7) საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა; 8) წყალსაცავი; 9) სეპტიფიკაცი; 10) საქლორატორო; 11) საპირფარეშო; 12) ტერიტორიის შემორაგვა; 13) საწარმოს ეზოს ასფალტი; 14) ჭაბურღილი; 15) საკაბელო ელგაყვანილობა; 16) საკაბელო ელგაყვანილობა; 17) საკაბელო ელგაყვანილობა; 18) წყალსადენის ქსელი; 19) ორთქლის მოწყობილობა; 20) ტექნოლოგიური მილგაყვანილობა; 21) გარე კანალიზაციის ქსელი; 22) გარე უკუ წყალბრუნვის გაყვანილობა). სახელმწიფო საწარმოს იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია ...ი, ...ის ქ. N..., ხოლო ობიექტის სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღად - 1961 წლის ივნისი. მიწის ნაკვეთის საზღვრების, სიდიდის და ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებში მითითებულია 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი. საპრივატიზაციო კომისიის შემადგენლობაში ფიქსირდება ...ის დირექტორი მ. მ-ი. ამასთან, დაფიქსირებულია სახელმწიფო საწარმოს შემდგომი დასახელება - სააქციო საზოგადოება ... ... „...ი“ და ნომინალური ღირებულებით განლაგებული აქციების საერთო ღირებულება - 11037 ათასი მანეთი.

სახელმწიფო ქონების მართვის ...ის სამმართველოს უფროსის მიერ გაცემულია ინფორმაცია სააქციო საზოგადოება ... ... „...ის“ დაფუძნების შესახებ. „ინფორმაციაში“ მითითებულია, რომ დამტკიცებული პრივატიზების გეგმის შესაბამისი პუნქტების მიხედვით, საზოგადოების მისამართია: ...ი, ...ის ქ. N....

საქართველოს რესპუბლიკის ...ის რაიონული გამგეობის 29.07.1994წ. გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის ...ის რაიონის სამმართველოს 1994 წლის ბრძანების შესაბამისად დამტკიცებულ სს „...ის“ წესდებაში მითითებულია, რომ სააქციო საზოგადოება ... ... „...ი“ დაფუძნებულია „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწფიო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 14.04.1993წ. N288 დადგენილებისა და ამ დადგენილებაში საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 20.07.1993წ. N571 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. წესდების მიხედვით, საწარმო მდებარეობს ...ის რაიონში და მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს 11034 ათას მანეთს.

საპრივატიზაციო დოკუმენტებს ერთვის სერტიფიკატი სს „...ის“ აქციათა მფლობელობაზე (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი - 25.11.1994წ.). საწარმოს იურიდიულ მისამართად სერტიფიკატში დაფიქსირებულია ...ი, ...ის ქ.N... (სერტიფიკატი არ არის დამოწმებული სათანადო ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით).

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიამ 05.06.1995წ. მიიღო N26.16.645 დადგენილება სს „...ის“ აქციათა პაკეტის (50,74%, 5 600 ცალი) პირდაპირი მიყიდვის შესახებ. კოლეგიამ დაადგინა, რომ სს „...ს“ მიეცა 5 600 ცალი აქციისაგან შემდგარი აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 50,74%) პირდაპირი შესყიდვის უფლება დადგენილი წესით.

18.08.1996წ. სს „...ის“ აქციონერთა კრების ოქმით ცნობად იქნა მიღებული სს „...ის“ დირექტორის - მ. მ-ს ინფორმაცია სს „...ის“ პრივატიზაციის შედეგების შესახებ. ამასთან, დამტკიცდა სს „...ის“ ახალი წესდება.

30.08.1996წ. სს „...ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ - მ. მ-მ განცხადებით მიმართა ...ის რაიონის სახალხო სასამართლოს, საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებაში მითითებულია, რომ სს „...ი“ მდებარეობს ...ში, ...ის ქ. N...-ში. საწარმო შეიქმნა 1994წ., ...ის ...-...ის ...ის ბაზაზე. მისი პრივატიზაცია დამთავრდა 30.06.1996წ. ...ის რაიონის სასამართლოს 31.08.1996წ. დადგენილებით განხორციელდა სს „...ის“ (იურიდიული მისამართი: ...ი, ...ის ქ. N...) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (დადგენილებაში მითითებულია, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს ქონებას, რომელიც შეფასებულია 20 000 ლარად. აქციათა სახეები - სახელობითი აქციები).

18.08.1996წ. აქციონერთა კრების ოქმით დამტკიცებული და ...ის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ 31.08.1996წ. რეგისტრირებული სს „...ის“ წესდების მიხედვით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 20 000 ლარს, საწესდებო კაპიტალი განთავსებულია ერთიანი ნომინალური ღირებულების 11,037 ცალ აქციაში და ყოველი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1,8 ლარს. საზოგადოების საკუთრებად წესდებაში მითითებულია მისი კუთვნილი წარმოების საშუალებები, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები, წარმოებული და შესყიდული პროდუქტი, ნედლეული და ნახევარფაბრიკატები, ფულადი სახსრები და ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან. წესდებაში საწარმოს ადგილმდებარეობად მითითებულია ...ი, ...ის ქ. N....

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა 31.10.1996წ. გამოსცა ბრძანება N1-3/740, სს „...ის“ აქციათა პაკეტიდან პირდაპირი წესით, დადგენილ ვადებში, მთლიანად გამოსყიდულ 5 600 ცალ აქციაზე საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ.

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილის 31.10.1996წ. N06/2550 წერილით სს „...ის“ გენერალურ დირექტორს ეცნობა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 31.10.1996წ. N1-3/740 ბრძანების საფუძველზე, კოლეგიის 05.06.1995წ. N26.16.645 დადგენილებით განსაზღვრულ სს „...ის“ აქციათა პაკეტის მყიდველთა ჯგუფს საკუთრების უფლება უდასტურდება ჯამში 5 600 (ხუთი ათას ექვსას) ცალ აქციაზე. ამდენად, საწარმოს შეუძლია შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა, რაც უნდა დაფიქსირდეს აქციების მფლობელთა რეგისტრაციის ჟურნალში.

სს ,,...ის’’ გენერალური დირექტორის - მ. მ-ს 15.05.1997წ. N15 წერილის პასუხად, მინისტრის პირველი მოადგილის - ე. ჯ-ის 30.05.1997წ. პასუხით დადასტურებულ იქნა, რომ სახელმწიფოს მიერ გასხვისებულია სს ,,...ის’’ აქციების 97.72% და აქციები კერძო მფლობელობაშია. წერილში ასევე მითითებულია, რომ გამოშვებული 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 16135 აქციიდან სახელმწიფოს მიერ გასხვისებულად ითვლება: პირდაპირი მიყიდვის წესით 8186 აქცია, ანუ საწესდებო კაპიტალის 50.7%; უფასოდ საერთო ჯამში 976 ცალი აქცია (საწესდებო კაპიტალის 6.04%); 20% ფასდაკლებით 126 ცალი აქცია (0.78%); აუქციონის გზით 6487 ცალი აქცია (40.2%). სახელმწიფოს საკუთრებად ირიცხება 360 ცალი აქცია (2.28%).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 27.12.2016წ. N... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 30.01.2017წ. N... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ 10.04.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი, რომელიც ადგენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს. მითითებული კანონის 41.1 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სააგენტო, რომელიც ამ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. 4.2 მუხლის თანახმად კი, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით. ამავე კანონის 5.2 მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

სადავო სამართალურთიერთობასთან დაკავშირებულ ნორმებს შეიცავს ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016წ. კანონი, რომლის მიზანია მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის 4.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას, ხოლო 4.2 მუხლის თანახმად, სააგენტო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან და მისგან შესაბამისი პასუხის მიღებამდე მიიღოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები ასევე წესრიგდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით. მითითებული კანონის 21.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

საგულისხმოა, რომ სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ყველა ზემოაღნიშნული ნორმა შეიცავს მითითებას, რეგისტრაციის მიზნებისათვის უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 27.12.2016წ. N... გადაწყვეტილებით სს „...ს“ განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციით ვერ დადგინდა მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების არსებობა, შესაბამისად, წარსადგენი იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო, განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს დადგინდეს, არსებობს თუ არა რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი, რა თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია დადასტურდეს, რომ აქციონირების გზით პრივატიზების შედეგად, სს „...ს“ გადაეცა შესაბამისი უძრავი ქონება, ხოლო მეორე მხრივ, უნდა დადგინდეს, რომ სს „...ის“ მიერ წარდგენილი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის საფუძველს, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 09.08.1991წ. კანონის 1.1 მუხლით „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. ამავე კანონის 1.2 მუხლის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. კანონის 3.3 მუხლის თანახმად, პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესაძლებლობას აქციების (პაის) გაყიდვის გზით. ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად და ამხანაგობად, ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N288 დადგენილების N1 დანართით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულებით“ სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება (დებულების მე-6 პუნქტი). ამასთან, დებულების მე-10 პუნქტით დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის თანახმად, დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს (წერილობით შეტყობინებას, ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზების მიზნით), ხოლო მე-14 პუნქტის შესაბამისად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას და მიზანმიმართულ მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საწარმოს მუშაკები უნდა გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით. ამასთანავე, საწარმოს პრივატიზებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით, სააქციო საზოგადოების დაარსების მომენტში მისი კონკრეტული ქონების შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, სავალდებულოდ ჩაითვალა ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება. ამდენად, საკასაციო პალატა ადასტურებს იმ მოსაზრების ნამდვილობას, რომ ზოგადად, სადავო პერიოდში მოქმედი, საწარმოთა პრივატიზებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მიზნად ისახავდა აქციების პრივატიზებით სააქციო საზოგადოებაზე ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების (როგორც სახელმწიფო ქონების) გადაცემას (გარდა მიწის ნაკვეთებისა), თუმცა იმ გარემოების მტკიცების მიზნით, ფაქტობრივად მიღწეულ იქნა თუ არა კანონმდებლობით განსაზღვრული მიზანი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს საპრივატიზაციო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის გზით.

საქმეში წარმოდგენილი არაერთი დოკუმენტით დასტურდება, რომ სს „...ის“ აქციების 97,72% პრივატიზებულია, კერძოდ: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 05.06.1995წ. N26.16.645 დადგენილების მიხედვით, სს „...ს“ მიეცა 5 600 ცალი აქციისაგან შემდგარი აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 50,74%) პირდაპირი შესყიდვის უფლება დადგენილი წესით. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა 31.10.1996წ. გამოსცა ბრძანება N1-3/740, სს „...ის“ აქციათა პაკეტიდან პირდაპირი წესით, დადგენილ ვადებში, მთლიანად გამოსყიდულ 5 600 ცალ აქციაზე საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ. ამავე თარიღის N06/2550 წერილით სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილე ადასტურებს, რომ სს „...ის“ აქციათა პაკეტის მყიდველთა ჯგუფს საკუთრების უფლება უდასტურდება ჯამში 5 600 (ხუთი ათას ექვსას) ცალ აქციაზე, ხოლო 30.05.1997წ. წერილში მიუთითებს, რომ სახელმწიფომ გაასხვისა სს ,,...ის’’ აქციათა 97.72% და აქციები კერძო მფლობელობაშია.

რაც შეეხება საწარმოს აქციებთან ერთად შესაბამისი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების) პრივატიზების გზით გასხვისების ფაქტს, საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი არ არის საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის პროცესში ქონების შეფასების აქტი, რომლითაც უნდა დადასტურდეს სახელმწიფო საწარმოს ძირითად საშუალებათა (შენობა-ნაგებობები და სხვ.) ღირებულება და აღნიშნული ქონების შეტანა საწესდებო კაპიტალში, ასევე არ დგინდება სხვა რაიმე აქტის არსებობა, რომელიც შესაბამისი ქონების სს „...ისათვის“ საკუთრებაში გადაცემას დაადასტურებდა. საქმეში წარმოდგენილი არ არის სს "...ის" ბალანსი, რომელიც მინიმუმ შესაძლებელს გახდიდა იმ გარემოების დადგენას, რა ქონებას ფლობს საწარმო. მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის რეგიონულ არქივში დაცული მონაცემების შესაბამისად, ...ის რაიონის გამგეობის 1990-1995, 1997-2001 და 2003-2006 წლების მასალებში არ ფიქსირდება ინფორმაცია სს „...ის“ სახელზე რიცხული ქონების და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლო ვრცლად ავითარებს საკუთრების უფლების მნიშვნელობასთან დაკავშირებულ მსჯელობას, მოიხმობს საწარმოს პრივატიზებასთან დაკავშირებულ შესაბამის ნორმებს, მიუთითებს სუს დიდი პალატის 06.11.2003წ. განჩინებაზე (საქმე N3გ-ად-15-გ-03), თუმცა კონკრეტულ გარემოებათა ანალიზის გარეშე ასკვნის, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიცია, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელი ნაწილის მოსარჩელისათვის მიყიდვის ფაქტის დაუდასტურებლობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო, სათანადო გარემოებებზე მითითების გარეშე მიიჩნევს, რომ ხელახალ გამოკვლევას საჭიროებს საკითხი - განხორციელდა თუ არა საწარმოს აქციონირების გზით პრივატიზებისას, აქციებთან ერთად, მისთვის უძრავი ქონების გადაცემაც. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით აუცილებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პრივატიზაციის ტიპობრივი გეგმის გამოკვლევა, თუმცა აღნიშნული გეგმა შეიცავს ინფორმაციას პრივატიზაციის განხორციელებამდე სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების შესახებ და არ ადასტურებს უძრავი ქონების გადაცემას ახლადშექმნილი სს „...ისათვის“. როგორც უკვე აღინიშნა, უშუალოდ სს "...ის" ქონებასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება. ამ პირობებში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საწარმოთა პრივატიზებასთან დაკავშირებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, აქციების პრივატიზებით სააქციო საზოგადოებაზე უნდა მომხდარიყო ყოფილი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი ქონების გადაცემა, არ ადასტურებს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, ხელახლა გამოიკვლიოს საპრივატიზაციო გეგმაში სადავო სარეგისტრაციო ობიექტის შეტანის ნამდვილობის საკითხი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, დამატებით რა სახის მტკიცებულებების გამოკვლევის გზით უნდა უზრუნველყოს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელისათვის პრივატიზების წესით შენობა-ნაგებობის გადაცემის ფაქტის დადასტურება, შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა დაადასტურეს საქმეზე ყველა იმ დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მოსარჩელის ინტერესში შემავალ უძრავ ქონებას.

საკასაციო სასამართლო საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ სს „...ი“ საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს ...ში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმეში არსებული მასალებით და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ადასტურებს, რომ მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ტექნიკური აღიცხვის არქივში სააღრიცხვო მასალა დაცული არ არის. ამასთანავე, სადავო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადაგზავნილი სს „...ის’’ აქციათა პრივატიზების მასალები ადასტურებს, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების მისამართი არ არის შესაბამისობაში მითითებულ მასალებში დაფიქსირებულ საწარმოს მისამართთან. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს, როგორც ...ში, ...ს ქუჩა N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის პრივატიზაციის წესით შემძენი, თუმცა 29.07.1994წ. დამოწმებულ ტიპობრივ გეგმაში სახელმწიფო საწარმოს იურიდიულ მისამართად მითითებულია ...ი, ...ის ქ. N.... იგივე მისამართი ფიქსირდება სს „...ის“ აქციათა მფლობელობის დამადასტურებელ სერტიფიკატში, რომელიც არ არის დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით. ამასთან, ...ის რაიონული გამგეობის 29.07.1994წ. გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ სს „...ის“ წესდებაში საწარმოს ზუსტი მდებარეობა არ არის დაკონკრეტებული (მითითებულია მხოლოდ „...ის რაიონი“). საყურადღებოა, რომ საწარმოს პრივატიზაციის დასრულების შემდგომ გაცემულ დოკუმენტებში სს „...ის“ მისამართად ფიქსირდება ასევე ...ი, ...ის ქ. N... (30.08.1996წ. სს „...ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის - მ. მ-ს განცხადება ...ის რაიონის სახალხო სასამართლოსადმი; ...ის რაიონის სასამართლოს 31.08.1996წ. დადგენილება სს „...ის“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; 31.08.1996წ. რეგისტრირებული სს „...ის“ წესდება). საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული წარმოადგენს სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მისამართის ძველ დასახელებას, რაც გამორიცხავს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ქონების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოცემული საქმისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია 19.08.1996წ. ტექნიკური პასპორტი ...ში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რომლის მესაკუთრედაც მითითებულია სს „...ის“ დირექტორი - მ. მ-ი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 19.08.1996წ. ტექნიკურ პასპორტში ასახული მონაცემები უკავშირდება არა საწარმოს, არამედ ფიზიკური პირის საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლებას, რაც ვერ ხსნის აღნიშნული მტკიცებულების განსახილველ საკითხთან დაკავშირების მიზანს. ამასთან, საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით არ დასტურდება ტექნიკურ პასპორტში მითითებული უძრავი ნივთის მისამართის იდენტურობა როგორც სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ, ისე საპრივატიზაციო მასალებში მითითებულ საწარმოს მისამართთან. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული მონაცემებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭებისა და სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მისი გამოკვლევის დავალდებულება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა ასევე ტექნიკურ პასპორტთან ერთად საჯარო რეესტრში დაცული 19.02.1997წ. გირავნობის ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს მითითებას „სს „...ის“ მთლიანი ქონების“ დაგირავების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირი მ. მ-ი და გ...ი, ხელშეკრულებაში „ქონების დანართის“ არსებობის თაობაზე მითითების მიუხედავად, სააღრიცხვო დოკუმენტაციას დანართი არ ახლავს, რაც გამორიცხავს გირავნობის საგნის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უსაფუძვლოდ მიიჩნია სს „...ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ მოტივად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლზე მითითება და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კანონის გარდა, კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე ვრცელდება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03.06.2016 წ. კანონის მოქმედება, რომელმაც სპორადული რეგისტრაციის (საკუთრების უფლების რეგისტრაციის და არა საკუთრების უფლების აღიარების) სპეციალური წესი დაადგინა. სასამართლომ მიუთითა კანონის 12.2 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 12.2 მუხლზე მითითება უსაფუძვლოა იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება კომპეტენტური ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის მოსარჩელისათვის პრივატიზაციით გადაცემის ფაქტი. სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, საქმესთან დაკავშირებული რომელი გარემოებების გამოკვლევით უნდა უზრუნველყოს მოპასუხემ შენობა-ნაგებობის განკარგვის ფაქტის დადასტურება და შემდეგ, მითითებული კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრაცია, შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამავე კანონის 3.11 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი. ამავე დანაწესს შეიცავს მითითებული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებით დამტკიცებული „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ 1.2 მუხლი (საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N388 დადგენილებით შეტანილი ცვლილება). აღნიშნული „წესის“ 5.5 მუხლის შესაბამისად, ქონების სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენობისათვის/ნაგებობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების განსაზღვრის ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ ნორმებზე მითითება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლების დაკარგვის პირობებში, დაინტერესებული პირი, საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ საფუძველზე უფლებამოსილია მოითხოვოს საწარმოს პრივატიზების შედეგად საკუთრებაში გადაცემული შენობა-ნაგებობების შესაბამისი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა, თუმცა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც განსახილველ საქმეზე მოპასუხე მხარეს არ წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს მთავრობის 25.03.2011წ. N144 დადგენილებით დამტკიცებული „წესი“ შესაბამისი საკითხის გადასაწყვეტად არ ადგენს საჯარო რეესტრის უფლებამოსილებას, მისი გამოყენების შესაძლებლობა იარსებებდა სარჩელის დაზუსტების, მოპასუხე მხარედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასახელებისა და სახელმწიფოს მიერ შენობა-ნაგებობების მიწის ნაკვეთის გარეშე პრივატიზაციის ფაქტის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების სასამართლო წარმოების ფარგლებში დადგენის შეუძლებლობა სადავო აქტებთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს სათანადო მსჯელობას, განსახილველ დავასთან მიმართებაში ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროების თაობაზე. კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს კონკრეტიზაციას, რა გარემოებების გამოკვლევა არ მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელი მტკიცებულებების შესწავლა-შემოწმებას ითხოვს სასამართლო და რა გარემოებების გამოვლენის პირობებში ჩნდება მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი პერსპექტივა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2018წ. გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე