საქმე #ბს-1265(კს-20) 11 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს „...ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 28 თებერვალს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის #23316 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საშემოსავლო და სოციალური გადასახადის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 ოქტომბრის #761 საგადასახადო მოთხოვნისა და საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
შპს „...მა“ 2019 წლის 29 იანვარს, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე შპს „...ს“ გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესრულება სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
2020 წლის 19 ოქტომბერს შპს „...ის“ დირექტორმა - ი. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის #761 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერება მოითხოვა. შუამდგომლობის ავტორმა მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადავო აქტების შეჩერების 2 საფუძველი: 1) არსებობდა დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; 2) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებდა მხარეს ან შეუძლებელს გახდიდა მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ შუამდგომლობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 07 თებერვლის ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის #761 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტები განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შესაჩერებელი ადმინისტრაციული აქტების ჯგუფს და მათი მოქმედების შეჩერება დამოკიდებულია განმცხადებლის შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე სადავო აქტის უკანონობისა ან/და პირის კანონიერი უფლების დარღვევის შესახებ, ან უნდა წარმოიშვას დასაბუთებული ეჭვი, რომ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდგომში დაცვას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ ქმნიდა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე და ასევე მათი გადაუდებელი აღსრულებით განმცხადებლის კანონიერი ინტერესების არსებითი დაზიანების თაობაზე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო სადავო აქტების მოქმედების შეჩერების კანონისმიერი წანამძღვრები. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან წარმოადგენდა საქმის არსებითად განხილვის საგანს და დაადგინა, რომ არ არსებობდა შპს „...ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „...ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება არის უკანონო, ვინაიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი სამართლებრივი შეფასებები არ შეესაბამება სინამდვილეს და აზრს უკარგავს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტების მოქმედება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ავტომატურად არ ჩერდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმო განიცდის მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს, ვინაიდან სადავო აქტების საფუძველზე საწარმოს მიმართ გავრცელდა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, ქონება და საბანკო ანგარიშები არის დაყადაღებული, რაც ავტომატურად ნიშნავს კომპანიის საქმიანობის შეწყვეტას და მის გაკოტრებას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ასევე, აღსანიშნავია, რომ სადავო აქტების უკანონობა დასტურდება წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკით. კერძოდ ე.წ მენუალებით, რომლის შესაბამისად, საწარმოს უფლება აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს 75% დოკუმენტალურად დაუსაბუთებელი ხარჯი, თუ ფაქტობრივად დასტურდება ხარჯის არსებობა. საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სახეზეა სადავო აქტების შეჩერების 2 საფუძველი: 1) არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; 2) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, შპს „...ის“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებით დარღვეული უფლების აღდგენას, არამედ გადაწყვეტილების მიღებამდე უფლების პრევენციული დაცვის შესაძლებლობასაც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სახით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს.
განსახილველ შემთხვევაში შპს „...ის“ მიერ, კერძო საჩივარში, დაყენებულია მოთხოვნა: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის #761 საგადასახადო მოთხოვნის მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომლითაც, შპს „...ს“ დაერიცხა 3 085 576.99 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 1 496 905 ლარი, ჯარიმა 549 684 ლარი და საურავი 1 038 987.99 ლარი; შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რომლითაც შპს „...ის“ საჩივარი (სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის #23316 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 ოქტომბრის #761 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული თანხების კორექტირება; ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება, რომლითაც შპს „...ის“ საჩივარი (სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 30 ოქტომბრის #23316 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 ოქტომბრის #761 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 7 თებერვლის #4425 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „...ის“ 2012 წლის 28 ნოემბრის საჩივარი) არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციული აქტები განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შესაჩერებელი ადმინისტრაციული აქტების ჯგუფს. ასეთი აქტების მოქმედების შეჩერება დამოკიდებულია საჩივრის ავტორის მოთხოვნის დასაბუთებულობაზე სადავო აქტის უკანონობისა ან/და პირის კანონიერი უფლების დარღვევის შესახებ, დასაბუთებული ეჭვის არსებობაზე იმის შესახებ, რომ აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს და შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდგომში დაცვას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა.
ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარის მოთხოვნით შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად.
ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას. ინტერესთა ბალანსი დგინდება სარჩელის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმებით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებაზე ინტერესის უპირატესობა აშკარაა, თუ სარჩელს აქვს წარმატების ნაკლები პერსპექტივა, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-930-922(2კ-16)).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტების კანონიერების საკითხის შესწავლა და გადაწყვეტა სასამართლოს არსებითი განხილვის საგანს წარმოადგენს და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მიმდინარეობს აქტის კანონიერების შემოწმება. აქედან გამომდინარე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემობები და მტკიცებულებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ დაასკვნას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცალსახად უკანონოა.
თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასა და აღსრულების შეჩერებაზე არსებული ინტერესების ურთიერთშეპირისპირებისას სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უფლების დროებით დაცვაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-930-922(2კ-16)).
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარისთვის სადავო აქტების მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისთვის ზიანის მიყენების საფრთხეებზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება ჰქონდა არ შეეჩერებინა სადავო აქტების მოქმედება ძირითადი მოთხოვნის ნაწილში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შპს „...ს“ ძირითად გადასახადთან ერთად დაეკისრა ჯარიმა და საურავი. იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი გადასახადის სახით შპს „...ს“ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა დაეკისრა, რამაც მის ქონებაზე ყადაღის დადება და ფინანსური სირთულეების წარმოქმნა გამოიწვია, ჯარიმამ და საურავმა (განსაკუთრებით საურავის ბუნების გათვალისწინებით, რომელიც ყოველდღიურად მზარდია) კიდევ უფრო მეტად გააუარესა კერძო საჩივრის ავტორის ფინანსური მდგომარეობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქტის საფუძველზე განსახორციელებელი ქმედებებით კერძო საჩივრის ავტორის არსებითი ზიანის მიყენების ან მისი კანონიერი უფლება-ინტერესის დაცვის შეუძლებლობის ფაქტი სასამართლომ უნდა შეაფასოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და კანონის უზენაესობის დაცვის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებაზე იმის შესახებ, რომ სადავო აქტების საფუძველზე საწარმოს მიმართ გავრცელდა საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, ქონება და საბანკო ანგარიშები არის დაყადაღებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც სასამართლომ გაიზიარა შპს „...ის“ მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მისი მხრიდან ბაჟის გადახდის ფაქტობრივი შეუძლებლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე დაყრდნობით, გადაუვადა ბაჟის გადახდის ვალდებულება. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შპს „...ისთვის“ ბაჟის გადავადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კერძო საჩივრის ავტორი იმყოფება რთულ ფინანსურ მდგომარეობაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის დაყენების ეტაპზე, შპს „...ის“ მხრიდან წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომ მას საბანკო ანგარიშებზე არ გააჩნდა თანხები და მისი ქონება იყო დაყადაღებული.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სადავო აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან წარმოადგენდა საქმის არსებითად განხილვის საგანს, არ არსებობდა შპს „...ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ აქტის კანონიერების თაობაზე არსებითი განხილვის მიმდინარეობა არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ სადავო აქტის მოქმედების შეჩერება გამოირიცხოს. ადმინისტრაციული კანონმდებლობა აქტის მოქმედების შეჩერების წინაპირობად, მისი უკანონობის გარდა, სადავო აქტის გადაუდებელი აღსრულებით მხარისთვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტსაც ითვალისწინებს. აღნიშნული წინაპირობების გამორიცხვა და აქტის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ აქტის კანონიერების თაობაზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს, შინაარსს აცლის აქტის მოქმედების შეჩერების უფლებას.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების მოქმედების შეუჩერებლობით არსებითი ზიანი ადგება მხარეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წანამძღვრებს, რის გამოც შპს „...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შპს „...ის“ შუამდგომლობა ჯარიმისა და საურავის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შპს „...ის“ შუამდგომლობა ჯარიმისა და საურავის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. შპს „...ის“ კერძო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე