Facebook Twitter

ბს-124(კ-19) 27 აპრილი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2018წ. განჩინებებზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ვ-ემ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნებით მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.06.2017წ. N349 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში ...-...ის შემაერთებელი მაგისტრალზე, გზის მარჯვენა მხარეს (...ის ქუჩა) მდებარე 2532 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ბ. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.03.2018წ. გადაწყვეტილებით ბ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. ვ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2018წ. განჩინებით ბ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 2005წ. და 2010წ. ფოტოებზე არ ჩანს ნაკვეთის ერთიან ღობეში მოქცევის ან რაიმე სახით სარგებლობის კვალი, ხოლო წარმოდგენილ ორთოფოტოებში ასახული ვითარება განსხვავებულად ვერ დადასტურდება მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო დისკრეციით. მოცემულ შემთხვევაში აღიარების კომისიამ კერძო და საჯარო ინტერესებისა და არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნია ბ. ვ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სსიპ არქიტექტურის სამსახურის 17.05.2017წ. წერილით ეცნობა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო საზოგადოებრივ საქმიან ზონაში, მასზე გათვალისწინებული იყო სასაფლაოების სპეციალური და გზის გაფართოების დროებითი შეზღუდვა და კვეთდა ... საკადასტრო ერთეულს, რის საფუძველზე თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, აღიარების კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ბ. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების კანონის დანაწესის შეუსაბამოდ/საწინააღმდეგოდ გამოყენება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. ვ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ შეუფასებია დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და სხვა მასალები, რომლებიც ნათლად ადასტურებენ ბ. ვ-ის სახელზე საკუთრების უფლების ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე ფლობის ფაქტს. კასატორი მიუთითებს, რომ შეუძლებელია ორთოფოტოთი და აეროგადაღებით დადასტურდეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და მისი დაკავების დროის ხანგრძლივობა. არქიტექტურის სამსახურის 19.05.2017წ. პასუხთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ სასაფლოების სპეციალური და გზის გაფართოების დროებითი შეზღუდვის გამო საკუთრების რეგისტრაციის აკრძალვის კონკრეტულ გარემოებებზე და სამართლებრივ საფუძვლებზე ამ წერილში არ არის მითითებული. სასაფლაოს განვითარების პერსპექტივა ვერ გახდება საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი. ამასთანავე, ამ ეტაპისათვის არ არსებობს ნაკვეთის ამ დანიშნულებით გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორი მიუთითებს, რომ აღიარების კომისიას წარედგინა კანონით მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაირღვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენისა და მისი საკუთრებად რეგისტრაციის კონსტიტუციური საფუძვლები. კასატორი მოითხოვს საქმის განხილვის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.18წ. განჩინების გაუქმებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მას არ მიეცა შესაძლებლობა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (აეროგადაღება, ორთოფოტოები) სათანადოდ გაცნობის და მასზე პოზიციის წარდგენის, საპასუხო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა, რითაც დაირღვა სამართლიანი სასამართლოს და თანასწორუფლებიანობის პრინციპი.

ბ. ვ-ემ 26.04.21წ. განცხადებით დავის დასრულებამდე შესაძლო განკარგვა-გასხვისების შედეგად მისთვის მოსალოდნელი გამოუსწორებელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ იგეგმება მის მიერ უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთის გარკვეული დანიშნულებით განკარგვა ან/და სხვა სუბიექტის საჭიროებისათვის მისი გადაცემა, რაც შემდეგში შეუძლებელს გახდის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში, ...-...ის შემაერთებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3960 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ბ. ვ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 06.04.01წ. N2-135 აუქციონის ხელშეკრულება, 05.02.2007წ. მიღება-ჩაბარების აქტი და მცხეთის ნოტარიუს მ. ჩხენკელის მიერ 06.02.07წ. დამოწმებული N1-331 ნასყიდობის ხელშეკრულება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 16.12.2014წ. №14/19130 განცხადებით მიმართა ბ. ვ-ემ და მოითხოვა ქ. თბილისში, ...-...ის შემაერთებელი მაგისტრალთან მდებარე 5342.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მომიჯნავედ არსებულ 2532.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება იმ საფუძვლით, რომ ამ მიწის ნაკვეთს, ფლობდა და სარგებლობდა 2005 წლიდან დღემდე, მიწა შემოფარგლულია ერთიანი ღობით და წარმოადგენს ერთ მთლიან ნაკვეთს. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.07.2015წ. (სხდომის ოქმი №444, საკითხი 32) გადაწყვეტილებით, ბ. ვ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.06.2015წ. წერილის თანახმად ქ. თბილისში, ...-...ის შემაერთებელი გზის მარჯვენა მხარეს მდებარე 2532 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერქპექტიული განვითარების გეგმის მიხედვით მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში, მასზე გათვალისიწნებულია 721413073 სისტემური რეგისტრაცია (არ იძებნება ვისზეა აღრიცხული) და გზის გაფართოების დროებითი შეზღუდვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2016წ. გადაწყვეტილებით ბ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბ. ვ-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 06.07.2015წ. N444 საოქმო გადაწყვეტილება და საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე ბ. ვ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. პალატამ მიუთითა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.06.2015წ. წერილი და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები აღიარების კომისიის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ დადებია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს გარემოება სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუმოწმებია და შეუსწავლია განცხადებაზე დართული მტკიცებულებები და მისი უარი არ ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19.05.2017წ. წერილის თანახმად ქ. თბილისში, ...-...ის შემაერთებელი გზის მიმდებარედ 2532 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში (სსზ-2), მასზე გათვალისწინებულია სასაფლაოების სპეციალური და გზის გაფართოების დროებითი შეზღუდვა, ამასთან, კვეთს ...საკადასტრო ერთეულს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.06.2017წ. #349 განკარგულებით ბ. ვ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი, ასევე, აღიარების მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის პირობებს და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროისათვის მოქმედი რედაქციის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 2.1 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმის შესახებ, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის 2005წ. და 2010წ. ფოტოებზე არ ჩანს შემოღობვის, ერთიან ღობეში მოქცევის ან რაიმე სახით სარგებლობის კვალი, ამასთან, წარმოდგენილ ორთოფოტოებში ასახული ვითარება განსხვავებულად ვერ დადასტურდება მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ,,სივრიცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 20.07.2018წ. N3213-რს კანონით) მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა განიმარტებოდა, როგორც საქმიანობა, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014წ. N20-104 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების“ (ძალადაკარგულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02.2018წ. N13-35 დადგენილებით) მე-2 მუხლის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება. განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19.05.2017წ. წერილის თანახმად ქ. თბილისში, ...-...ის შემაერთებელი გზის მიმდებარედ 2532 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში (სსზ-2), მასზე გათვალისწინებულია სასაფლაოების სპეციალური და გზის გაფართოების დროებითი შეზღუდვა, ამასთან, კვეთს ...საკადასტრო ერთეულს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს, თუმცა აღნიშნული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მეორე მხარეს არ ათავისუფლებს იმ გარემოებების მტკიცების ვალდებულებებისაგან, რომლებზეც იგი ამყარებს საკუთარ მოთხოვნას თუ შესაგებელს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი მოსარჩელეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, ამტკიცოს მის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა/კანონშესაბამისობა. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეუწონლად მიიჩნია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ბ. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების კანონის დანაწესის შეუსაბამოდ გამოყენებას დაადასტურებდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216.1 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საქმის განხილვის გადადების თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. კასატორი მიუთითებს, რომ მას არ მიეცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ გაცნობის, მასზე პოზიციის წარდგენის და საპასუხო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა ასეთ მტკიცებულებებზე ან/და საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტზე ბ. ვ-ე საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს. ამდენად, კასატორის პრეტენზია საქმის განხილვის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.18წ. განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1 მუხლზე, რომლის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული მისი გამოყენება და გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის საკითხი (სუსგ 09.03.2017წ. განჩინება, საქმე Nბს-935-927(კს-16)). მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2018წ. განჩინებები.

3. ბ. ვ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 22.02.2019წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. ბ. ვ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ დარჩეს განუხილველად.

5. ბ. ვ-ეს (პირადი N...) დაუბრუნდეს განცხადებაზე 26.04.2021წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე