Facebook Twitter

ბს-139(გ-21) 26 აპრილი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა მ. გ-ას სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. გ-ამ 20.11.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: თ. მ-ის ქ. თბილისის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ მინისტრის 09.09.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მ. გ-ას სსიპ თბილისის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოპასუხისთვის მ. გ-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მიუღებელი ხელფასის (2 500 ლარი თვეში) სახით 09.09.2020 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება 10 000 ლარის ოდენობით.

მ. გ-ამ აღნიშნა, რომ 2014 წლის 9 სექტემბრიდან 2020 წლის 9 სექტემბრამდე მეორე ვადით იკავებდა ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობას. შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 08.09.2020წ. მ. გ-ამ ელექტრონულ საქმის წარმოების სისტემა „ეფლოუზე“ მიიღო მისი, როგორც სკოლის დირექტორის რეგისტრაციის შეწყვეტის ბრძანება. სხვა სკოლის დირექტორებს 07.09.2020წ. დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათ გაეგზავნებოდათ განცხადება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გადანიშვნაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აღნიშნულ სიაში მოსარჩელე არ იყო. მ. გ-ამ განცხადებით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე. მ. გ-ას პასუხად ეცნობა, რომ შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საჯარო სკოლის დირექტორების კონკურსში ან საქმიანობა მასწავლებლად გაეგრძელებინა, ხოლო მოთხოვნა ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე არ დაუკმაყოფილდა. ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თ. მ-ი, რომელიც მანამდე ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა და მ. გ-ას მსგავსად, 08.09.2020 წ. ამოეწურა N... საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადა. მოსარჩელემ მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქ. თბილისის N... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ განცხადებით. მ. გ-ა აღნიშნავს, რომ სკოლებში, სადაც მოქმედ დირექტორებს ხელშეკრულება არ გაუგრძელდათ, მოვალეობის შემსრულებლად არა გარეშე პირები, არამედ დირექტორის მოადგილეები დანიშნეს, მათ შორის, N... სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თ. მ-ის მოადგილე დანიშნეს, N... საჯარო სკოლაში კი, მ. გ-ასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოვალეობის შემსრულებლად N... სკოლის დირექტორი დანიშნეს. მ. გ-ა აღნიშნავს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მიდგომა და დაირღვა მოქმედი კანონმდებლობა, რის საფუძველზეც, იგი მოითხოვს დარღვეული უფლებების აღდგენას, განაცდურისა და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დავა არ გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებიდან, რის გამო სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 2.3 მუხლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2020წ. განჩინებით მ. გ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლო მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის წარმოშობილი შრომითი დავა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო. სასამართლო, ასევე, მიუთითებს სასკ-ის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს. ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს, რადგან იგი წარმოადგენს საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავას. სასამართლომ დაადგინა, რომ მ. გ-ას სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2020წ. განჩინებით მ. გ-ას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. სასამართლომ განმარტა, რომ დაზუსტებას საჭიროებდა სასარჩელო მოთხოვნები, სრულად იყო მისათითებელი ფაქტობრივი გარემოებები და წარსადგენი იყო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. გ-ას მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან ერთად, სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ წარმოშობილი დავის საფუძვლით, საქმის საკასაციო სასამართლოსთვის გადაცემა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.01.2021წ. განჩინებით მ. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.11.2020წ. განჩინება და საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის ეტაპიდან განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუფასებია წინამდებარე დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის დასაშვებობა. თუ სასამართლო დაასკვნიდა, რომ დავა არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, იგი ვალდებული იყო, სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილისა და სასკ-ის 26-ე მუხლი მე-3 ნაწილიდან გამომდინარე დავა წამოეწყო განსჯადობის შესახებ და აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. პალატამ მიუთითა, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 41.4 და 44.3 მუხლების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე ამავე საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით ითხოვს მის დანიშვნას ქ. თბილისის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლზე არ ადასტურებს დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას, რადგან ხსენებული ნორმის სუბიექტია საჯარო სკოლის დირექტორი, სადავო შემთხვევაში, კი მ. გ-ას არ გააჩნია დირექტორის სტატუსი. მოსარჩელე დანიშვნას არ უკავშირებს შრომის კოდექსს, სადავო ბრძანება და ბრძანება, რომლის გამოცემასაც ითხოვს მოსარჩელე, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული სამართალწარმეობის წესით, დავა ეხება ადმინისტრაციული კანონმდებლობას, კერძოდ, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.02.2021წ. განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას აღნიშნული სარჩელის ადმინისტრაციული წესით განხილვის საჭიროების შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, გასაჩივრებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობით - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ასევე, მოსარჩელის მოთხოვნაა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის ისეთი ქმედების დავალება, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, ხოლო მატერიალური და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებებისგან, რომლებიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელზე განსჯადობის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე უნდა გადაგზავნოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ მ. გ-ას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. გ-ას სასარჩელო მოითხოვნას შეადგენდა: თ. მ-ის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ მინისტრის 09.09.2020წ. ბრძანების ბათილად ცნობა, მ. გ-ას სსიპ თბილისის ...-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოპასუხისთვის მ. გ-ას სასარგებლოდ მატერიალური და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის ნორმების მითითება არ გულისხმობს დავის ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების წესით განხილვას, რადგან „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი შეიცავს განსჯადობის სპეციალურ წესს, კერძოდ ხსენებული კანონის 12.3 მუხლი ადგენს, რომ საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს. ამდენად, განსახილველი დავის სამოქალაქო წესით განხილვის ვალდებულება კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა დოგმატურ საკითხთა რიგს განეკუთვნება, რომელსაც მხოლოდ კონკრეტული მართლწესრიგისათვის აქვს მნიშვნელობა, არ არსებობს უნივერსალური გამიჯვნის წესები. სხვადასხვა ქვეყნის ადმინისტრაციული იუსტიციის ორგანოების კომპეტენცია შედგება კანონებით და სასამართლო პრაქტიკით, ისტორიული მეტამორფოზებით დამკვიდრებული საერთო და საგამონაკლისო წესებისაგან, საგამონაკლისო წესები ზოგჯერ აფართოებენ ან ზღუდავენ ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციას. ამდენად, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა მოცემულ შემთხვევაში არ იძლევა ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების იურისდიქციის გაფართოების შესაძლებლობას, საამისოდ საჭიროა კანონში ნოვაციის შეტანა. შესაბამისად, კანონისმიერ განსჯადობას ვერ შეცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა სადავო აქტის საჯარო ბუნების, სადავო აქტში აქტის გამოცემის საფუძვლად საჯარო კანონმდებლობის - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის ნორმების მითითება. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასამართლო კოლეგიები საერთო სასამართლოების სისტემის შემადგენელი ნაწილებია, რომელთა იურისდიქცია კანონმდებლობით განისაზღვრება, მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა საგამონაკლისო წესით ითვალისწინებს სამოქალაქო სამართალწარმოებით სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართალურთიერთობის გადაწყვეტას. კანონით განსაზღვრულ საგნობრივ განსჯადობას არ ცვლის საკასაციო პალატის განჩინებაზე მითითება, ანალოგიის გავლება არარელევანტურია, რადგან მოცემული დავა არ ეხება საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს, რომლის შესახებ დავაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არის განსახილველი (სუს 15.10.2015წ. Nბს-419-412(გ-15) განჩინება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსჯადობის დადგენილი წესები უფლებების დაცვის ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს(მე-6 მუხ.). საქმის ამა თუ იმ სასამართლოსადმი არაგანსჯადობის შემთხვევაში, უწყებრივი ქვემდებარეობისგან განსხვავებით, სასამართლო, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების მიხედვით, ვალდებულია, განსჯადობის დარღვევით წარდგენილი სარჩელი გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობოს მოსარჩელეს (სასკ-ის 26-ე მუხ.), ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ jura novit curia-ს პრინციპიდან გამომდინარე (სასამართლოსათვის ცნობილია სამართლებრივი პრინციპები), განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე, დავა განსჯადობის თაობაზე წარმოიშობა სასამართლოებს და არა სასამართლოსა და მხარეთა შორის. დაუშვებელია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის მიჩნევა საჯარო-სამართლებრივ დავად და მისი ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების წესით განხილვა იმის გამო, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას საჯარო სამართლის ნორმების მოშველიებით ასაბუთებს. დაუშვებელია, აგრეთვე, არაგანსჯადი სასამართლოს განსჯად სასამართლოდ მიჩნევა მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის (ordre public) შემადგენელ ნაწილად. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მ. გ-ა აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე განცხადების წარდგენის დროს იგი დირექტორის სტატუსით არ სარგებლობდა, რაც გამორიცხავს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრულ გარემოებას დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ (რასაც 25.01.2021წ. განჩინებაში იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა), თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსაზღვრული მომენტისთვის, მოსარჩელის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლით დირექტორის თანამდებობაზე არყოფნა არ ქმნის მისი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლში მოცემულ სუბიექტად განსაზღვრის გამომრიცხავ გარემოებას. მხარეთა შორის დავის გადაწყვეტისას მნიშვნელობა ენიჭება მათ შორის არსებულ წინარე ურთიერთობას, რომელშიც მ. გ-ა, სწორედ, შრომითი ურთიერთობით განსაზღვრულ - დირექტორის თანამდებობას იკავებდა და მისი მოთხოვნებიც, სწორედ, მის მიერ მანამდე დაკავებული თანამდებობის უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას გულისხმობს. ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 6.3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ დავა განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 12.3 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ქ. ცინცაძე