ბს-236 (კ-19) 27 აპრილი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ო-მა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნებით მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მესამე პირის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 19.08.2007წ. N... გადაწყვეტილების, 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში რეგისტრაციის შესახებ 30.10.2008წ. N... და 14.12.2009წ. N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.12.2015წ. N... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 30.12.2015წ. N... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 21.01.16წ. N01-8/327 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აგრეთვე, ლ. ო-ის სახელზე 2001 წლიდან რიცხული ქ. თბილისში, ...ის მუნიციპალიტეტში, ... ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის უძრავი ნივთიდან (ს/კ ...) გამოთავისუფლების თაობაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დავალდებულება და ქ. თბილისში, ...ის მუნიციპალიტეტში, ... ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ლ. ო-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს ,,ს...“, გ. ბ-ი, ი. ე-ი, ლ. ზ-ე, ლ. თ-ი, ნ. კ-ე, ნ. ო-ე და ც. ჩ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.07.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ო-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2018წ. განჩინებით ლ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.08.2007წ. N... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ..სა და...ს ... შორის ... ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ ...) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.1994წ. N25.25.533 დადგენილების საფუძველზე დარეგისტრირდა ი. ე-ის, ც. ჩ-ის, ნ. კ-ის, გ. ბ-ის, ლ. თ-ის, ნ. ო-ისა და ლ. ზ-ის თანასაკუთრება. ზემოთ მითითებულ უძრავ ქონებაზე მარეგისტრირებელი ორგანოს 30.10.2008წ. N012008316094 გადაწყვეტილებით 22.10.2008წ. გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა შპს ,,ს...“-ის საკუთრება, ხოლო 10.12.2009წ. უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 14.12.2009წ. N... გადაწყვეტილებით ამ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა გულისხმობს უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისობის დადგენას საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებასთან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.1994წ. N25.25.533 დადგენილების ბათილად ცნობა. აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელეს არც სასარჩელო განცხადებაში დაუფიქსირებია და არც სასამართლო სხდომაზე გაუჟღერებია. 08.06.2016წ. დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გაუგებარია კავშირი მის კანონიერ მფლობელობაში არსებულ 1110 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მოქალაქეთა ჯგუფის სახელზე გაფორმებულ 8100 კვ.მ. მიწის ნაკვეთს შორის. დავის სააპელაციო ინტანციაში განხილვის ეტაპზე ლ. ო-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.1994წ. N25.25.533 დადგენილების ბათილად ცნობა, რაც პალატის მიერ უარყოფილ იქნა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა არა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებას, არამედ გაზრდას, რაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოშობდა მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სწორად შეაფასა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ისინი კანონიერად მიიჩნია უძრავ ნივთზე მათი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ 1994 წლიდან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციაა. მოცემულ შემთხვევაში ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მოსარჩელის სარგებლობის უფლებით სადავო ფართი აღრიცხულია 2001 წლის N00018 სააღრიცხვო ბარათის საფუძველზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენს 1994 წლიდან აღრიცხულ ფართს და მასზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ო-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღრული ზედდება, კერძოდ, დაფიქსირდა გადაფარვა ქ. თბილისის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეგისტრაციის კანონიერების შეფასებისას, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ასევე საქმის სასამართლო განხილვისას არ წარმოდგენილა სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 12.03.2015წ. N... სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა ლ. ო-მა და მოითხოვა თბილისში, ...ის რაიონში, ... ...ს მიმდებარედ 1110 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის 16.03.2015წ. N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით (ცნობა-დახასიათების მიხედვით) მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 1110 კვ.მ.-ს და წარმოადგენს 1994 წლიდან აღრიცხულ ფართს. 1994 წლიდან აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა წარმოადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას. ამდენად, განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ დამატებით წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გადაფარვა დაფიქსირდა ქ. თბილისის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. იმავე საკითხთან დაკავშირებით მარეგისტრირებელ ორგანოს 25.11.2015წ. N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ლ. ო-მა. საჯარო რეესტრის 01.12.2015წ. N... გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციის განხორციელებაზე და განემარტა, რომ N... განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებდა ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას, რომელიც საფუძვლად დაედო N... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტას, მხოლოდ მიწის ნაკვეთის საკადასატრო აზომვითი ნახაზი არ განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის N... განცხადებაზე სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარდგენილი იყო კვლავ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მომზადებული ცნობა-დახასიათება, აზომვითი ნახაზი. კანონი საკითხის ხელახალი განხილვისათვის მიმართვის უფლებას უშვებს არა მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილ გარემოებების არსებობისას, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუკი ფაქტობრივი ან სამართლებრივი ვითარება შეიცვალა განმცხადებლის სასარგებლოდ, რაც ამ შემთხვევაში არ დასტურდება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერც ადმინისტრაციულ ორგანოში და ვერც სასამართლოში საკითხის განხილვის დროს ვერ მიუთითა მტკიცებულებაზე ან/და გარემოებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა მის სასარგებლოდ ვითარების შეცვლას და რომელიც მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან მისი განცხადების ხელახალი განხილვის ვალდებულებას წარმოშობდა. მხოლოდ ახალი მიწის აზომვითი ნახაზის წარდგენით მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე 01.12.2015წ. №... გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარზე ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 22.12.2015წ. №... გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს გასაჩივრების წესს და ვადას. ამასთან, გასაჩივრების წესში დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ამ აქტის გასაჩივრება შესაძლებელი იყო სასამართლოში. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია, ვინაიდან იმავე საკითხზე საჩივრის წარდგენის პირობებში საჯარო რეესტრი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენციას მიეკუთვნება. საკითხზე მხოლოდ განცხადების წარდგენა არ განაპირობებს დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას. დაინტერესებული პირის ვალდებულებას წარმოადგენს საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. თავის მხრივ სააგენტოს ვალდებულება არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 21.01.2016წ. №01-8/327 აქტის გამოცემისას გაითვალისწინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ლ. ო-ის N... და N... სარეგისტრაციო განცხადებებზე თანდართული დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით მოსარჩელეს არ წარუდგენია იმ სახის დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე მის უფლებას დაადასტურებდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კანონიერია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ო-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება სადავო მიწის ნაკვეთის 1990 წლიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. უძრავი ნივთის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხვის ფაქტი დასტურდება ცნობა-დახასიათებით, სააღრიცხვო ბარათით და მეზობლების მიერ შედგენილი აქტით. კასატორის მითითებით საკუთრების უფლების აღიარების კომისია აღნიშნულ საკითხს ვერ იხილავს, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. კასატორი მიუთითებს, რომ სარჩელის მიზანი იყო ყველა იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც შეეხება მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულ რეგისტრაციებს, მათ შორის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.1994წ. N25.25.533 დადგენილების ბათილად ცნობა. სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა ამ დადგენილების კანონიერებაზეც. კასატორი აღნიშნავს, რომ მას სასარჩელო მოთხოვნებში გამორჩა ამ დადგენილებაზე მითითება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით მოითხოვს საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.1994წ. N25.25.533 დადგენილების თანახმად მიღებული იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება (17.11.1994წ. N24 სხდომის ოქმი) და დაკმაყოფილდა მოქ. ი. ე-ის, ც. ჩ-ის, გ. ბ-ის, ნ. ო-ის, ლ. ზ-ის, ნ. კ-ის და ლ. თ-ის თხოვნა ვაკის რაიონში, ..სა და...ს ... შორის ... ...ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. ამავე დადგინილებით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის ფართობი უნდა დაზუსტდეს გენგეგმის შედგენის შემდეგ. არქიტესქტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.1994წ. N25.25.533 დადგენილების საფუძველზე, 17.01.2005წ. შედგა ქ. თბილისში, ...ის ...ში, ...ის და ...ს ...ებს შორის ... ... ...ში ი. ე-ისთვის, ც. ჩ-ისთვის, გ. ბ-ისთვის, ნ. ო-ისთვის, ლ. ზ-ისთვის, ნ. კ-ისთვის და ლ. თ-ისთვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გეგმა. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებამ 15.08.2007წ. N1275 ცნობა გასცა მასზედ, რომ 15.08.2007წ. საგადასახადო ინსპექციაში განცხადება წარადგინეს ი. ე-მა, ც. ჩ-ემ, გ. ბოსტოღანიშვილმა, ნ. კ-ემ, ნ. ო-ემ, ლ .ზ-ემ და ლ. თ-მა, რომლის მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტის N25.25.533 დადგენილების საფუძველზე განმცხადებლები საჯარო რეესტრში ახდენენ ..სა და...ს ... შორის ... ...ში მიწის ნაკვეთის რეგისტარციას. საგადასახადო ინსპექციამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ოპერაციის მიხედვით სრულად არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, ამასთან, განმცხადებლებს შესრულებული აქვთ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონით საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის მოთხოვნა, კერძოდ, 01.01.2005 წლამდე მოქმედი მიწის გადასახადის მიხედვით შესრულებული აქვთ საგადასახადო ვალდებულება და დავალიანება არ ერიცხებათ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.08.2007წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ..სა და...ს ... შორის ... ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8100 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგეობაზე დარეგისტრირდა ი. ე-ის, ც. ჩ-ის, გ. ბ-ის, ნ. ო-ის, ლ. ზ-ის, ნ. კ-ის და ლ. თ-ის თანასაკუთრების უფლება (ს/კ ...). ამ უძრავ ნივთზე მომზადებულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერში უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებად მითითებულია: ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონი; მიწის ნაკვეთის გეგმა, დამოწმების თარიღი: 17.01.2005წ., ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტი; დადგენილება N25.25.533, დამოწმების თარიღი: 01.12.1994წ., ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონზე, რომლის 20.2 მუხლის თანახმად რეგისტრაცია წარმოებდა, როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით რეგისტრაცია განიმარტებოდა, როგორც უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი განიმარტებოდა, როგორც ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. იმავე პერიოდში მოქმედი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის 3.1 მუხლის მიხედვით კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდა საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები, ხოლო იმავე კანონის 4.1 მუხლის თანახმად საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ენიჭებოდა ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამდენად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ი. ე-ის, ც. ჩ-ის, გ. ბ-ის, ნ. ო-ის, ლ. ზ-ის, ნ. კ-ის და ლ. თ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოიშვა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონისა (ძალადაკარგულია 19.12.2008წ. N820-IIს კანონით) და ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის (ძალადაკარგულია 20.09.2007წ. N5274-რს კანონით) შესაბამისად. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო შეემოწმებინა სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული დოკუმენტები წარმოადგენდა თუ არა იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა გულისხმობს უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისობის დადგენას რეესტრში რეგისტრირებულ უფლებასთან. კასატორი არ უთითებს თუ რაში მდგომარეობს ზემოთ მითითებულ სამართლის ნორმებთან სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების შეუსაბამობა. მოსარჩელე მოითხოვს მარეგისტრირებელი ორგანოს 16.08.2007წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თუმცა რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ძალაში მყოფი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. უფლების დამდგენი დოკუმენტით აღრიცხული უფლება შესაბამისობაშია მიღებულ გადაწყვეტილებასთან და უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა იმ პირთა საკუთრების უფლება, რომელთაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.1994წ. N25.25.533 დადგენილებით ვაკის რაიონში, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის გამოეყოთ მიწის ნაკვეთი. განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 01.12.1994წ. N25.25.533 დადგენილების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 30.10.2008წ. გადაწყვეტილებით გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (ნოტარიუსი ქ. ჩ-ე, თარიღი: 22.10.2008წ.) საფუძველზე უძრავ ნივთზე ს/კ ... დარეგისტრირდა შპს ,,ს...“-ის საკუთრების უფლება. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 14.12.2009წ. გადაწყვეტილებით იმავე უძრავ ნივთზე უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების (10.12.2009წ. დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ) საფუძველზე დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო ამავე კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 10.4 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. განსახილველ შემთხვევაში გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება განიხილება 30.10.2008წ. მოქმედი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ,,უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად“, ასევე, უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება განიხილება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ისეთ ,,სარეგისტრაციო დოკუმენტად“, რომელიც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოშობს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშულოად წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას" (სუსგ 02.07.2015წ. საქმე Nბს-30-30(2კ-15)). ამდენად, ჩანაწერის უსწორობაზე მსჯელობა, ისეთ პირობებში, როდესაც საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი კასატორის მიერ არაა შედავებული, გამორიცხავს ჩანაწერის უსწოროდ მიჩნევას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.03.2015წ. განცხადებით მიმართა ლ. ო-მა და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ მდებარე 1110 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას დაერთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ტექნიკური პასპორტიზაციის სააღრიცხვო ბარათი, საინვენტარიზაციო გეგმა, ცნობა-დახასიათება. საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 16.03.2015წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ მის მიერ არ არის წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი მოითხოვს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების გზით რეგისტრაციას, ეცნობა, რომ 1110 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ტექ. ინვენტარიზაციის მონაცემებით წარმოადგენს 1994 წლიდან აღრიცხულ ფართს. 1994 წლიდან აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა წარმოადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით დადგინდა გადაფარვის არსებობა თბილისის თვითმმართვეული ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. საჯარო რეესტრის 21.04.2015წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ლ. ო-მა 25.11.2015წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ მდებარე 1110 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ასევე, მიუთითა 12.03.2015წ. განცხადებაზე დართულ დოკუმენტებზე. საჯარო რეესტრის 01.12.2015წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს სარეგისტრაციო წარმოებაზე ეთქვა უარი და ეცნობა, რომ 25.11.2015წ. განცხადებაზე დართული დოკუმენტები არ ადასტურებს ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას, რომელიც საფუძვლად დაედო 21.04.2015წ. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. მარეგისტრირებელმა ორგანომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესზე. ლ. ო-მა 02.12.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 01.12.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 22.12.2015წ. მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ლ. ო-მა 23.12.2015წ. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ 01.12.2015წ. გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 30.12.2015წ. მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობა, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, თუკი შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ლ. ო-მა 25.11.2015წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ მდებარე 1110 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და განცხადებასთან ერთად წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ასევე, მიუთითა 12.03.2015წ. განცხადებაზე დართულ დოკუმენტებზე. ამდენად, მოსარჩელემ მარეგისტრირებელ ორგანოში განმეორებით წარადგინა განცხადება ისე, რომ განცხადების წარდგენისა და ამ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას ადგილი არ ჰქონია. დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს იმავე საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. დაუსაბუთებელია ასევე სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 30.12.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80.4 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე 01.12.2015წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარზე ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 22.12.2015წ. გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს გასაჩივრების წესს და ვადას. ამასთან, გასაჩივრების წესში დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ამ აქტის გასაჩივრება შესაძლებელი იყო სასამართლოში. ამდენად, იმავე საკითხზე საჩივრის წარდგენის პირობებში საჯარო რეესტრი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 21.01.2016წ. N01-8/327 წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) კორექტირებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით, ლ. ო-ს ეცნობა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირება მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაზე დართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 16.02.2018წ. N13-42 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დებულების 2.2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით), თუ დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი განცხადებით წარმოდგენილი იქნება სარეგისტრაციო წარმოებისას სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული გადაფარვის (ზედდების) ამსახველი სიტუაციური ნახაზი და გადაფარვაში მოხვედრილ უძრავ ქონებაზე არსებული ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტაციის ასლი: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირება (ფართობის შემცირებით) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენციას მიეკუთვნება. საკითხზე მხოლოდ განცხადების წარდგენა არ განაპირობებს დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას. საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით მოსარჩელეს არ წარუდგენია იმ სახის დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე მის უფლებას დაადასტურებდა. შესაბამისად, კანონიერია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კორექტირებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გასაჩივრებული აქტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 29.12.2014წ. მომზადებული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ უ/ნ 1110 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ამ ნაკვეთზე განლაგებულ 44.12 კვ.მ. ,,ა“ ლიტერზე და 2 კვ.მ. ,,ვც“ ლიტერზე 2001 წლის N00018 სააღრიცხვო ბარათით აღრიცხულია ლ. ო-ი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 10.01.1998წ. №2-5 ბრძანების თანახმად, საქართველოში საჯარო რეესტრი ამოქმედდა 1998 წლის 10 იანვრიდან. აღნიშნული პერიოდის შემდეგ მიწის ნაკვეთსა და სხვა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციას ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის თანახმად ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის სახით არსებული საჯარო რეესტრი. საჯარო რეესტრის პარალელურად ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გამგებლობის სფეროში არსებობდა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული ორგანოები. სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა მომხდარიყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან უნდა მომხდარიყო მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს პრეზიდენტის 28.09.2004წ. №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები და ამ სამსახურებში არსებული მონაცემები არქივის სახით გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. აღნიშნული არქივიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაინტერესებული პირის განცხადების/მომართვის საფუძველზე გასცემს ინფორმაციას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, უძრავი ნივთის ცნობა-დახასიათებას, უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმას და არქივში დაცული დოკუმენტის ასლს. სააგენტო აგრეთვე უზრუნველყოფს არქივში დაცული საჯარო ინფორმაციის დაინტერესებული პირისთვის დედანში გაცნობას. 2001 წელს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.6 მუხლის თანახმად მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების, კეთილმოწყობის ობიექტების, მიწისქვეშა და მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას ახორციელებდნენ ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები, რომლებსაც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევდნენ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. აღნიშნული მონაცემები დადგენილი წესით წარედგინებოდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს და მათ სისწორეზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრებოდა. ამდენად, ტექაღრიცხვის სამსახური დროის ამ კონკრეტული მომენტისათვის აფიქსირებდა უძრავი ქონების ტექნიკურ აღრიცხვა-დახასიათებას, ინვენტარიზაციასა და პასპორტიზაციას, ხოლო უფლების რეგისტრაციას ახდენდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას უძრავ ნივთზე თვითმმართვეული ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების არსებობისას საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მიმართვის შეუძლებლობის შესახებ. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის თანახმად საკადასტრო მონაცემების ზედდება განიმარტება, როგორც უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. მოცემულ შემთხვევაში ლ. ო-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღრული ზედდების არსებობა, კერძოდ, სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით დაფიქსირდა გადაფარვის არსებობა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქ. თბილისის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი არეგულირებს ორი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ლ. ო-ის განცხადების განხილვის დროისათვის მოქმედი რედაქციით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა განიმარტებოდა, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზანია კერძო საკუთრებაში არმყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და განუკარგავი მიწის ნაკვეთის პირისათვის საკუთრებაში გადაცემა და ამ გზით მიწის ფონდის ათვისება. შესაბამისად, სწორედ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი განაპირობებს კონკრეტულ შემთხვევაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის გავრცელების შესაძლებლობას (სუსგ 11.07.2018წ. Nბს-319-319(კ-18)).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება დგინდება მისი მიღებისას მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენით. ამდენად, სასამართლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას აფასებს სადავო აქტების მიღების დროისათვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების გაქარწყლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების წესი, კერძოდ, 385.1 მუხლით განსაზღვრულია სააპელაციო სასამართლო მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაბრუნების პირობები, ხოლო 412.1 მუხლით - საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების პირობები. ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს მიერ ხელახლა განსახილველად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2018წ. განჩინება.
3. ლ. ო-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.03.2019წ. N7724975055 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე