Facebook Twitter

ბს-413(კ-19) 20 აპრილი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. მ-მა 01.08.2018წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის 27.06.2013წ. და 10.05.2010წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. მ-ი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 22.11.2018წ. გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის რაიონის სოფ. ...ში ა. მ-ის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.06.2013წ. N... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე ს/კ ... მოსარჩელის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მონაცემებთან გადაფარვის ნაწილში (89 კვ.მ.), ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის რაიონის სოფ. ...ში ა. მ-ის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.05.2010წ. N... გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე ს/კ ... მოსარჩელის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მონაცემებთან გადაფარვის ნაწილში (89 კვ.მ.). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2019წ. განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.06.2013წ. N... გადაწყვეტილებით გაერთიანდა ერთ საკადასტრო კოდად ..., რის შედეგად ა. მ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად საკუთრებაში აღირიცხა 3990 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. საქმის მასალებში დაცული ა. მ-ის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტების და მიწის ნაკვეთის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, მანძილი კ. მ-ის საცხოვრებელი სახლის კედლიდან მის და ა. მ-ის მიწის ნაკვეთებს შორის გამავალ საზღვრამდე შეადგენს 8 (რვა) მეტრს, ხოლო ა. მ-ის საკუთრებაში არსებული შენობის კედლიდან მის და კ. მ-ის მიწის ნაკვეთებს შორის გამავალ იმავე საზღვრამდე მანძილი შეადგენს ერთ მეტრს. გასაჩივრებული რეგისტრაციის შედეგად ა. მ-ის საკუთრებაში არსებული შენობის კედლიდან მის და კ. მ-ის მიწის ნაკვეთებს შორის გამავალ საზღვრამდე მანძილი შეადგენს 6,5 მეტრს, ავტოფარეხის კედლიდან - 2,1 მეტრს. სააპელაციო პალატამ მიუთითა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილ ნახაზებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ ა. მ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება მის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად განხორციელებულ რეგისტრაციას და კ. მ-ის საკუთრებას ფარავს 89 კვ.მ-ით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. მ-ის მიერ 21.06.2013წ. სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია არ შეესაბამება საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მიწის ნაკვეთის გეგმის კონფიგურაციას. საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტები და ცნობა-დახასიათებები წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს, რომლებიც ინახება საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მასალების შესაბამისად, 08.02.2019წ. მომზადებული ნახაზზე მუქი შავი ხაზით დატანილია კ. მ-ის რეგისტრირებული ფართი, ლურჯი ხაზით - ა. მ-ის რეგისტრირებული ფართი, ხოლო მკრთალი შავი ხაზით აღნიშნულია ტექნიკური აღრიცხვის მონაცემების მიხედვით არსებული მდგომარეობა, ამავე დროს ნაჩვენებია მიწის ნაკვეთებს შორის ზედდების ნაწილი. აღნიშნულით კიდევ ერთხელ დასტურდება ის გარემოება, რომ ა. მ-ს რეგისტრირებული აქვს იმაზე მეტი ფართი, ვიდრე მას უფლებადამდგენი დოკუმენტის შესაბამისად შეეძლო დაერეგისტრირებინა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაციები არ არის შესაბამისობაში უფლების დამდგენ დოკუმენტებთან.

აპელანტის მიერ მითითებული არგუმენტის თაობაზე სახელების კარაპეტ და კარუშ მ-ების განსხვავებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.13 მუხლზე, რომლის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული სახელების ან/და გვარების შემდეგი შინაარსის ურთიერთშეუსაბამობა – ასოებში უზუსტობა, რომელიც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით, ქართულ ენაზე გადმოტანისას უზუსტობის დაშვებით ან სხვა მიზეზით, სახელის კნინობით-ალერსობითი ფორმა, სახელში ან/და გვარში ასოების მეტობა ან ნაკლებობა, უკეთუ სხვა დანარჩენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი (პირადი ნომერი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, სხვა მონაცემი) ერთმანეთს შეესაბამება, ასეთ შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული ჩანაწერების შესაბამისად. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში კარაპეტ მ-ის მოხსენიება მ- კარუშ მაკარტიჩის ძედ, ქმნის ამ დოკუმენტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ საფუძველს, მით უმეტეს N80 საგადასახადო სიაში თავად აპელანტიც N25 რიგითი ნომრით მოხსენიებულია, როგორც ალექსან მ-ი და არა როგორც ა. მ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. მ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და ტექნიკური პასპორტი არ წარმოადგენენ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებს. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადო შეფასება არ მისცეს იმ გარემოებას, რომ სადავო არ არის სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზები და დავის საგანს არ წარმოადგენს მათი ბათილად ცნობა ან გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ კ. მ-ის სახელზე გაცემული ტექნიკურ პასპორტსა და საინვენტარიზაციო გეგმაში ასახული მიწის ნაკვეთის გვერდების ზომები განსხვავდება საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის გვერდების ზომებისაგან. კასატორმა აღნიშნა, რომ ზედდების არსებობა გამოწვეულია მოსარჩელის მიერ არასწორად შედგენილი აზომვითი ნახაზით. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას, რომ ა. მ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია არ შეესაბამება საინვენტარიზაციო გეგმის კონფიგურაციას და მიუთითებს კ. მ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საინვენტარიზაციო გეგმის კონფიგურაციასთან შეუსაბამობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათებების თანახმად ნინოწმინდის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ,,ა-ვ“ და ,,ც“ ლიტერებზე აღრიცხულია კარუშ მკრტიჩის ძე მ-ი და ნინოწმინდის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ,,ა“, ,,ვ“, ,,ს|“ და ,,ს||“ ლიტერებზე აღრიცხულია ა. ა-ის ძე მ-ი. ,,საქართველოს რესპუბლიკის, ნინოწმინდის რაიონის სოფ. ...ის მცხოვრებთა სიის მიხედვით, რომლებმაც 1992-1997 წლებში რეფორმის დროს მიიღეს მიწის ნაკვეთები", ალექსან მ-ის გასწვრივ მითითებულია: მიწის ნაკვეთის ფართობი რეფორმამდე აკინძული წიგნის მიხედვით - 0,50, ფაქტიურად - 0,52, დამატებით გამოყოფილი - სახნავი 0,73, სულ მიწის ფართობი - 1,25. საჯარო რეესტრში 21.07.2000წ. ნინოწმინდის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2854,04 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. მ-ის ოჯახის საკუთრების უფლება, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია N80 საგადასახადო სია. საჯარო რეესტრის ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის 10.05.2010წ. გადაწყვეტილებით ამ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და ა. მ-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად ა. მ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ნინოწმინდის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2859 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით, რომელზეც განლაგებულია საცხ. სახლი - 129,8 კვ.მ., ბოსელი - 119 კვ.მ., ავტოფარეხი - 100 კვ.მ., არასაცხოვრებელი - 24 კვ.მ. (ს/კ ...). საჯარო რეესტრის ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის 14.06.2013წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ნინოწმინდის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 1130 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ა. მ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია ნინოწმინდის რაიონის გამგეობის სხდომის N78 დადგენილებაზე დართული სოფ. ...ის მცხოვრებთა სია, რომლებმაც 1992-1997 წლებში მიიღეს მიწის ნაკვეთები, სიაში რიგითი N25 და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი. საჯარო რეესტრის ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის 27.06.2013წ. გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავი ნივთების საკადასტრო კოდებით ... და ... გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ა. მ-ის საკუთრების უფლება აღირიცხა გაერთიანების შედეგად შექმნილ უძრავ ნივთზე, კერძოდ, 3 990 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ახალი ს/კ ...). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს 29.12.2017წ. მიმართა მ. მ-მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ნინოწმინდის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 30.01.18წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, თუ ის ეთანხმება იმ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენია კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ ეთანხმება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილია წარადგინოს ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის არსებული დავის დადასტურების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო სადავო საკითხის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას, ასევე განმცხადებელს განემარტა, რომ დასაზუსტებელია მოთხოვნა, კერძოდ, განმცხადებელი რეგისტრაციის განხორციელებას მოითხოვს მ. მ-ის თუ კ. მ-ის სახელზე. იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი მოითხოვს კ. მ-ის სახელზე უფლების რეგისტრაციას, წარსადგენია თანხმობა სარეგისტრაციო წარმოებაში ჩართვის შესახებ, ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა). სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 02.03.2018წ. გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქმის მასალებში დაცული ტექნიკური პასპორტების მიხედვით მანძილი კ. მ-ის საცხოვრებელი სახლის კედლიდან მის და ა. მ-ის მიწის ნაკვეთებს შორის გამავალ საზღვრამდე შეადგენს რვა მეტრს, ხოლო ა. მ-ის საკუთრებაში არსებული შენობის კედლიდან მის და კ. მ-ის მიწის ნაკვეთებს შორის გამავალ იმავე საზღვრამდე მანძილი შეადგენს ერთ მეტრს. საქმის მასალებში დაცული 02.10.2018წ. მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად ა. მ-ის საკუთრებაში არსებული შენობის კედლიდან მის და კ. მ-ის მიწის ნაკვეთებს შორის გამავალ საზღვრამდე მანძილი შეადგენს 6,5 მეტრს, ავტოფარეხის კედლიდან - 2,1 მეტრს. ამდენად, განსახილველ სამქეზე დადგენილი ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციისას არ იყო შესწავლილი საჯარო რეესტრში დაცული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტები (საინვენტარიზაციო და მიწის ნაკვეთის გეგმები) და ცნობა-დახასიათებები. აღნიშნული გარემოების გამოკვლევის შემთხვევაში ნათლად გამოიკვეთებოდა მეზობლის (მოსარჩელის) ინტერესი, რომელიც ჩაბმული/მოწვეული უნდა ყოფილიყო, როგორც დაინტერესებულ მხარე, რაც საჯარო რეესტრს არ განუხორციელებია. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი 08.02.2019წ. მომზადებული სიტუაციური ნახაზების თანახმად მუქი შავი ხაზით დატანილია კ. მ-ის რეგისტრირებული ფართი, ლურჯი ხაზით - ა. მ-ის რეგისტრირებული ფართი, ხოლო მკრთალი შავი ხაზით აღნიშნულია ტექნიკური აღრიცხვის მონაცემების მიხედვით არსებული მდგომარეობა, ამასთანავე, მონიშნულია მიწის ნაკვეთებს შორის გადაფარვის ადგილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოწესრიგებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მის გამოცემას. ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი პრინციპია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, ხოლო მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათების თანახმად ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალებით ნინოწმინდის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ ,,ა-ვ“ და ,,ც“ ლიტერებზე აღრიცხულია კ. მ-ი. საჯარო რეესტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს 29.12.2017წ. მიმართა მ. მ-მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ნინოწმინდის რაიონში, სოფ. ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 30.01.18წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და ა. მ-ის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ამდენად, საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად უფლების დამდგენ დოკუმენტთან ერთად სავალდებულოა წარდგენილი იქნეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც მართალია არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ერთ-ერთ აუცილებელ ინფორმაციას შეიცავს. საქმის მასალებში დაცულ ტექნიკური აღრიცხვის პასპორტებზე, საკადასტრო აზომვით ნახაზებზე და საჯარო რეესტრის მიერ 08.02.2019წ. მომზადებულ სიტუაციურ ნახაზებზე ასახული მონაცემების გათვალისწინებით დასაბუთებულია კ. მ-ის მოთხოვნა ა. მ-ის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შესრულებული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების დროისათვის მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2019წ. განჩინება;

3. ა. მ-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.03.2019წ. N19619392 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

მ. ვაჩაძე