ბს-526 (კ-20) 20 აპრილი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ქ-ემ 02.07.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 24.05.2018წ. №18.350.582 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადებითად გადაწყდება სამშენებლო ზონის ცვლილების საკითხი და თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზონა 1-ის ცვლილება საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ად.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.03.2019წ. გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 24.05.2018წ. №18.350.582 განკარგულება ა. ქ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. ქ-ის №AR1573003 განცხადებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება თუ რატომ არ არის მისაღები მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზონა 1-ის ცვლილება საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ით. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მიწის ნაკვეთი 2017 წელს გაიყიდა არსებული ფუნქციური ზონით და წარმოადგენს საზოგადოებრივი სივრცის ნაწილს. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, თუ რა მიზანს ემსახურებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით გასხვისება, როდესაც მისი 2/3 ნაწილი ექცეოდა სატრანსპორტო ზონა 1-ში (ტზ-1) და მისი განვითარება კომერციული დანიშნულებით გამოყენებისათვის პრაქტიკულად გამოუსადეგარი იქნებოდა. ის ფაქტი, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დისკრეციული უფლებამოსილებას, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ სატრანსპორტო ზონა 1-ის არსებობით მოსარჩელე მხარეს ერთმევა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესაძლებლობა. სადავო აქტი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას იმის თაობაზე, იზღუდება თუ არა საკუთრების უფლება, არის თუ არა შეზღუდვა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, რა ხარისხით ხდება უფლების შეზღუდვა და არის თუ არა იგი ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის თანაზომიერი, ამასთან, ხომ არ იწვევს საკუთრების უფლების მოცემული ხარისხით შეზღუდვა საკუთრების უფლების არსის რღვევას და საჯარო და კერძო ინტერესის გათვალისწინებით რატომ არის შეუძლებელი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუნდაც მის ნაწილზე არსებული ზონის შეცვლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი რეალურად წარმოადგენს საზოგადოებრივი სივრცის ნაწილს, მდებარეობს ...ის ...ს ტერიტორიაზე, ერთ-ერთი სატრანსპორტო კვანძის არეალში და მიზანშეწონილობის კრიტერიუმის გათვალისწინებით აღნიშნულ ტერიტორიაზე მიზანშეწონილია სატრანსპორტო ზონა 1-ის გავრცელება. აღნიშნული გარემოებები დაედო საფუძვლად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სადავო განკარგულებას. ფუნქციური ზონის ცვლილების შემდეგ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სავაჭრო დანიშნულების შენობის განთავსება. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ ,,დროებითი შენობა/ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014წ. N16-33 დადგენილებით ხსენებულ მიწის ნაკვეთზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსება აკრძალულია. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობი არ აკმაყოფილებს სამშენებლოდ განვითარებისათვის კანონით დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს და ფუნქციური ზონის ცვლილება უპირობოდ არ გულისხმობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალური შეთანხმების გაცემას. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დისკრეციული უფლებამოსილების ფარლებში. განსახილველ შემთხვევაში ერთ მხარეს დგას ფიზიკური პირის ინტერესი - მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სრულად გავრცელდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2, მეორე მხარეს - საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ერთიანი პოლიტიკისა და ქალაქის განაშენიანების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული საჯარო ინტერესი ა. ქ-ის ინტერესთან შედარებით აღმატებულად დაცვის ღირსი სიკეთეა. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში მასალებში დაცული 12.06.2017წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ქ. თბილისში,...ის ქ. N...-ის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 73 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ა. ქ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 07.06.2017წ. დამოწმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება. 29.03.2018წ. NAR1589443 განცხადების პასუხად სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.04.2018წ. №3902625 გადაწყვეტილებით ა. ქ-ეს ეცნობა, რომ არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა სავაჭრო დანიშნულების შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით. სამსახურმა დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ მის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის რუკის მიხედვით, ვრცელდება სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) და მცირედზე საზოგადოებრივ - საქმიან ზონა 2 (სსზ-2). სატრანსპორტო ზონა 1-ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული შენობა-ნაგებობისა. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ,,დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014 წ. N16-33 დადგენილებით, მოთხოვნილ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსება აკრძალულია. სსიპ არქიტექტურის სამსახურს 26.01.2018წ. წარედგინა ა. ქ-ის განცხადება ქ. თბილისში,...ის ქ. N...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ფუნქციური ზონის ცვლილების მოთხოვნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 24.05.2018წ. N18.350.582 განკარგულებით მთავრობამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში,...ის ქ. N...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., ფართობი: 45 კვ.მ.) მოთხოვნილია სატრანსპორტო ზონა 1-ის ცვლილება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით. ფუნქციური ზონის ცვლილება მოთხოვნილია საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე, რომელიც მდებარეობს ...ის ...ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის არეალში და ემიჯნება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ს, თუმცა მიწის ნაკვეთი 2017 წელს გაიყიდა არსებული ფუნქციით და წარმოადგენს საზოგადოებრივი სივრცის ნაწილს. ამდენად, მთავრობამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისში,...ის ქ. N...-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სატრანსპორტო ზონა 1-ის ცვლილება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით არ არის მისაღები. შესაბამისად, ა. ქ-ეს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 29.05.2018წ. №67-01181493044 წერილით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურსა და ა. ქ-ეს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ განიხილა ა. ქ-ის №AR1573003 განცხადება, სადაც ა. ქ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთს (ს/კ ...) ფუნქციური ზონის ცვლილებას მიეცა უარყოფითი შეფასება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 08.08.2018წ. №67-01182202540 წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის ...ს მიმდებარედ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის არეალში და წარმოადგენს გადატვირთულ საზოგადოებრივ სივრცეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტურადაა განლაგებული შენობა-ნაგებობები და არსებული ავტოსადგური. საპროექტო მიწის ნაკვეთის ნაწილი ექცევა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ში (სსზ-2) და შეუსაბამოა მოქმედი ფუნქციური ზონის პარამეტრებთან. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მიზანშეწონილია ტერიტორია განვითარდეს ერთიანი კონცეფციის ფარგლებში. ამასთანავე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურსა და ააიპ ,,სითი ინსტიტუტი საქართველოს’’ შორის 15.10.2015წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N020 ხელშეკრულებით შემოთავაზებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის მიხედვით, ნაკვეთზე ვრცელდება სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავარობის 24.05.2018წ. N18.350.582 განკარგულებით განმცხადებელს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე (45 კვ.მ.) სატრანსპორტო ზონა 1-ის (ტზ-1) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით ცვლილებაზე (სსზ-2) ეთქვა უარი. შპს „..ის’’ 22.11.2018წ. №5/18 დასკვნის თანახმად ქ. თბილისში, კარალეთის ქ. №4-ის მიმდებარედ (ს/კ ...) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 45 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ფუნქციურად და გეგმარებითად მოქცეულია მაღალი ინტენსივობის სივრცეში - მდებარეობს სატრანსპორტო საფეხმავლო ქუჩის გასწვრივ და გააჩნია როგორც კომუნალური, ასევე საქმიანი და საზოგადოებრივი ფუნქციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკვეთი მიზანშეწონილია შეიცვალოს სატრანსპორტო ზონა 1-დან (ტზ-1) საზოგადოებრივი-საქმიან ზონა 2-ად (სსზ-2).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახლებათა მიწათსარგებლობის დაგეგმვის არსი დასახლების ტერიტორიისთვის უძრავი ქონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენაში, მის ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და დასაშვები მიწათსარგებლობის ზონებად (ქვეზონებად) დაყოფაში მდებარეობს. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საკუთრების უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით, უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტილების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის ,,ს’’ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) არის მაღალი ინტენსივობის შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) წარმოადგენს სატრანსპორტო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს, ასევე თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებს. აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების მე-15 მუხლით განსაზღვრული ქვეზონით მოცული შენობა-ნაგებობებისა (ამ წესების 16.1 მუხლი, ,,პ“ ქვეპუნქტი).
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მითითებული სამართლებრივი რეგულაციის გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული ის გარემოება, თუ რატომ არ არის მისაღები მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სატრანსპორტო ზონა 1-ის ცვლილება საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ით. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მიწის ნაკვეთი 2017 წელს გაიყიდა არსებული ფუნქციური ზონით და წარმოადგენს საზოგადოებრივი სივრცის ნაწილს, არ არის დასაბუთებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით გასხვისება მაშინ, როდესაც მისი 2/3 ნაწილი ექცეოდა სატრანსპორტო ზონა 1-ში (ტზ-1) და მისი განვითარება კომერციული დანიშნულებით გამოყენებისათვის პრაქტიკულად გამოუსადეგარია.
არ არის სათანადოდ დასაბუთებული კასატორის მოსაზრება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების დაცვით მიღებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საკითხის გადაწყვეტა არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან. დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას, სასამართლო იკვლევს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებით. დასაბუთებაში უნდა აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს.
მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება ,,დროებითი შენობა/ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014წ. N16-33 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.07.20წ. N61-88 დადგენილებით). აღნიშნული დადგინილებით განისაზღვრებოდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილები. საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.20წ. N139 დადგენილებით) I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06.04.2018წ. N3902625 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ა. ქ-ემ განცხადება წარადგინა I კლასის 60 კვ.მ.-მდე ფართობის 5 მ-მდე სიმაღლის და 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე სავაჭრო შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კასატორის მითითება ,,დროებითი შენობა/ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.12.2014წ. N16-33 დადგენილებაზე დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების პირობას არ ქმნის. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო განმარტებას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ სატრანსპორტო ზონა 1-ის არსებობით მოსარჩელე მხარეს ერთმევა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესაძლებლობა. სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას საკუთრების უფლების შეზღუდვის, მისი ხარისხის, ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის თანაზომიერების შესახებ, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მის ნაწილზე არსებული ზონის ცვლილების დაუშვებლობის შესახებ. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასაბუთებული არ არის, რამდენად იქნა დაცული საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა და ასეთ შემთხვევაში პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატებოდა თუ არა იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო მითითებას იმის შესახებ, რომ სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებაზე. განსახილველ შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 24.05.2018წ. N18.350.582 განკარგულების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ა. ქ-ის №AR1573003 განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ქ. ცინცაძე