ბს-834 (კ-20) 12 აპრილი, 2021 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2019 წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-მა 08.05.2018 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 04.04.2018 წ. N05-01/06/9507 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ა. კ-ის დაუყოვნებლივ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.09.2018 წ. განჩინებით, სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.2018 წ. განჩინებით, სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.12.2018 წ. გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 04.04.2018 წ. N05-01/06/9507 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარეომებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა, ა. კ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ა. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2019 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო გარემოებას არ წამოადგენდა ა. კ-ის დევნილის სტატუსი, მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, სამგორი, აეროპორტის დასახლება, აეროპორტის სასტუმრო, რომელსაც დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება და შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არის არადამაკმაყოფილებელი. დადგენილია, რომ ა. კ-ს ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა საგამონაკლისო წესით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, იმ დროს, როდესაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა უზრუნველყოფის წესი“ ითვალისწინებდა სხვადასხვა წესით დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის განსაზღვრას, აქედან გამომდინარე, სამინისტროს შესაძლებლობა ჰქონდა კრიტერიუმების მეშვეობით განესაზღვრა დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შეეფასებინა მოძიებული ინფორმაცია და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2019 წ. განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც უნდა გაუქმდეს, რადგან იგი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორი მიიჩნევს, რომ სააგენტოს მიერ საკითხი სათანადო წესით იყო შესწავლილი და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით სრულებით იყო შესაძლებელი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. 08.02.2018 წ. N744/01 განცხადებაზე საპასუხო წერილით (26.02.2018წ.; N01-02/08/6344) მოწინააღმდეგე მხარე ა. კ-ს განემარტა, რომ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხს სამინისტრო განიხილავდა ქ. თბილისში განსახლების მომდევნო ეტაპზე, მინისტრის 09.08.2013 წ. N320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განცხადებისა და ამავე ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულის გათვალისწინებით, საერთო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.09.2020 წ. განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რაც უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობის დადგენის აუცილებლობას. აღნიშნული წესი, აგრეთვე, განსაზღვრავს საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია, კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეუპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტია.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ა. კ-მა მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ავარიულ შენობაში ცხოვრების გამო საცხოვრებლის გადაცემა, კრიტერიუმების გარეშე საგამონაკლისო წესით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრება ავალდებულებს უფლებამოსილ პირს გადაწყვეტილება მიიღოს საგამონაკლისო წესის შესაბამისად, რადგან სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარე უთითებდა მისი განსახლების აუცილებლობაზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საქმის გარემოებები გამოეკვლია ყოველმხრივ, სრულყოფილად. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს დევნილის ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის მიღებისას ვალდებული იყო სრულყოფილად დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქმის მასალებისა და სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არ იქნა განხილული მხოლოდ სასამართლოს 24.02.2017წ. განჩინებაზე მითითებით, რაიმე სხვა დასაბუთებას სადავო აქტი არ შეიცავს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მიხედვით გადაეწყვიტა ა. კ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2019 წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ.ქადაგიძე
მ. ვაჩაძე