საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1210(2კ-20) 21 აპრილი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ე. ჯ-ე
კასატორი (მესამე პირი) - ნ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. ჩ-ე, ნ. ჩ-ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი
მესამე პირები - ნ. ჩ-ე, ნ. ყ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:მ. ჩ-ემ და ნ. ჩ-ემ 2018 წლის 3 სექტემბერს სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისისა და ე. ჯ-ის მიმართ და მოითხოვეს ამავე სააგენტოს 2010 წლის 3 დეკემბრის №..., 2013 წლის 10 დეკემბრის №..., 2018 წლის 31 აგვისტოს №... და 2018 წლის 20 ივლისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ ნ. შ-ე და ნ. ჩ-ე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ისა და ნ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ერონული სააგენტოს 2010 წლის 3 დეკემბრის №..., 2013 წლის 10 დეკემბრის №... და 2018 წლის 31 აგვისტოს №... გადაწყვეტილებები; ასევე, გადაფარვის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი იმავე სააგენტოს 2018 წლის 20 ივლისის №... გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კი დაევალა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ჯ-ემ და ნ. შ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ნ. ყ-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით ნ. შ-ისა და ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ე. ჯ-ემ და ნ. შ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საკასაციო საჩივრების თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემები შეესაბამება მათ ფაქტობრივ მდგომარეობას, შეუსაბამობა ვლინდება მხოლოდ მოსარჩელეთა მიერ აღმართულ სასაზღვრო მიჯნასთან მიმართებით, კერძოდ, მოსარჩელეთა მიერ მიწის ნაკვეთების შეძენისას მათ საკადასტრო საზღვრებზე არ იყო აღმართული ფაქტობრივი სასაზღვრო მიჯნა; დღეს არსებული სასაზღვრო მიჯნა კი მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შეძენის შემდეგ აღმართეს. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ფაქტობრივ გამიჯვნას ესწრებოდა აზომვის სპეციალისტი გელა მუსერიძე, თუმცა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დასახელებულმა პირმა აღნიშნა, რომ მას არ გამოუყენებია რაიმე სპეციალური ხელსაწყო და გამოიყენა მხოლოდ სახაზავი. შესაბამისად, კასატორთა მოსაზრებით, იგი ვერ შეძლებდა მოსარჩელეების მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთების სწორად დაკვალვას - ფაქტობრივი საზღვრების დადგენას; შედეგად კი მოსარჩელეებმა სასაზღვრო მიჯნა გაავლეს არასწორად - ე. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი მოექცა მათ მიერ აღმართული ღობის შიგნით, ხოლო მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი - მათ მიერ აღმართული ღობის გარეთ. ამასთანავე, მართალია, მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ და საკადასტრო საზღვრებთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი, სპეციალისტების დასკვნები ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ ე. ჯ-ის კუთვნილი 52 მ2 მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს.
კასატორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ გასაჩივრებული აქტების გამოცემამდე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერება და უფლების დამდგენი დოკუმენტები. სწორედ ამიტომ, არ დასტურდება გასაჩივრებული აქტების უკანონობა, რადგან ისინი ეფუძნება იქამდე მიღებულ აქტებს, უკვე რეგისტრირებულ კოორდინატებსა და საკადასტრო საზღვრებს. ე. ჯ-ის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერის გაუქმება კი არაკონსტიტუციურ ქმედებას წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრების ავტორები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის წინაპირობა და სასამართლოები ვერ მიუთითებენ კონკრეტულ გარემოებათა გამოკვლევის აუცილებლობაზე, რის გამოც კასატორები ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ჯ-ისა და ნ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე ე. ჯ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან ზედდების საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე. ამრიგად, საკუთრების უფლების როგორც პირველადი, ისე ცვლილების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე უძრავი ნივთის მონაცემების სწორად ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და მათ შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით და შესაბამისი კონფიგურაციით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მათ საკუთრებაში უკვე რეგისტრირებული ნივთის განსხვავებული კონფიგურაციით რეგისტრაციაზე, ვინაიდან ცვლილების რეგისტრაცია იწვევდა ე. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ნივთის გადაფარვას. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი ითხოვდნენ უფლების რეგისტრაციას მათ მიერ ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ნივთის მონაცემების შესაბამისად, რათა თანხვედრაში მოსულიყო რეგისტრირებული და ფაქტობრივი მონაცემები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო შემთხვევაში როგორც მოსარჩელეთა, ისე კასატორთა საკუთრების უფლება რეგისტრირებულია დაზუსტებული მონაცემებით, თითოეული რეგისტრაციისას წარდგენილი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით კი საქმეში წარმოდგენილია სპეციალისტთა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების სათანადოდ რეგისტრაციის საკითხის განსაზღვრისთვის აუცილებელია უფლების დამდგენი დოკუმენტების, სადავო რეგისტრაციების განხორციელებამდე რეგისტრირებული მონაცემებისა და რეალური მდგომარეობის შესწავლა და ურთიერთშედარება, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, შეფასდეს ფაქტობრივი მდგომარეობის რეგისტრირებულ მონაცემებთან შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზები და გათვალისწინებულ იქნეს მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობების განთავსების ფაქტი. მხოლოდ ყველა დასახელებული გარემოების დადგენისა და შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი დავის სწორად გადაწყვეტა და დასაბუთებული აქტის გამოცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ გამოკვლევას. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამრიგად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ჯ-ისა და ნ. შ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - ე. ჯ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 4 მარტის №24593419 საგადახდო დავალებით ვალერიან გიორგაძის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - ნ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 5 მარტის №24594301 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე