საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1218(კ-20) 21 აპრილი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ. მ-ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 11 დეკემბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თ. მ-ის მიმართ და მოპასუხისთვის სამინისტროს სასარგებლოდ 28000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით - 1000 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებით მითითებული კონტრაქტების დარვევისათვის განსაზღვრული საჯარიმო სანქციები თანხის გონივრულ ოდენობამდე შემცირდა. კერძოდ, დასახელებული დადგენილებით ცვლილება შევიდა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში, რომლის XIX თავის მე-7 პუნქტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდებათ პირებს, რომელთაც 2019 წლის 10 ივნისამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ან №729 ბრძანებებით დამტკიცებული კონტრაქტების დარღვევის გამო დაეკისრათ (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან თ. მ-ე დათხოვნის პერიოდისთვის წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო ბატალიონის I კურსის იუნკერს, კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის, ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე უნდა დაეკისროს სამინისტროსთვის 1500 ლარის ანაზღაურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ თ. მ-ისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კი, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება, არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აქედან გამომდინარე, სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების დისკრეციული უფლებამოსილება გააჩნია.
საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება თ. მ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2016 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის პირობების დარღვევა, რისთვისაც პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 28000 ლარით. მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტი შეწყდა თ. მ-ის მიერ პირველი სასწავლო წლის დასკვნით პირველ გამოცდაზე გადაბარების შემდეგაც საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების გამო, რაც ამავე კონტრაქტის 6.1.3 და 6.1.5 პუნქტების მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის, ხოლო 6.2 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას პირგასამტეხლოს არაპროპორციულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი კურსის იუნკერთან გამოცდის ჩაუბარებლობის გამო კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტა და პირგასამტეხლოს კასატორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით დაკისრება არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამრიგად, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულად შეესაბამება გონივრულ ზღვარს, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი წინაპირობები. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №264 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების სადავო ურთიერთობაზე გავრცელების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს იდენტურ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთებული აქვს არაერთ საქმეზე, მათ შორის, იხ. უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-947(კ-19), 2019 წლის 12 სექტემბრის №ბს-908(კ-19), 2020 წლის 5 მარტის №ბს-936(კ-19) განჩინებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე