Facebook Twitter

საქმე №ბს-1250(2კ-20) 8 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. ლ. ს-ი (მოსარჩელე); 2. ლ. შ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირები - ა. ს-წ-ე, ბ. შ-ა, თ. თ-ი, ბ. ა-ი, გ. შ-ი, გ. ა-ე, დ. მ-ე, დ. გ-ა, ე. ბ-ი, ვ. ს-ე, ზ. ა-ე, თ. ნ-ი, თ. გ-ი, კ. ნ-ი, ლ. რ-ე, ლ. გ-ა, ლ. დ-ი, ლ. ლ-ე, ლ. თ-ე, მ. ნ-ე, მ. ხ-ი, მ. კ-ე, მ. პ-ი, მ. ქ-ე, მ. ყ-ი, მ. ყ-ი, მ. ი-ი, ნ. კ-ა, ნ. ა-ე, ნ. ქ-ე, ნ. თ-ე, ნ. ნ-ი, ნ. ფ-ი, ნ. ღ-ე, ნ. შ-ი, რ. ს-ე, რ. გ-ე, ქ. კ-ი, ხ. გ-ი, ჰ. მ. ჯ-ს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ...“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 4 დეკემბერს ლ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის თანახმად, ლ. ს-ი არის ქ. თბილისში, ვასო აბაშიძის №4-...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ....01.506) მესაკუთრე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ... ...ის N... და N... განთავსებულია ერთი და იმავე ნაკვეთზე (საკადასტრო ერთეულზე), შესაბამისად, აღნიშნულ ქონებაზე შექმნილია ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა - „...“. მოსარჩელის მითითებით, ... ...ის N... და N...-ში მდებარე შენობა ავარიულია და ესაჭიროება გადაუდებელი გამაგრება. გამაგრების პროექტი შეთანხმებულია არქიტექტურის სამსახურთან გაცემული 27.09.2016წ. ბრძანებით და მისი განხორციელების ვადა განსაზღვრულია 2016 წლის 28 სექტემბრიდან 2018 წლის 28 იანვრის ჩათვლით. გამაგრების პროექტით და გამაგრების პროექტის კონსტრუქციული ნაწილით გათვალისწინებულია საძირკვლის გაძლიერება რკინა/ბეტონის სექციებით, სარდაფში ღიობების, ნიშების მოჩარჩოება (თაღის მოწყობა ლითონით), არმატურის ბადის მოწყობა და ლითონის მჭიდების მოწყობა პირველ, მეორე და მესამე სართულებზე.

მოსარჩელის მითითებით, ამხანაგობა „...-ის“ წევრი და ერთ-ერთი ბინათმესაკუთრე არის ლ. შ-ი, რომელიც ფლობს ბინას და მანსარდს. მას თავის ფართებში მოწყობილი აქვს სასტუმრო. მოსარჩელის მითითებით, ლ. შ-ი 2014 წლიდან ცდილობს მანსარდის ნაცვლად განახორციელოს სართულის დაშენება, რისთვისაც მან არაერთხელ მიმართა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს. მრავალჯერ მიიღო უარი, თუმცა ორჯერ შეუთანხმდა პროექტი (ერთხელ ჩვეულებრივი წესით, ხოლო მეორედ, როგორც ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე) და გაიცა მშენებლობის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე. მშენებლობის ნებართვის გაცემა მოხდა ისე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-ის თანხმობა. თუმცა მოსარჩელის მტკიცებით, კრების ოქმში მითითებული წევრების რაოდენობას შეუძლებელია ჰქონოდა ამხანაგობის ინდივიდუალური ფართების საერთო რაოდენობის 2/3, რისი დადგენაც არქიტექტურის სამსახურს თავადაც შეეძლო უძრავი ქონების საერთო ამონაწერიდან.

გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებს მშენებლობის განხორციელებას ამხანაგობის საერთო ფართში, რომელიც აუქმებს კიბის უჯრედსა და სახანძრო საევაკუაციო გასასვლელს. ასევე, არ ყოფილა ლ. შ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართი იდენტიფიცირებული და შესაბამისად, არ ხდებოდა მხოლოდ ინდივიდუალური ფართის განვითარება, არამედ ნებართვით მოხდა საერთო ფართის განვითარება. შეთანხმებული პროექტით შეიცვალა შენობის ფასადი, გაუქმდა კიბე და შეუძლებელი გახდა სხვა მესაკუთრეების მიერ სახურავზე ასვლა და პროექტის თანახმად, საერთო ფართი გაერთიანდა ინდივიდუალური საკუთრების ფართად და მოხდა მისი იზოლირება.

მოსარჩელის მითითებით, AR1428026 ნებართვით შეთანხმებული გამაგრება სადავო ნებართვის გაცემისას არ იყო ნაწარმოები (არც ნაწილობრივ და არც სრულად). სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყო და არც სარჩელის აღძვრის დროისთვის იყო დასრულებული. სადავო ნებართვის გაცემის შემდგომ კი დაიწყო მშენებლობა (დაშენება) ნებართვის დარღვევით. ხოლო ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის 11 სექტემბრის ბრძანებით შეაჩერა სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევის გამო. შენობის გამაგრება კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოება შეჩერდა ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

ამდენად, მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს სადავო მშენებლობის ნებართვას, რის გამოც იგი გაასაჩივრა მერიაში, თუმცა წარდგენილი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ 2017 წლის სექტემბერს არქიტექტურის სამსახურს მიმართა ლ. შ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ცვლილება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. 2017 წლის 7 ნოემბრის ბრძანებით მოწონებულ იქნა ლ. შ-ის საკუთრებაში არსებულ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. 2017 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით არქიტექტურის სამსახურმა თავად ცნო ბათილად მის მიერ 2017 წლის 7 ნოემბერს გამოცემული ბრძანება, იმ დასაბუთებით, რომ შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებდა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთ განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენდა სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე და ასეთი განვითარება შესაძლებელი იყო მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით.

სადავო აქტების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის იმ უძრავი ქონების თანამესაკუთრე, რომელზედაც გასაჩივრებული აქტებით გაცემულია მშენებლობის ნებართვა და შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი. სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული აქტების განხორციელება გამოიწვევს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანებასა და განადგურებას, ასევე, პროექტის განხორციელების შედეგად ამხანაგობის საკუთრებაში არსებული საერთო ფართი მოექცევა ინდივიდუალური საკუთრების იზოლირებულ ფართში, გაუქმდება საევაკუაციო კიბე და შეიცვლება ფასადი.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ არქიტექტურის სამსახურმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში ხდებოდა ახალი მშენებლობის (დაშენების) განხორციელება და არა უკვე არსებულ გაბარიტებში ძეგლის რეაბილიტაცია, შესაბამისად, არ გამოიყენა დადგენილი სამშენებლო ნორმები, განსაზღვრული კონკრეტული კლასის ნაგებობისათვის. მოსარჩელე ასევე მიუთითებს არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ ერთი და იმავე კონსტრუქტორის უთარიღო დასკვნებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. შ-ი.

2018 წლის 27 თებერვალს ლ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №4 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის თანახმად, 2018 წლის 10 იანვრის №4 ბრძანებით თბილისის მერიამ ბათილად ცნო არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის ბრძანება, რომლითაც არქიტექტურის სამსახურმა თავად ცნო ბათილად მის მიერ 2017 წლის 7 ნოემბერს გამოცემული ბრძანება, იმ დასაბუთებით, რომ შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებდა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთ განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენდა სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე და ასეთი განვითარება შესაძლებელი იყო მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით.

მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს მერიის სადავო ბრძანებას და აღნიშნავს, რომ მისი შესრულება გამოიწვევს მესაკუთრეთა ინტერესების შელახვას, შენობის დაზიანებასა და განადგურებას. მოსარჩელის მითითებით, საქმის გარემოებების სათანადოდ შესწავლისას სადავო აქტი არ გაიცემოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური და ლ. შ-ი.

2018 წლის 20 სექტემბერს ლ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 29.3 მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

სარჩელის თანახმად, 2018 წლის 20 ივლისის ბრძანებით გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, რაც გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის ბრძანებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სადავო ბრძანების მოქმედება მათი საჩივრის შემდგომ მერიის ბრძანებით შეჩერდა, თუმცა მერიის უარის შემდეგ გაუქმდა შეჩერების ბრძანება.

მოსარჩელის მითითებით, შენობა არის ავარიული და ესაჭიროება გადაუდებელი გამაგრება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობაზე დაშენების გაგრძელება დაუშვებელია, თუმცა სადავო ნებართვით ინტენსიურად მიმდინარეობს დაშენების სამუშაოები. მოსარჩელის მითითებით, მშენებლობის ნებართვა გაცემულია ხარვეზიან პროექტზე, რაც საფრთხის შემცველია და ზიანს აყენებს როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. შ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ლ. ს-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანების მოქმედება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. ს-წ-ე, ბ. შ-ა, ბ. ა-ი, გ. შ-ი, გ. ა-ე, დ. მ-ე, დ. გ-ა, ე. ბ-ი, ვ. ს-ე, ზ. ა-ე, თ. ნ-ი, თ. გ-ი, კ. ნ-ი, ლ. რ-ე, ლ. გ-ა, ლ. დ-ი, ლ. ლ-ე, ლ. თ-ე, მ. ნ-ე, მ. ხ-ი, მ. კ-ე, მ. პ-ი, მ. ქ-ე, მ. ყ-ი, მ. ყ-ი, მ. ი-ი, ნ. კ-ა, ნ. ა-ე, ნ. ქ-ე, ნ. თ-ე, ნ. ნ-ი, ნ. ფ-ი, ნ. ღ-ე, ნ. შ-ი, რ. ს-ე, რ. გ-ე, ქ. კ-ი, ხ. გ-ი, ჰ. მ. ჯ-ს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის სხდომაზე ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით ლ. ს-ის სარჩელზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №4 ბრძანების უკანონოდ აღიარების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. თ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ვ. ...ის ქუჩა N...-ში მდებარე, N... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2017 წლის 10 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გ. ჩ-ემ №AR1494401 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე, ლ. შ-ის კუთვნილ, N... და ... საკადასტრო კოდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე უძრავ ქონებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის მოთხოვნით. განცხადებასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურს წარედგინა:

- შპს „ა...ის“ არქიტექტორის - გ. ჩ-ის განმარტებითი ბარათი, რომლის მიხედვით, პროექტი დამუშავდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენტაციით შედგენილი ისტორიულ-არქიტექტორული კვლევისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც შეეხება რეკომენდაციას შენობის მთელ პერიმეტრზე დაშენების შესახებ, მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება მეზობლის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ მოგვიანებით. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტით ხდებოდა არსებული მანსარდის გაფართოება და ფასადის რესტავრაცია;

- საპროექტო ნაგებობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაშვენებლები, არსებული ნაგებობის გეგმა და საპროექტო ნაგებობის გეგმა, რომლის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებდა ნაგებობის სახურავზე არსებული 108,61 კვ.მ მანსარდის რეკონსტრუქციასა და დამატებით 114,25 კვ.მ მანსარდის დაშენებას;

- პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, რომლის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „არსებულ ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე, რომლის ერთ ნაწილში მოწყობილია მანსარდის სართული, ეწყობა მთლიანი მანსარდი. არსებობს დასკვნა შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ მანსარდის მოწყობა უნდა განხორციელდეს მსუბუქი კონსტრუქციების გამოყენებით, ამიტომ მანსარდის სართულის მზიდ კონსტრუქციად გამოყენებულია ლითონის კარკასი თავისი ვერტიკალური სეისმური კავშირებით შენობის ორივე მიმართულებით, სართულშუა გადახურვად, ისევე როგორც არსებულ მანსარდში, გამოყენებულია ხის კონსტრუქციები. საკედლე შევსებად მოეწყოს მსუბუქი, ქაფბეტონის ან პერლიტის საკედლე ბლოკით, რომლის კედელიც კარკასის ლითონის დგარებთან ჩაბმული იქნება არმატურის სეისმური კავშირებით, მანსარდის სასხვენე და ნივნივური გადახურვები მოწყობილია მსუბუქი ხის კონსტრუქციებით. პროექტი დამუშვებულია 8 (რვა) ბალიანი სეისმური რაიონების სამშენებლო ნორმების გათვალსიწინებით“.

- მანსარდის დაშენების ორგანიზაციის პროექტი;

- შპს „ს...ის“ ანგარიში - ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე სასტუმრო ipari-ს მოედნის საინჟინრო გეოლოგიური პირობების გამოკვლევა;

- ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობის არქიტექტურულ-მხატვრულ თავისებურებათა ზოგადი ანალიზი და შეფასება, შესრულებული ხელოვნებათმცოდნე ქ. დ-ს მიერ 2014 წელს. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით: ...ის ქუჩა N...-ში განთავსებული შენობა, გეგმარებისა და ქრონოლოგიის თვალსაზრისით, საკმარისად რთულ ნაგებობას წარმოადგენს. მისი უძველესი ფენა XIX საუკუნის შუა ხანას მიეკუთვნება და კედლის წყობის ფრაგმენტის სახითღაა შემორჩენილი, შედარებით ადრეული ნაწილი XIX საუკუნის მიწურულით თარიღდება და საცხოვრებელი დანიშნულების მქონე მინაშენის ფუნქციას ატარებს, ნაგებობის ვ. აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ძირითადი მოცულობა კი XX საუკუნის დასაწყისისაა. მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით სწორედ მისი მთავარი ფასადი გამოირჩევა;

- ხელოვნებათმცოდნე ქრისტინე დ-ს რეკომენდაცია, რომლის მიხედვით: ...ის ქუჩა N...-ში განთავსებული შენობა დღესდღეობით შერეული ფუნქციისა, ნაწილი წარმოადგენს სასტუმროს ,,ო...“, ნაწილი კი საცხოვრებელ სახლს. ამის გამო განსხვავებულად შეფერილი ფასადი მნახველისათვის ორ დამოუკიდებელ ნაგებობას ემსგავსება, რეალურად კი ერთ მოცულობას წარმოადგენს. წარმოდგენილი საპროექტო შეთავაზება გულისხმობს სასტუმრო „ო...ს“ თავზე უკვე არსებული მანსარდის გაფართოებას. მნიშვნელოვანია, რომ იცვლება სახურავის ქანობი, მაგრამ უცვლელი რჩება კეხის ნიშნული. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: 1) მანსარდის საერთო ფართობის გაზრდისა თუ შიდა გეგმარებაში ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია, გამოყენებულ იქნას მსუბუქი კონსტრუქციები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საყრდენ კედლებზე დატვირთვას; 2) პროექტით გათვალისწინებული მეთოდოლოგია და კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს და ანგარიშს უნდა უწევდეს შენობის კონსტრუქციულ მდგომარეობას; 3) ვფიქრობთ, სასურველია, დაშენება მოეწყოს არა მხოლოდ სასტუმროს თავზე, არამედ შენობის საფასადო ნაწილის მთელს მოცულობაზე, რაც მხატვრულ-არქიტექტურულად უფრო მთლიან სახეს მიანიჭებს ფასადს; 4) ორნამენტული ცხაურებით გახსნილი პარაპეტის ნაცვლად, უმჯობესია, არსებული – კედლის სიბრტყეში ჩაძირული სწორკუთხედებით დეკორირებული პარაპეტის უცვლელი სახით გამეორება. ქრისტინე დ-ს რეკომენდაციაში, ასევე, მითითებულია, რომ ეზოს მრავალჯერ გადაკეთებულ-დამახინჯებული სახე და საერთო ქაოტური იერი გარკვეულ თავისუფლებას იძლევა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, დაცული უნდა იქნეს გარკვეული ,,ესთეტიური ნორმები“, დაშენების იერ-სახე უნდა ესადაგებოდეს არსებულ მოცულობას, იგი უნდა აღიქმებოდეს მის ორგანულ ნაწილად და არა გვიანდელ დანამატად;

- ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ორ-სართულიან საცხოვრებელ სახლზე მანსარდის მოწყობის კონსტრუქციული დასკვა, დათარიღების გარეშე, შედგენილი კონტრუქტორ ა. მ-ის მიერ, რომლის მიხედვით: „მანსარდის მოწყობა უნდა განხორციელდეს მსუბუქი კონსტრუქციების გამოყენებით, ამიტომ მანსარდის სართულის მზიდ კონსტრუქციად გამოყენებულია ლითონის კარკასი თავისი ვერტიკალური სეისმური კავშირებით შენობის ორივე მიმართულებით, სართულშუა გადახურვად, ისევე, როგორც არსებულ მანსარდში, გამოყენებულია ხის კონსტრუქციები, საკედლე შევსებად მოეწყოს მსუბუქი, ქაფბეტონის ან პერლიტის საკედლე ბლოკით, რომლის კედელიც კარკასის ლითონის დგარებთან ჩაბმული იქნება არმატურის სეისმური კავშირებით. მანსარდის სასხვენე და ნივნივური გადახურვები მოწყობილია მსუბუქი ხის კონსტრუქციებით, რომელიც არ გამოიწვევს დამატებითი დატვირთვით ჯდომითი დეფორმაციების წარმოქმნას. ამ შემთხვევაში მანსარდის მოწყობა არავითარ საფრთხეს არ შეიცავს და დასაშვებად მიმაჩნია“;

- ლ. შ-ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მან გ. ჩ-ეს მიანიჭა უფლებამოსილება, ეწარმოებინა მის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დაშენებასთან დაკავშირებული საქმეები;

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ...“-ის 2017 წლის 19 ივნისის კრების ოქმი №71, რომლის მიხედვით, კრებამ ამხანაგობის 2/3-ის - 24 წევრის მონაწ...ბით, თ. ნ-ის თავმჯდომარეობით, მონაწილეთა 100%-იანი მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება, მიეცა თანხმობა ლ. შ-ის ბინაში მანსარდის მოწყობაზე წარდგენილი ნახაზისა და ფოტომონტაჟის მიხედვით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 22 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (დოკუმენტი №3340900) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების (მანსარდის მოწყობა) პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს დადებითი შეფასება მიეცა.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე, ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად 2017 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

2017 წლის 25 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის №19/01172683413-01 ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა N... და N...-ში მდებარე შენობა არის ავარიული და ესაჭიროება გადაუდებელი გამაგრება, გამაგრებითი სამუშაოები კი არ განხორციელებულა. საჩივრით, ასევე, მიეთითა, რომ ლ. შ-ი 2014 წლიდან ცდილობდა შენობაზე სართულის დაშენებას და მრავალჯერ მიიღო უარი, ყველა შემთხვევაში ხდებოდა ერთი და იგივე პარამეტრების პროექტის წარდგენა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის 2017 წლის 25 სექტემბრის №19/01172683413-01 ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

- სადავო ბრძანებით თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და მშენებლობის ნებართვა გაიცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე, 47-ე, 49-ე მუხლებით განსაზღვრულ ნორმების შესაბამისად არსებული, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს კულტურული ღირებულების დაცვის და იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნის გათვალისწინებით;

- „ს...ის“ 2014 წელს საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესახებ ანგარიშის მიხედვით, საინჟინრო-გეოლოგიური სირთულის მიხედვით, საკვლევი მოედანი მიეკუთვნება პირველ (მარტივ) კატეგორიას, იგი წარმოადგენს სწორ ადგილს, რომელზე შენობის მდგრადობისათვის საფრთხის შემცველი გეოლოგიური პროცესების განვითარება მოსალოდნელი არ არის;

- კონსტრუქტორ ა. მ-ის კონსტრუქციული დასკვნის მიხედვით, საპროექტო შენობაზე მანსარდის მოწყობა დასაშვებია ხის მსუბუქი კონსტრუქციებით;

- შენობის საძირკვლების მზიდუნარიანობაზე პროექტის გავლენასთან დაკავშირებით შპს „შენობა-ნაგებობათა კვლევისა და ექსპერტიზის ცენტრის“ მიერ 2017 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ გაზრდილი დატვირთვები არ ახდენს გავლენას შენობის საძირკვლების მზიდუნარიანობაზე, მისი კონსტრუქციული ნაწილი ექსპერტ დ. ჯ-ის მიერ შეფასდა მაღალ დონეზე შესრულებულად და მიეცა დადებითი რეკომენდაცია მის მშენებლობაში გამოყენებას;

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №38-011730061 წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...–...-ში მდებარე შენობის კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია და იმ ეტაპისთვის ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში“ მიმდინარეობდა შესრულებული სამუშაოების ანგარიშის (ფორმა №2) მომზადება;

- საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი შპს „ლ...ს“ 2017 წლის 21 სექტემბრის საექსპერტო დასკვნის მიხედვით, საპროექტო შენობის კონსტრუქციული მდგომარეობა სავალალოა და მასზე რაიმე სახის სამუშაოს განხორციელებამდე აუცილებელია შენობის დროულად გამაგრება. თუმცა, მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №38-011730061 წერილით დასტურდება რა გამაგრებითი სამუშაოების დასრულების ფაქტი, შპს „ლ...ს“ დასკვნით მითითებული პირობა შესრულებულია, დამკვეთის მიერ წარდგენილი კონსტრუქციული დასკვნები კი წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის დასადასტურებლად;

- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-101 მუხლის შესაბამისად, სადავო პროექტის განხორცილებაზე არქიტექტურის სამსახურს წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-ის თანხმობა;

- იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა ექცევა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მოქმედების ფარგლებში, აღნიშნული კანონი კი არ იცნობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კლასებად დაყოფას, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის პრეტენზია საპროექტო შენობის კლასის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით;

- დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის პრეტენზია მასზე, რომ შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი კიბის გაუქმებას, ვინაიდან საპროექტო შენობის ტექნიკური პასპორტისა და არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით დგინდება, რომ ასეთი კიბე არ არსებობს.

2017 წლის 21 ნოემბერს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-ის“ წარმომადგენელს თ. ნანიტაშვილსა და შპს ,,პ...ს“ წარმომადგენელს გ. ა-ეს შორის მიღება-ჩაბარების აქტი შედგა, რომლის მიხედვით, 2017 წლის 2 ნოემბერს დასრულდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 80199 ლარი და 07 თეთრი შეადგინა.

2018 წლის 4 ივნისს გ. ჩ-ემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №AR1605984 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემა მოითხოვა. განცხადებასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურს წარედგინა:

- განმარტებითი ბარათი, რომლის მიხედვით: „წარმოდგენილი პროექტი ობიექტის ნომენკლატურით ითვალისწინებს ქ.თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე სასტუმრო „ო...“-ზე (III კლასი) სარეაბილიტაციო სამუშაოების (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება), II კლასი, შეთანხმებული პროექტის ცვლილებას, მშენებლობის ნებართვის მიღებას. თუმცა შენობა არ წარმოადგენს ძეგლს, მოქცეულია ძეგლის საკადასტრო ერთეულში. პროექტი ითვალისწინებს მესაკუთრის ლ. შ-ის საკუთრებაში მყოფ ფართებში „ო...“-ს რეკონსტრუქციასაც. სასტუმრო ფუნქციონირებდა I, II სართულში და მანსარდში განთავსებულ აპარტამენტებით. წარმოდგენილი პროექტით ხდება, ასევე, ლ. შ-ის საკუთრებაში მყოფი სხვენის ფართის მიერთება მანსარდის ფართთან და მისი რეკონსტრუქცია სასტუმრო ნომრების და სათავსების დამატებით. პროექტი ითვალისწინებს: I სართულის ვესტიბიულის გაფართოება-მოწესრიგებას ტიხრების მოხსნის ხარჯზე; ადრე ფუნქციონირებად სასტუმროს I, II, მანსარდის სართულში არასაჭირო ტიხრების, კედლების მოხსნას და ახლის მოწყობას; ამ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტის შესაბამისად იატაკების, სანკვანძების, შიდა ლესვითი, ელექტროობის, შიდა სამღებრო და სხვა საჭირო სამუშოების წარმოებას. ადრე დამტკიცებული პროექტის მიხედვით (AR1494401, ბრძნება №3358248 – 28/06.2017) დაშლა-შენების სამუშაოთა ნაწილის შესრულება დაწყებულია. ხელოვნებათმცოდნე ქ. დ-ს 2014 წლის სახელოვნებათმცოდნეო დასკვნის რეკომენდაციების გათვალისწინებით: „სასურველია დაშენება მოეწყოს არა მხოლოდ სასტუმროს თავზე, არამედ შენობის საფასადო ნაწილის მთელს მოცულობაზე, რაც მხატვრულ-არქიტექტურულად უფრო მთლიან სახეს მიანიჭებს ფასადს“. შესაბამისად, ხდება მანსარდის და სხვენის ფართების გაერთიანება, მთლიანი სივრცის ახლიდან დაგეგმარება ერთიანი არქიტექტურული კონსტრუქციული გადაწყვეტის ფარგლებში, ერთნაირი საფასადე მასალის და კარ-ფანჯრის გამოყენებით, რითაც მიიღწევა რეკომენდირებული ერთიანი საფასადო იერსახე...“

- ბმა „...-ის“ კრების ოქმი №71;

- სიტუაციური გენგეგმა;

- გენგეგმა;

- საკადასტრო გეგმა - 2017 წ;

- ორთოფოტო;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 21 დეკემბრის №QN15913 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, დაკმაყოფილდა ლ. შ-ის განცხადება და პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით 19 წლის ვადით გადაეცა მას თბილისში, ვ.აბაშიძის ქ. №6-ის მიმდებარე 20 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 01.15.04.016.036) ღია ტერასის მოწყობის მიზნით;

- თბილისის არქიტექტურის სამსახურის №2925001 გადაწყვეტილება საპროექტო დოკუმენტებზე ხარვეზის დადგენის შესახებ;

- მესაკუთრის მინდობილობა პროქტის ავტორ გ. ჩ-ეს;

- ხელოვნებათმცოდნე ქ.დ-ს სახელოვნებათმცოდნეო კვლევა-რეკომენდაცია, დათარიღებული 2014 წლით;

- მიმოწერა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან;

- კონსტრუქტორ ალექსანდრე მ-ის 2018 წლის 28 აპრილით დათარიღებული კონსტრუქციული დასკვნა, რომლის მიხედვით, ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე მანსარდის მოწყობა მსუბუქი კონსტრუქციებით დასაშვებია;

- არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა;

- საპროექტო ნაგებობის ანაზომები;

- საპროექტო გეგმები;

- ფოტომონტაჟი;

- შპს „არქიტექის“ მიერ მომზადებლი მანსარდის დაშენების ორგანიზაციის პროექტი დათარიღებული 2017 წლით;

- პროექტის კონსტრუქციული ნაწილი;

- მშენებლობის ორგანიზაციის გრაფიკი დარჩენილ სამუშაოებზე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი №4077735) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს დადებითი შეფასება მიეცა.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანებით გ. ჩ-ის 2018 წლის 4 ივნისის №AR1605984 განცხადება დაკმაყოფილდა, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (უძრავი ძეგლი) არსებულ შენობაზე, ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადა 2018 წლის 20 ივლისიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით განისაზღვრა.

2018 წლის 27 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის №19/01182083126-01 ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა სადავო აქტის შეჩერება წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საჩივრის მიხედვით:

- თბილისში, ...ის ქუჩა N... და N...-ში მდებარე შენობა არის ავარიული და ესაჭიროება გადაუდებელი გამაგრება, გამაგრებითი სამუშაოები კი სრულად არ განხორციელებულა;

- ლ. შ-ი 2014 წლიდან ცდილობს შენობაზე სართული დაშენებას, რისთვისაც მან არაერთხელ მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს;

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №5000892918 დასკვნის შესაბამისად, შენობაზე დაშენების გაგრძელება დაუშვებელია, რაც მიუთითებს მასზე, რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა სრულყოფილად. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, დაშენების გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება იმის გამო, რომ მისი მდგომარეობა და მზიდუნარიანობა სეისმური ნორმებიდან გამომდინარე შესუსტებულია და კონსტრუქციული გაძლიერების გარეშე მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია;

- ლ. შ-ის №AR1605984 განცხადებას არქიტექტურის სამსახურმა დაუდგინა ხარვეზი იმაზე მითითებით, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებდა ძეგლზე დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობას, არსებობდა წინააღმდეგობა კონსტრუქციულ დასკვნასა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №5000892918 დასკვნას შორის, ასევე, ერთმანეთს არ შეესაბამებოდა პროექტი და მისი კონსტრუქციული ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ხარვეზები გამოსწორებული არ ყოფილა, არქიტექტურის სამსახურმა გასცა მშენებლობის ნებართვა;

- სადავო აქტით მშენებლობის ნებართვა გაცემულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, ლ. შ-მა თვითნებურად გააუქმა სახანძრო საევაკუაციო კიბე და სახურავზე ასასვლელი;

- მშენებლობის ნებართვა გაიცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე;

- საქმეზე წარდგენილი კონსტრუქციული დასკვნის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციებით მშენებლობა, თუმცა მშენებლობისას გამოყენებულია რკინა-ბეტონის მასალა და ძველი ცეცხლგამძლე აგური;

- მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო აქტის მიხედვით მშენებლობა საფრთხის შემცველია და ზიანს აყენებს როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს №381 ბრძანებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება შეჩერდა ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის 2018 წლის 27 ივლისის №19/01182083126-01 ადმინისტრაციული საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანებით ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის 2018 წლის 27 ივლისის №19/01182083126-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

- სადავო ბრძანებით თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და მშენებლობის ნებართვა გაიცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე, 47-ე, 49-ე მუხლებით განსაზღვრულ ნორმების შესაბამისად არსებული, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს კულტურული ღირებულების დაცვის და იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნის გათვალისწინებით;

- „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-101 მუხლის შესაბამისად, თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილი მანსარდის რეკონსტრუქციის პროექტის განხორცილებაზე არქიტექტურის სამსახურს წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-ის თანხმობა. სადავო ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი არ ითვალისწინებს ლ. შ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდას ან ახალი საკუთრების საგნის წარმოშობას, რის გამოც შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოები არ საჭიროებდა ამხანაგობის თანხმობას;

- არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4041200 შუალედური გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის თაობაზე წარდგენილი, ა. მ-ის 2018 წლის 28 აპრილის კონსტრუქციული დასკვნა წინააღმდეგობაში მოდიოდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №5000893918 დასკვნასთან და შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს დაევალა სათანადო კონსტრუქციული დასკვნის წარდგენა. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით არქიტექტურის სამსახურს წარედგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვლევასთან დაკავშირებით ა. მ-ის 2018 წლის 9 ივლისის კონსტრუქციული განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს კვლევაში ფიქსირდება არაერთი უზუსტობა. ამასთან, ხსენებული დოკუმენტი მოიცავს არამხოლოდ კონსტრუქციულ განმარტებას, არამედ დასკვნას განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ კონსტრუქტორს ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე არასრული სართულის ანუ მანსარდის მოწყობა მსუბუქი კონსტრუქციებით დასაშვებად მიაჩნია. ამდენად, საჩივრის ავტორის არგუმენტი მასზე, რომ ლ. შ-მა არ გამოასწორა ხარვეზი, უსაფუძვლოა.

ამავე ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს №381 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო ბრძანებების გამოცემისას მოპასუხეებს არ ჰქონდათ საფუძველი დაედგინათ, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ლ. შ-ის კუთვნილ ფართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების, კერძოდ, მანსარდის დაშენების პროექტის განხორციელება არ გააუარესებდა საპროექტო ნაგებობის მდგომარეობას და არ შეუქმნიდა საფრთხეს ამ ნაგებობასა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესების დაცვას.

არქიტექტურის სამსახურისათვის ცნობილი იყო საპროექტო ნაგებობის სიძველისა და მისი დაზიანების შესახებ. მისი 2016 წლის 27 სექტემბრის №2855611 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (ძეგლი) არსებული შენობის სარეაბილიტაციო, გასამაგრებელი სამუშაოების არქიტექტურული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა (სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 სექტემბრის №2855611 ბრძანება - ტომი 1, ს.ფ. 14-16, საცხოვრებელი სახლის გამაგრების პროექტი - ტომი 1, ს.ფ. 17-33). აღნიშნული პროექტის მიხედვით, შენობის საძირკვლებში თითქმის ყველგან შეინიშნებოდა წყლის გაჟონვის ნიშნები, რაც რთული გრუნტის პირობებში სეისმურ შეშფოთებებთან ერთად აზიანებდა შენობას, იწვევდა საძირკვლების არათანაბარ ჯდენას, კედლების დაბზარვას, რაც საბოლოოდ შენობას ექსპლუატაციისათვის უვარგისს ხდიდა. ასეთ პირობებში, შენობაზე სხვენის დაშენების პროექტის განხორციელების შესახებ კონსტრუქციული დასკვნის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა პროექტის უსაფრთხოებაზე მსჯელობა მხოლოდ იმ პირობებში, თუ შესაბამის დასკვნაში დეტალურად იქნებოდა აღწერილი და შეფასებული შენობის მდგომარეობა და ასევე, დეტალურად იქნებოდა განხილული საპროექტო სამუშაოების მოსალოდნელი ზემოქმედება შენობაზე. წარდგენილი კონსტრუქციული დასკვნები კი მსგავსი სახის დასაბუთებას არ შეიცავდა, არამედ ყოველ ჯერზე გამეორებული იყო ა.მ-ის დაკვნა, რომელიც ზოგადად უთითებდა, რომ მსუბუქი კონსტრუქციებით მანსარდის დაშენება არ წარმოადგენდა საფრთხეს.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №000983718 დასკვნის (შესრულებული ექსპერტ გიორგი მარჯანიძის მიერ) მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობების (საკადასტრო კოდი N...) ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა: ვ. ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობის (საკადასტრო კოდი N.../2) საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად სეისმურ ნორმებთან გარკვეული შეუსაბამობებისა, იყო დამაკმაყოფილებელი, რადგან I-II ხარისხის დაზიანებები ფიქსირდებოდა მხოლოდ მზიდ კედლებში შენობის ერთ მხარეს, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობასთან მიჯრის 3 მ-იან ზონაში სხვადასხვა მიმართულებების ბზარების სახით და კედლების დანესტიანების ნიშნებით. რაც შეეხება ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობას (საკადასტრო კოდი N.../1), მასში ფიქსირდებოდა II-III ხარისხი დაზიანებები და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობები. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებული იყო შენობის გაძლიერება-რეკონსტრუქცია, მისი დაუსრულებლობის გამო შენობის ტექნიკური მდგომარეობა მაინც არადამაკმაყოფილებელი რჩებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. დაზიანებები ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობაზე (საკადასტრო კოდი N.../1) გამოწვეული იყო როგორც შენობის სიძველით (ექსპლუატაციის ხანმედეგობით), ისე დაშენების დროს მძიმე ტექნიკის მოძრაობის და ისეთი სამუშაოების შესრულების შედეგად, რომლებიც იწვევდა ძლიერ ვიბრაციულ დატვირთვებს. დაზიანებების გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობებიც, მაგრამ ამ უკანასკნელი მიზეზით შენობებზე დაზიანებების მისაყენებლად საჭირო იყო მაპროვოცირებელი ხასიათის ფიზიკური ზემოქმედება როგორც ზემოთ ჩამოთვლილი, ისე სეისმიური დატვირთვების სახით. 2. დაშენების გაგრძელებას შესაძლოა, გამოეწვია შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება, იმის გამო, რომ მისი მდგრადობა და მზიდუნარიანობა სეისმიური ნორმებიდან გამომდინარე იყო შესუსტებული და კონსტრუქციული გაძლიერების გარეშე მისი ექსპლუატაცია იყო საფრთხის შემცველი (ტომი 2, ს.ფ. 120-126).

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 ივნისის №003826018 დასკვნის (შესრულებული ექსპერტ ა. რ-ის მიერ) მიხედვით: „ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით შენობაზე არსებული დაზიანებები II-III ხარისხისაა და ძირითადად გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით, საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით და ნაწილობრივ დაშენების შედეგად, დაზიანებულ და მნიშვნელოვანი ასაკობრივი ცვეთის მქონე კედლებზე დამატებითი დატვირთვების წარმოქმნით. დაშენების დასრულება გამოიწვევს ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესებას. მოქმედი სეისმური ნორმების მიხედვით აგურის შენობების სართულიანობა შეზღუდულია სამ სართულამდე. აქედან გამომდინარე სამსართულიან შენობაზე ერთი სართულის დაშენების შესაძლებლობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კვლევებით და გაანგარიშებით. საკვლევი შენობის საძირკვლებსა და კედლებზე შესაბამისი გაანგარიშების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების (საძირკვლების გაგანიერება, კედლების გარსაკრში ჩასმა, ღიობების მოჩარჩოება და სხვა) შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ერთი სართულის დაშენება. ამავე დროს კაპიტალურობის ჯგუფის მიხედვით საკვლევი შენობა III ჯგუფისა და მისი გამოსადეგობის ვადა შეადგენს 100 წელს, რაც პრაქტიკულად ამოწურულია. შენობის ნაწილზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება არასაკმარისია და აუცილებელია მთელ შენობაზე გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება, მიუხედავად იმისა განხორციელდება თუ არა დაშენება“ (ტომი 8, ს.ფ. 114-143).

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო პროექტის განხორციელებისას ძეგლის უსაფრთხოების დაცვის თაობაზე სარწმუნოდ დასაბუთებული დასკვნები არც სადავო აქტების გამოცემის შემდეგ ყოფილა წარმოებული.

შპს ,,მო...ის“ 2018 წლის 25 ნოემბრის №115/18 საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის მიხედვით, შემოწმება ჩაუტარდა ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობას, სადაც ამჟამად განთავსებულია სასტუმრო „ო...“ და სადაც ტარდება სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. შემოწმების მიზანი მდგომარეობდა შეფასებული ყოფილიყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მათი ჩატარების ვარგისიანობა, ასევე შეფასებულიყო რეკონსტრუირებული შენობის ექსპლოატაციის შესაძლებლობა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, დაშენებული მანსარდის ტიპის სართული გადაწყვეტილია მსუბუქი კონსტრუქციული ელემენტების გამოყენებით და არ იწვევს არსებული შენობის საძირკვლების მიერ ფუძეზე დაუშვებელი ძაბვების გადაცემას, მანსარდის მსუბუქი სართულის დაშენება არ ეწინააღმდეგება სამშენებლო ნორმებისა და წესების „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01-09) №8 ცხრილის მოთხოვნებს. ასევე, არ ეწინააღმდეგება იგივე ნორმების თავი I, მუხლი 3, პ.8 მოთხოვნას (ტომი 7, ს.ფ. 206-222).

შპს ,,ო...ის“ 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N...) მდებარე ორსართულიანი შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მისი კონსტრუქციების ლოკალური დაზიანებების მიუხედავად, შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად; შენობაზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის და გაცემული მშენებლობის ნებართვის (2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანება) საფუძველზე ჩატარებულ სამუშაოებს შენობისათვის უარყოფითი ზემოქმედება არ მოუხდენია (ტომი 9, ს.ფ. 178-194).

ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, შპს „მო...ის“ დასკვნა არ გამორიცხავს პროექტის უარყოფით გავლენას ნაგებობაზე, შპს „ო...ის“ დასკვნა კი აკეთებს ამგვარ გამორიცხვას, თუმცა არ უარყოფს, რომ შენობამ ხანდაზმულობისა და რიგი გარემოებების გამო მიიღო დაზიანება, რომელიც ნაწილობრივ გამოსწორებულია. მითითებული დასკვნები არ შეიცავს იმგვარ განმარტებებსა თუ მონაცემებს, რაც გააქარწყლებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების სარწმუნოობას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანებისა და 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასებულიყო, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას ჰქონდა თუ არა ადგილი კანონმდებლობის ისეთ დარღვევას, რომლის დაუშვებლობაც პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას გამორიცხავდა და აღნიშნული საკითხის განხილვისას სათანადოდ იქნა თუ არა გამოკვლეული და შეფასებული საქმის გარემოებები.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საპროექტო ნაგებობა მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საკადასტრო ერთეულში იმგვარად, რომ აღიქმება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ნაწილად. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი უზრუნველყოფს. დასახელებული კანონის მიხედვით, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან (კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი). ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას (კანონის 22-ე მუხლი). დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას (კანონის 23-ე მუხლი). აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე (კანონის 24-ე მუხლი). ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია, არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება (კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტი).

ძეგლზე შეიძლება ჩატარდეს კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რომელსაც სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო გასცემს (კანონის 25-ე და 47-ე მუხლები). უძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშაოები: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია; ზ) უძრავი ძეგლის ცვლილება (25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას. აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები).

ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, მათ შორის: ა) იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას; ბ) ქიმიურ, ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებათა შენახვა; გ) ისეთი ობიექტების აღმართვა, რომლებიც არ ემსახურება ძეგლის დაცვას ან მისი გარემოს გაუმჯობესებას; დ) მცენარეთა იმ სახეობების ან იმგვარად დარგვა, რომლებმაც ან რამაც შეიძლება დააზიანოს ძეგლი („კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლი).

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით („კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლი).

დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების გაცემას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, ტექნიკური შეცდომების გასწორებას, ძალადაკარგულად გამოცხადებას, არარად აღიარებას და ბათილად ცნობას სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ახორციელებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილებით დამტკიცებული თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება (დებულება), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც განიხილავს ქალაქ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული შენობა– ნაგებობების სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემისა და სხვა საკითხებს და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს (ქალაქ თბილისის მუნიციიპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-43 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება).

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტებით გათვალისწინებული საპროექტო ნაგებობა მდებარეობს რა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ნაგებობის საკადასტრო ერთეულზე და აღიქმება ამ ნაგებობის ნაწილად, მასზე სამშენებლო სამუშაოების დაშვება მხოლოდ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ნორმებით დაიშვება. აღნიშნული კანონის მიხედვით კი, როგორც აღინიშნა, ძეგლზე დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამუშაოები - დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია და ცვლილება მხოლოდ ძეგლის კვლევისა და რეაბილიტაციის მიზნით (მუხლი 25).

განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული აქტების გამოცემისას ძეგლზე სამშენებლო სამუშაოების პროექტისა და კორექტირებული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემისას დადგენილი არ ყოფილა, რომ პროექტის განხორციელება ემსახურებოდა ძეგლის კვლევის ან რეაბილიტაციის მიზანს და ამგვარი მიზანი არც სასამართლოში საქმის განხილვისას ყოფილა მხარეთა მიერ დასაბუთებული. გარდა ამისა, პროექტის შეთანხმებისას არ ყოფილა მხედველობაში მიღებული, რომ პროექტით უგულებელყოფილი იყო ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაცია, მანსარდის მოწყობისას უზრუნველყოფილიყო ...ის ქუჩა N...-სა და N...-ში მდებარე ნაგებობების ფასადის ერთიანი სახე და პარაპეტის უცვლელი სახით გამეორება, რამეთუ მხატვრულ-არქიტექტორული თვალსაზრისით სწორედ შენობის ფასადი გამოირჩეოდა. გარდა ამისა, პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას უგულებელყოფილ იქნა საექსპერტო დასკვნები და მონაცემები საპროექტო შენობის სიძველისა და არსებული დაზიანებების, ისევე, როგორც შენობის მდგომარეობაზე საპროექტო სამუშაოების უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობაზე. როგორც სასამართლომ მიიჩნია, არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი დაედგინა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ლ. შ-ის კუთვნილ ფართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების, კერძოდ, მანსარდის დაშენების პროექტის განხორციელება არ გააუარესებდა საპროექტო ნაგებობის მდგომარეობას და არ შეუქმნიდა საფრთხეს ამ ნაგებობასა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესების დაცვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანება და 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება არ შეესაბამებოდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს და საფრთხეს უქმნიდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რის გამოც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. შესაბამისად, დასახელებულ ბრძანებებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით იყო დადგენილი, რაც შესაბამისი აქტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 და 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. შ-მა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ლ. შ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ძირითადი მოტივაცია სადავო აქტების გაუქმებასთან მიმართებით, უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ სამშენებლო სამუშაოების პროექტისა და კორექტირებული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემისას დადგენილი არ ყოფილა, რომ 1) პროექტის განხორციელება ემსახურებოდა ძეგლის კვლევის ან რეაბილიტაციის მიზანს და ამგვარი მიზანი არც სასამართლოში საქმის განხილვისას ყოფილა მხარეთა მიერ დასაბუთებული. 2) პროექტის შეთანხმებისას არ ყოფილა მხედველობაში მიღებული, რომ პროექტით უგულებელყოფილი იყო ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაცია, მანსარდის მოწყობისას უზრუნველყოფილიყო ...ის ქუჩა N...-სა და N...-ში მდებარე ნაგებობების ფასადის ერთიანი სახე და პარაპეტის უცვლელი სახით გამეორება, რამეთუ მხატვრულ-არქიტექტორული თვალსაზრისით სწორედ შენობის ფასადი გამოირჩეოდა. 3) პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას უგულებელყოფილ იქნა საექსპერტო დასკვნები და მონაცემები საპროექტო შენობის სიძველისა და არსებული დაზიანებების, ისევე, როგორც შენობის მდგომარეობაზე საპროექტო სამუშაოების უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი დაედგინა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე ლ. შ-ის კუთვნილ ფართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების, კერძოდ, მანსარდის დაშენების პროექტის განხორციელება არ გააუარესებდა საპროექტო ნაგებობის მდგომარეობას და არ შეუქმნიდა საფრთხეს ამ ნაგებობასა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესების დაცვას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვა.

სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო და რის საფუძველზე მიიჩნია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას დადგენილი არ ყოფილა პროექტის განხორციელება ემსახურებოდა თუ არა ძეგლის კვლევის ან რეაბილიტაციის მიზანს. პალატის მითითებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომ კულტურულ ძეგლის რეაბილიტაციის მიზნით შესაძლოა ჩატარდეს ძეგლის ადაპტაცია და უძრავი ძეგლის ცვლილება. ძეგლის ადაპტაცია არის ძეგლში მისი რეაბილიტაციის, ასევე ფუნქციის დასაშვები ცვლილების ინტერესით განპირობებული იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლებიც არ იწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას და გამართლებულია მეთოდოლოგიურად. უძრავი ძეგლის ცვლილება კი არის ძეგლის ცვლილება, როგორიცაა მოცულობის შეცვლა, რაც შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ აკნინებს ან არ ჩრდილავს ძეგლის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას, ან ხელს არ უშლის მის სათანადო ინტერპრეტაციასა და დაფასებას. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 22 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება (დოკუმენტი №3340900) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების (მანსარდის მოწყობა) პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხის დადებითი შეფასების მიცემის თაობაზე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო კი ქ. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის განმხილველი ორგანოა, რომელიც გამოსცემს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს, შესაბამისად გაურკვეველი იყო რატომ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაცია და წარმოდგენილი მტკიცებულებები რატომ არ შეაფასა ერთობლიობაში.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხავი არაერთი მტკიცებულება თუ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. საქმის მასალებში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №000983718 და 2018 წლის 6 ივნისის №003826018 დასკვნები, რომლებიც წარმოადგენს ძირითად საყრდენს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა, თუმცა საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია შპს ,,მო...ის“ 2018 წლის 25 ნოემბრის №115/18 საექსპერტო- ტექნიკური დასკვნა და შპს ,,ო...ის“ 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნა, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №000983718 და 2018 წლის 6 ივნისის №003826018 დასკვნებისაგან განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, უნდა აღნიშნულიყო ისიც, რომ არქიტექტურის სამსახურში ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვლევასთან დაკავშირებით ა. მ-ის 2018 წლის 9 ივლისის კონსტრუქციული განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს კვლევაში ფიქსირდება არაერთი უზუსტობა. პალატის მითითებით, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრება ხორციელდება რაიონის გამგეობის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20 110 დადგენილებით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ ფარგლებში ჩატარებულია უძრავი ძეგლის გამაგრებითი სამუშაოები. პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილია არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულება, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამატებით გამოკვლევის გარეშე, სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს და მოსარჩელის მოსაზრების სრულად გაზიარებით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, აქტიურ სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია საქმის სრულყოფილი და კომპლექსური განხილვისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის საფუძველზე, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას სასამართლოს შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო შეზღუდული არ იყო სადავო საკითხის გადასაწყვეტად შეეფასებინა მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში მოეწვია სპეციალისტი, დაენიშნა ექსპერტიზა ან განეხორციელებინა ნებისმიერი სხვა, კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რაც შესაძლებელს გახდიდა დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს, სამწუხაროდ, არ განუხორციელებია.

ამასთან, პალატამ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის ბათილად ცნობისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი წინაპირობები, რადგან რიგ შემთხვევებში ამგვარი აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათიც კი ვერ გახდება მისი ბათილად ცნობის საფუძველი. პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

პალატის მითითებით, სადავო საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია გაირკვეს, გასაჩივრებული აქტი ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია, როგორ უნდა შემოწმდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობა, კერძოდ, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამდენად, შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი. ამ პირობებში, თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონიერების პრინციპი პრიორიტეტულია კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამგვარი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში გადის აღმჭურველი აქტი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო აქტების ფარგლებიდან, რამდენადაც ადგილი აქვს საჯარო ინტერესების არსებითად დარღვევას. ამასთან, არსებითი ხასიათის დარღვევა მაშინაა სახეზე, თუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელია მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.

ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, სასამართლოს მოცემულ საკითხთან მიმართებით, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობამდე, უნდა გამოეკვლია, ერთი მხრივ, აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის არსებობა, მეორე მხრივ კი, უნდა მოეხდინა მოსარჩელეთა და მესამე პირთა ინტერესების ურთიერთშეპირისპირება, უნდა შეეფასებინა და შეედარებინა ის ზიანი, რაც აქტის გაუქმებით მიადგებათ მოსარჩელეს და ის ზიანი, რაც აქტის ძალაში დატოვებით სახელმწიფო/საზოგადოებრივ/მესამე პირთა ინტერესებს მიადგებათ. რამდენდაც დაუშვებელია ერთი სიკეთის დაცვა მასზედ აღმატებული სიკეთის ხელყოფის ხარჯზე.

პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ყოველთვის არაა შესაძლებელი საკითხის გადაწყვეტა სააპელაციო სასამართლოს მიერ, სწორედ ამიტომაცაა მითითებული ზემოაღნიშნულ ნორმაში შესაძლებლობის და არა ვალდებულების თაობაზე. ზემოთ მითითებული ჩანაწერი არ გულისხმობს იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ვალდებულება საქმის სრულყოფილად გამოკვლევისა და გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების თაობაზე, შესაძლოა სრულად ჩანაცვლდეს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ფაქტების დადგენაზე პროცესუალურად ასევე უფლებამოსილი სასამართლოს მიერ; ამგვარი გაგება ეწინააღმდეგება ნორმის მიზანს, გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულებასა და ინსტანციურობის პრინციპსაც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სრულებით დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, ამ ვალდებულების სისტემატური გადანაცვლება სააპელაციო სასამართლოზე, თითქმის აზრს დაუკარგავს პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახორციელებელ მართლმსაჯულებას და ფორმალურს გახდის მას; ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება სავალალო შედეგების მომტანი იქნება ყველასათვის; თუმცა, აღინიშნა ისიც, რომ სააპელაციო პალატა ყოველნაირად უნდა შეეცადოს თავად გადაწყვიტოს დავა არსებითად, თუკი ამის პროცესუალურ შესაძლებლობას იძლევა სააპელაციო საჩივრის ფარგლები და ის შედეგები, რაც მოჰყვება საქმის ამგვარ არსებით გადაწყვეტას და რომელ შესაძლებლობაც, მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ვერ ხედავდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, ასევე დასაბუთება იმდენად არასრული იყო, რომ შეუძლებელი იყო სრულყოფილად მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. ამდენად, უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებოდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაწილში და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377.1 მუხლებზე, ასევე 385-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ იგი ადგენს რა ერთი მხრივ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნების საფუძვლებს, ამავდროულად, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით უფლებამოსილებას ანიჭებს სააპელაციო სასამართლოს არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმიდან. კასატორის მითითებით, ამგვარი შესაძლებლობა განპირობებულია სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებით შეამოწმოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული ყველა იმ საპროცესო მექანიზმით, რაც აუცილებელია ახალი გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლით სააპელაციო სასამართლო გამოიკვლევს როგორც ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ისე შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები გაიზიაროს მთლიანად ან ნაწილობრივ. სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და მას სრული უფლება აქვს ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი და დაადგინოს საქმეზე ფაქტები. კასატორის მითითებით, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხად მიიჩნევს განიხილოს საქმე თავად თუ დააბრუნოს ხელახლა განსახილველად, თუმცა ამავდროულად, კანონის შესაბამისად უნდა დაასაბუთოს სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, თუ რატომ არის შეუძლებელი მის მიერ ახალი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორმა ასევე ხაზი გაუსვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილ ადმინისტრაციული საქმის განხილვის და გადაწყვეტის ინკვიზიციურობის პრინციპს.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ, ერთი მხრივ, მართებულად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმე და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა, მეორე მხრივ, არ ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილებით და სათანადოდ არ დაასაბუთა მის მიერ ახალი გადაწყვეტილების გამოტანის შეუძლებლობა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაუმართლებელია პროცესის ეფექტურობის, ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს დავის დროულ, გონივრულ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას.

ამასთან, კასატორი საკასაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცეს გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერებით და შემდგომ ბათილად ცნობით მისთვის ყოველდღიურად მიყენებულ მატერიალურ ზიანზე, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებით, დავამ დროში გაუთვალისწინებელი დასრულების პერსპექტივა შეიძინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სათანადოდ იყო დასაბუთებული, რომ მშენებლობის ნებართვა არ შეიცავდა სათანადო დასაბუთებას. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ წარმოდგენილა არავითარი მტკიცებულება ან ზეპირი არგუმენტი, თუ ძეგლის რა ინტერესს ითვალისწინებდა ნებართვით დაშვებული დაშენება, რაც ამტკიცებდა სადავო აქტების უკანონობას. სააპელაციო სასამართლომ კი ვერ მიუთითა გაცემული აქტების საფუძვლიანობაზე.

ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რამდენადაც სასამართლოს თავად შეეძლო საქმის არსებითად გადაწყვეტა, საქმეზე გამოკვლეულია ყველა გარემოება; ხოლო იმის სამართლებრივი შეფასება - დასაბუთება სჭირდებოდა თუ არა ძეგლზე დაშენების ნებართვის გაცებას, აპელაციას თავად შეეძლო საქმეზე დადგენილი ფაქტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილი. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას ნებართვის მაძიებლისა და მოსარჩელის ინტერესის შედარებაზე, როდესაც ერთ მხარეს ერთი კონკრეტული პირის კომერციული ინტერესია და მეორე მხარეს მთელი შენობის ყველა მესაკუთრის ინტერესი, არ დაინგრეს შენობა დაშენების შედეგად. კასატორი აღნიშნავს, რომ დასტურდება სხვა პირის მიმართ ზიანის დადგომის შესაძლებლობა სადავო აქტებით და მიუთითებს საქმეზე დართულ ექსპერტიზის დასკვნებზე.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი და არასწორად განმარტა აღნიშნული მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. კასატორის მითითებით, ნებართვის მოსაპოვებლად წარდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილი იყო (აკლდა პროექტის დადებითად შეფასების დამადასტურებელი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა, უშუალოდ ძეგლის შესახებ რაიმე დასკვნა), ამდენად, კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის თავიდან გამოკვლევა ვერ შეცვლის საქმეზე შედეგს. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა და განმარტა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლი, ასევე 35-ე მუხლი; ხოლო არასწორად არ გამოიყენა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების მე-9 მუხლი, 37-ე მუხლი და აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული არც ერთი მუხლი, მაშინ, როდესაც სამშენებლო ნებართვა გაიცა არა ძეგლზე, არამედ შენობაზე, რომელსაც აქვს საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ძეგლთან. კასატორის მითითებით, ძეგლის ნაკვეთზე მდებარე შენობას შეიძლება უფრო მაღალი სტანდარტი დაუდგინო და არა პირიქით, იმის გამო, რომ შენობა ძეგლის ტერიტორიაზეა, მასზე სართულის დაშენებისთვის აღარ გამოიყენო მშენებლობისთვის დადგენილი მოქმედი სამშენებლო ნორმები.

კასატორი ასევე პრეტენზიას გამოთქვამს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად არ დაადგინა რიგი ფაქტები.

ამასთან, კასატორმა - ლ. ს-მა საქმეზე მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრისა და 30 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. შ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრები. ამასთან, ლ. ს-ის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით ლ. შ-ისა და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ისა და ლ. შ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 10 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გ. ჩ-ემ №AR1494401 განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე, ლ. შ-ის კუთვნილ, N...და ... საკადასტრო კოდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე უძრავ ქონებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის მოთხოვნით. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტით ხდებოდა არსებული მანსარდის გაფართოება და ფასადის რესტავრაცია; პროექტი ითვალისწინებდა ნაგებობის სახურავზე არსებული 108,61 კვ.მ მანსარდის რეკონსტრუქციასა და დამატებით 114,25 კვ.მ მანსარდის დაშენებას; არსებულ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, რომლის ერთ ნაწილში მოწყობილი იყო მანსარდის სართული, ეწყობა მთლიანი მანსარდი.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე, ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 ივნისიდან - 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანება 2017 წლის 25 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ლ. ს-ის წარმომადგენელმა და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა N... და N...-ში მდებარე შენობა იყო ავარიული და ესაჭიროებოდა გადაუდებელი გამაგრება, გამაგრებითი სამუშაოები კი არ განხორციელებულა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანებით, ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის 2017 წლის 25 სექტემბრის №19/01172683413-01 ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2018 წლის 4 ივნისს გ. ჩ-ემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს №AR1605984 განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემა მოითხოვა.

წარდგენილი პროექტი ობიექტის ნომენკლატურით ითვალისწინებდა ქ.თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში მდებარე სასტუმრო „ო...ზე“ (III კლასი) სარეაბილიტაციო სამუშაოების (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება), II კლასი, შეთანხმებული პროექტის ცვლილებას, მშენებლობის ნებართვის მიღებას. პროექტი ითვალისწინებდა მესაკუთრის ლ. შ-ის საკუთრებაში მყოფი სასტუმრო „ო...ს“ რეკონსტრუქციასაც. სასტუმრო ფუნქციონირებდა I, II სართულზე და მანსარდზე განთავსებული აპარტამენტებით. წარდგენილი პროექტით ხდებოდა, ლ. შ-ის საკუთრებაში მყოფი სხვენის ფართის მიერთება მანსარდის ფართთან და მისი რეკონსტრუქცია სასტუმრო ნომრების და სათავსების დამატებით. პროექტი ითვალისწინებდა: I სართულის ვესტიბიულის გაფართოება-მოწესრიგებას ტიხრების მოხსნის ხარჯზე; ადრე ფუნქციონირებად სასტუმროს I, II, მანსარდის სართულში არასაჭირო ტიხრების, კედლების მოხსნას და ახლის მოწყობას; ამ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტის შესაბამისად იატაკების, სანკვანძების, შიდა ლესვითი, ელექტროობის, შიდა სამღებრო და სხვა საჭირო სამუშოების წარმოებას. ადრე დამტკიცებული პროექტის მიხედვით (AR1494401, ბრძანება №3358248 – 28/06.2017) დაშლა-შენების სამუშაოთა ნაწილის შესრულება დაწყებული იყო. ხელოვნებათმცოდნე ქ. დ-ს 2014 წლის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხდებოდა მანსარდის და სხვენის ფართების გაერთიანება, მთლიანი სივრცის ახლიდან დაგეგმარება ერთიანი არქიტექტურული კონსტრუქციული გადაწყვეტის ფარგლებში, ერთნაირი საფასადე მასალის და კარ-ფანჯრის გამოყენებით, რითაც მიიღწეოდა რეკომენდირებული ერთიანი საფასადო იერსახე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი №4077735) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს დადებითი შეფასება მიეცა.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანებით გ. ჩ-ის 2018 წლის 4 ივნისის №AR1605984 განცხადება დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში (უძრავი ძეგლი) არსებულ შენობაზე, ლამზირა შამფარიანის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2018 წლის 20 ივლისიდან - 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით პერიოდი.

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება 2018 წლის 27 ივლისს №19/01182083126-01 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ლ. ს-ის წარმომადგენელმა ბ. რ-მა, რომელმაც ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა სადავო აქტის შეჩერება წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისში, ...ის ქუჩა N... და N...-ში მდებარე შენობა იყო ავარიული და ესაჭიროებოდა გადაუდებელი გამაგრება, გამაგრებითი სამუშაოები კი სრულად არ იყო განხორციელებული. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №5000892918 დასკვნის შესაბამისად, შენობაზე დაშენების გაგრძელება დაუშვებელი იყო, რაც მიუთითებდა მასზე, რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა სრულყოფილად. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, დაშენების გაგრძელებას შეიძლება გამოეწვია შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება იმის გამო, რომ მისი მდგომარეობა და მზიდუნარიანობა სეისმური ნორმებიდან გამომდინარე შესუსტებულია და კონსტრუქციული გაძლიერების გარეშე მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. საჩივრის ავტორმა ასვე მიუთითა, რომ ლ. შ-ის №AR1605984 განცხადებას არქიტექტურის სამსახურმა დაუდგინა ხარვეზი იმაზე მითითებით, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებდა ძეგლზე დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობას, არსებობდა წინააღმდეგობა კონსტრუქციულ დასკვნასა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №5000892918 დასკვნას შორის, ასევე, ერთმანეთს არ შეესაბამებოდა პროექტი და მისი კონსტრუქციული ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ხარვეზები გამოსწორებული არ ყოფილა, არქიტექტურის სამსახურმა გასცა მშენებლობის ნებართვა. სადავო აქტით მშენებლობის ნებართვა გაცემულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, ლ. შ-მა თვითნებურად გააუქმა სახანძრო საევაკუაციო კიბე და სახურავზე ასასვლელი. მშენებლობის ნებართვა გაიცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე. საქმეზე წარდგენილი კონსტრუქციული დასკვნის მიხედვით, დასაშვები იყო მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციებით მშენებლობა, თუმცა მშენებლობისას გამოყენებულია რკინა-ბეტონის მასალა და ძველი ცეცხლგამძლე აგური.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს №381 ბრძანებით შეჩერდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანების მოქმედება, ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის 2018 წლის 27 ივლისის №19/01182083126-01 ადმინისტრაციულ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანებით ლ. ს-ის წარმომადგენლის ბ. რ-ის 2018 წლის 27 ივლისის №19/01182083126-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სადავო ბრძანებით თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და მშენებლობის ნებართვა გაიცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე, 47-ე, 49-ე მუხლებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად არსებული, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს კულტურული ღირებულების დაცვის და იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნის გათვალისწინებით. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-101 მუხლის შესაბამისად, თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილი მანსარდის რეკონსტრუქციის პროექტის განხორცილებაზე არქიტექტურის სამსახურს წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-ის თანხმობა. სადავო ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი არ ითვალისწინებს ლ. შ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდას ან ახალი საკუთრების საგნის წარმოშობას, რის გამოც შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოები არ საჭიროებდა ამხანაგობის თანხმობას. არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის №4041200 შუალედური გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში არსებულ შენობაზე ლ. შ-ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის თაობაზე წარდგენილი ა. მ-ის 2018 წლის 28 აპრილის კონსტრუქციული დასკვნა წინააღმდეგობაში მოდიოდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის №5000893918 დასკვნასთან და შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს დაევალა სათანადო კონსტრუქციული დასკვნის წარდგენა. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით არქიტექტურის სამსახურს წარედგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვლევასთან დაკავშირებით ა. მ-ის 2018 წლის 9 ივლისის კონსტრუქციული განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს კვლევაში ფიქსირდება არაერთი უზუსტობა. ამასთან, ხსენებული დოკუმენტი მოიცავდა არამხოლოდ კონსტრუქციულ განმარტებას, არამედ დასკვნას განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ კონსტრუქტორს ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე არასრული სართულის ანუ მანსარდის მოწყობა მსუბუქი კონსტრუქციებით დასაშვებად იყო მიჩნეული. ამდენად, საჩივრის ავტორის არგუმენტი მასზე, რომ ლ. შ-მა არ გამოასწორა ხარვეზი, უსაფუძვლო იყო. ამავე ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს №381 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანების, ასევე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანების კანონიერების შემოწმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3358248 ბრძანება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 30 ოქტომბრის №1-2414 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის №4080600 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 სექტემბრის №432 ბრძანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ლ. შ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია როგორც მოსარჩელის - ლ. ს-ის მიერ, ასევე სადავო აქტების ადრესატის - საქმეში მესამე პირად ჩაბმული ლ. შ-ის მიერ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი თავისი მოტივებით პროცესუალურ კასაციას წარმოადგენს, რომელიც უმეტესწილად წარმოდგენილია იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს დავა თავად უნდა გადაეწყვიტა არსებითად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას ასევე არ ეთანხმება კასატორი - ლ. ს-ი, იმ განსხვავებით, რომ მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დავა თავად უნდა გადაეწყვიტა არსებითად, სარჩელის დაკმაყოფილებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ გვაქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს საქმის გარემოებებზე. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; ბ) გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. ამასთან, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ყოველმხრივი შემოწმებისა და საქმის სრულყოფილი, კომპლექსური განხილვისათვის. მართალია, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა მას ასევე შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი, ანუ არსებითად განიხილოს საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება, თვითონ, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის დაბრუნების გარეშე, გადაწყვიტოს საქმე, ემყარება საპროცესო ეკონომიის პრინციპს. სააპელაციო სასამართლო იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, როდესაც მას თვითონ არ შეუძლია სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები ან როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს მას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ ობიექტურად უნდა არსებობდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან გადაგზავნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის საფუძველზე გააჩნია უფლებამოსილება გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს პირველ ინსტანციაში ხელახლა განსახილველად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, როცა სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით, მიზანშეწონილია, მან, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციიდან გამომდინარე, თვითონ განიხილოს და გადაწყვიტოს იგი, რაც უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას და პროცესის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, დროის შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინონ საკუთარი მატერიალური უფლებების რეალიზება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ უნდა დაიკარგოს სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მნიშვნელობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამშენებლო დავებში პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპზე, რა დროსაც დავის დროული გადაწყვეტა და საქმის გაჭიანურების თავიდან აცილება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია ურთიერთგამომრიცხავი არაერთი მტკიცებულება თუ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სადავო საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მიუთითებს საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით სასამართლოსთვის მინიჭებული შესაძლებლობის გამოყენებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის საფუძველზე ექსპერტიზის დანიშვნისა და 204-ე მუხლის შესაბამისად სპეციალისტის მოწმვევის შესაძლებლობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებული საპროცესო მოქმედებების უშუალოდ საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელების აუცილებლობა და ამ მოქმედებების სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განხორციელების შეუძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს მინიჭებული აქვს სრული საპროცესო შესაძლებლობა საქმე სრულყოფილად არსებითად განიხილოს როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, დამატებით გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ექსპერტიზა, მოიწვიოს სპეციალისტი, განახორციელოს ობიექტის ადგილზე დათვალიერება (მითუმეტეს, რომ სადავო ნაგებობა ქ. თბილისში მდებარეობს), რის შედეგადაც სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო საქმეს და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

ამდენად, სამშენებლო დავებში პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის, 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, თავად ჰქონდა შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოეთხოვა მტკიცებულებები და მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გაეკეთებინა სათანადო დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, განეხორციელებინა რიგი საპროცესო მოქმედენები, რაც ხელს შეუწყობდა საქმის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის შედეგად კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილების მიღებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, საკასაციო სასამართლო მოცემულ ეტაპზე არ აფასებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული დავა, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს ლ. ს-ის საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე წარმოდგენილ პრეტენზიებზე საქმის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ს-ისა და ლ. შ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს-ისა და ლ. შ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე