№ბს-1341(კ-20) 21 აპრილი, 2021 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. ვ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 28 დეკემბერს რ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 ივლისის №618 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ქ. თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რ. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით რ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 ივლისის №618 განკარგულება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რ. ვ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რ. ვ-ემ 2017 წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად საჯარო რეესტრში წარადგინა დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი, სუბსიდირების პროექტი, განმცხადებლის თანხმობა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკითხის განხილვის მიზნით განცხადების აღიარების კომისიისთვის გადაგზავნასთან დაკავშირებით, თანხმობა მედიატორის დანიშვნის თაობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №... წერილით რ. ვ-ის 2017 წლის 26 აპრილის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
რ. ვ-ის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად კომისიამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გადაუგზავნა. პასუხად აღნიშნული სამსახურის 2017 წლის 2 ივნისის წერილით კომისიას ეცნობა, რომ რ. ვ-ის განცხადებით მითითებული, ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით საცხოვრებელ (სზ-3) და სატრანსპორტო (ტზ-1) ზონაში იყო მოქცეული.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8 ივნისის №608 სხდომაზე რ. ვ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე (36-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება). აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, რ. ვ-ის მიერ მითითებულ, ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული ნაგებობა, ამასთან მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი სატრანსპორტო ზონაში იყო მოქცეული, რაც გამორიცხავდა საკითხის დადებითად გადაწყვეტას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8 ივნისის №608 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ამავე კომისიის 2017 წლის 10 ივლისის №618 განკარგულებით რ. ვ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა რ. ვ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი მოქცეული იყო სატრანსპორტო (ტზ-1) ზონაში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რ. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე მსჯელობისას კომისიამ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და სათანადოდ არ შეაფასა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთის ფლობის დასადასტურებლად მოპასუხეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მოწმეთა განცხადება და ფოტოსურათები წარედგინა, რომელთა მიხედვით დასახელებულ მიწის ნაკვეთს რ. ვ-ე 2007 წლის მდგომარეობით ფლობდა. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურდა სასამართლო სხდომაზე მოწმეების - ც. შ-ის, ტ. შ-ისა და დ. ყ-ის ჩვენებებით (2018 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმი). სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობის გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ საქმის წარმოებისას გამოვლენილი არ ყოფილა. ასეთად ვერ მიიჩნეოდა 2005, 2010 და 2014 წლების ორთოფოტოები (ს.ფ. 74-76) და მითითება იმაზე, რომ აღნიშნულ ორთოფოტოებზე რ. ვ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ნაგებობა არ ჩანს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, ორთოფოტოებზე არ ჩანდა ნაგებობა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა, ასეთი ნაგებობის 2007 წლის მდგომარეობით დანგრეულ მდგომარეობაში არსებობას. ორთოფოტოებზე ჩანდა რ. ვ-ის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის შემოღობვის ფაქტი, თუმცა ნანგრევის არსებობა შეუმჩნეველი იყო, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შესაძლოა, ნაკვეთზე მწვანე ნარგავების არსებობით იყო განპირობებული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ ირკვეოდა კომისიის მიერ ადგილზე მდგომარეობის შესწავლის შედეგად ნანგრევის არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენა. შპს „...ის“ მიერ 1996 წლის აეროგადაღების მიხედვით შესრულებულ ნახაზზე რ. ვ-ის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთზე ასახული იყო მცირე ზომის ნაგებობა (ს.ფ. 13), რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუთითებდა იმაზე, რომ კომისიის მიერ საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის პირობებში შესაძლოა, საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, კომისია გაეცნო რ. ვ-ის განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტაციას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
წარმოდგენილი ორთოფოტოებით (2005, 2010 და 2014 წლები) არ დგინდებოდა რ. ვ-ის განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტი. ასევე, თავად მხარის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არ იყო ასახული არც შენობა და არც საცხოვრებელი სახლის ნანგრევი. არც ფოტოსურათებზე ფიქსირდებოდა საცხოვრებელი სახლის ნანგრევის რაიმე კვალი. კასატორის მითითებით, სასამართლოს საერთოდ შეფასების მიღმა უნდა დაეტოვებინა შპს „...ის“ მიერ შესრულებული ნახაზი, რამდენადაც ბუნებაში არ არსებობდა 1996 წლის აეროგადაღება, აეროფოტოგადაღება საქართველოს მასშტაბით განხორციელებულია მხოლოდ 2005, 2010 და 2014 წლებში.
კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მხარე საერთოდ არ აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ განცხადებით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ოდესმე რაიმე ტიპის შენობა-ნაგებობა იყო განთავსებული და დღეის მდგომარეობით იქ ნანგრევი არსებობდა. შესაბამისად, კასატორის მითითებით გაუგებარია რატომ უნდა გასულიყო კომისია ადგილზე და გაერკვია იყო თუ არა სახეზე რაიმე სახის ნანგრევი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა ნანგრევის არსებობის ფაქტი, კასატორის მითითებით, შეუძლებელი იქნებოდა შენობის ფუნქციური დანიშნულების (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი) განსაზღვრა, რაც არსებითია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
რაც შეეხება რ. ვ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის შემოღობვის ფაქტს, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე, მიწის ნაკვეთის ერთ მხარეს დატანილია არაფიქსირებული საზღვარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნაწილში მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი. რაც შეეხება, მიწის ნაკვეთის სხვა ნაწილებს, რომლებზეც ფიქსირებული საზღვრებია დატანილი, ორთოფოტოების მიხედვით, აღნიშნული ღობეები მიეკუთვნება მომიჯნავედ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოწინააღმდეგე მხარის - რ. ვ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ რ. ვ-ემ 2017 წლის 26 აპრილს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად საჯარო რეესტრში წარადგინა დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი, სუბსიდირების პროექტი, განმცხადებლის თანხმობა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკითხის განხილვის მიზნით განცხადების აღიარების კომისიისთვის გადაგზავნასთან დაკავშირებით, თანხმობა მედიატორის დანიშვნის თაობაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 მაისის №... წერილით რ. ვ-ის 2017 წლის 26 აპრილის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
რ. ვ-ის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად კომისიამ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გადაუგზავნა. პასუხად აღნიშნული სამსახურის 2017 წლის 2 ივნისის წერილით კომისიას ეცნობა, რომ რ. ვ-ის განცხადებით მითითებული, ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით საცხოვრებელ (სზ-3) და სატრანსპორტო (ტზ-1) ზონაში იყო მოქცეული.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 8 ივნისის №608 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ამავე კომისიის 2017 წლის 10 ივლისის №618 განკარგულებით რ. ვ-ეს უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ... ...ში მდებარე 593 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა რ. ვ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე და, ასევე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი მოქცეული იყო სატრანსპორტო (ტზ-1) ზონაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პიველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.
სადავო პერიოდში მოქმედი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკითხზე მსჯელობისას, არ მომხდარა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დეტალური შესწავლა და იმ მტკიცებულებების სათანადო შეფასება, რომლებიც განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. ამასთან, განსახილველი საქმის სწორად გადასაწყვეტად არსებითად მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა დღეის მდგომარეობით რ. ვ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებობს თუ არა რაიმე შენობის ნანგრევი, მითითებული მიწის ნაკვეთი არის თუ არა შემოღობილი. ვინაიდან, აღნიშნული შესაძლებელია ორთოფოტოზე შეუმჩნეველი იყოს, რაც შესაძლოა, ნაკვეთზე მწვანე ნარგავების არსებობით იყოს განპირობებული.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საკუთრების უფლების აღიარებას დაექვემდებარა 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი - აშენებული, მშენებარე ან დანგრეული. შესაბამისად, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ნაგებობის ან ამ ნაგებობის ნანგრევების არსებობა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონისმიერ საფუძველს. ამასთან, დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილის სატრანსპორტო ზონაში მოქცევა, არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე სრულად უარის თქმის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე