ბს-761(კ-20) 12 აპრილი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-მა 18.03.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 14.09.2018წ. N01-166/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მ. ქ-ისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2019წ. გადაწყვეტილებით, მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 14.09.2018წ. N01-166/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ქ-ისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.06.2019წ. გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის გადაწყვეტისას, მონიტორინგის ჯგუფის ფაქტობრივ მისამართზე გამოცხადების დროს დადგენილი გარემოებები იმდენად მწირია, რომ ცალსახად ვერ გამორიცხავს მოსარჩელის ქ.ხობში, ... ...ის შენობაში ცხოვრების ფაქტს, მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებენ კიდეც საპირისპირო ფაქტებზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მ. ქ-ის ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა, გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო, შესაბამისად სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. სააგენტოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები (მონიტორინგის ოქმები) გამორიცხავს ხსენებულ მისამართზე მოსარჩელის ცხოვრების ფაქტს, ვინაიდან მონიტორინგის ოქმებში დაფიქსირებულია საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის მიერ მითითებულ ფართში მისი არყოფნის ფაქტები, ფართში არსებული ვითარება, რომელიც მიუთითებს ადგილზე ვინმეს ცხოვრების ფაქტის არარსებობაზე. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ შეუფასებია, თუ რამდენად არის ის გარკვეულ პირთა ჯგუფი, რომელმაც ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით დაადასტურა მოსარჩელის ... ...ის შენობაში ცხოვრების ფაქტი, საქმის შედეგით დაინტერესებული და შესაბამისად, რამდენად სარწმუნოა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დასაბუთებელია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ქ-ს ქულები ჩამოაკლდა (2 ქულა - მძიმე საცხოვრებელი პირობები, 1 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, 3 ქულა - სოციალური კრიტერიუმი (30 001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა)). კასატორის მითითებით, ხსენებული ფართი არ შეესაბამება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით განსაზღვრულ „მძიმე საცხოვრებლის“ კატეგორიას, გარდა ამისა, აპლიკანტს უნდა უწევდეს ხსენებულ ფართში ცხოვრება, საკმარისი არ არის მისი ფაქტობრივ მფლობელობაში არსებობა. კასატორი აღნიშნავს ასევე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მ. ქ-ის მარტოხელად, ერთსულიან ოჯახად ცხოვრების ფაქტი არ დადასტურდა. გარდა ამისა, მართალია, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის“ თანახმად, მ. ქ-ის სარეიტინგო ქულა არის 11 860 (რაც ნაკლებია 30 001 ქულაზე), მაგრამ აპლიკანტი უშუალოდ უნდა ცხოვრობდეს იმ ფართში, რომლის საცხოვრებელი პირობებიც 30 001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულით შეფასდა (იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-7 დანართის მე-2 შენიშვნა).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას მონიტორინგის ჯგუფის მიერ ფაქტობრივ მისამართზე დადგენილი გარემოებები (მ. ქ-ის საცხოვრებელში არდახვედრა, ყოველდღიური ცხოვრების დამადასტურებელი ყოფითი ფაქტორების არარსებობა) მწირია და ცალსახად ვერ გამორიცხავს მ. ქ-ის ქ. ხობში ... ...ის შენობაში ცხოვრების ფაქტს. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ხსენებულ ფართში მ. ქ-ის ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. კასატორის მითითება ზემოაღნიშნულ ფართში მძიმე საცხოვრებელი პირობების არარსებობაზე, არ ადასტურებს ოთახის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში ყოფნას. საქმეში დაცულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ქ. ხობში, ც. ...ის ქუჩაზე N...-ში მდებარე ფართის საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის განხორციელების მიზნით მისულ ჯგუფს მ. ქ-ი ზემოაღნიშნულ საცხოვრებელში არ დახვდა, თუმცა, მონიტორინგის ჯგუფის დასკვნებში აღნიშნულია, რომ მ. ქ-ი ერთხელ პენსიის ასაღებად იმყოფებოდა, მეორედ - პურის შესაძენად, რის შემდეგაც, საცხოვრებელში ბრუნდებოდა და მონიტორინგის თანამშრომლებს ესაუბრებოდა. ასევე, ხსენებულ დასკვნაში მონიტორინგის ჯგუფი თავადვე ადასტურებს, რომ ოთახში იყო ძლიერი სიცივე და არ მიეწოდებოდა ელ.ენერგია. მ. ქ-ი აღნიშნავს, რომ ხსენებულ ფართში ცხოვრობს 1993 წლიდან და თავადვე ადასტურებს, რომ პერიოდულად ღამეს ათენებს და ცხოვრობს მულის შვილთან - ი. წ-სთან, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, შესაძლოა სწორედ, მძიმე საცხოვრებელი პირობებით იყოს განპირობებული. ამასთანავე, ფართის დროებითი დატოვება არ გამორიცხავს მფლობელობის შეწყვეტას, ფართში პერიოდულად ფაქტობრივი არყოფნა არ აუქმებს საცხოვრებელ ადგილს. საქმეში დაცულია აგრეთვე გარკვეულ პირთა ჯგუფის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც განმცხადებლები მ. ქ-ის ზემოაღნიშნულ ფართში ცხოვრებას ადასტურებენ. ასევე, გასათვალისწინებელია საქმეში დაცული ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 12.03.2019წ. N09/717 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ. ქ-ი 25 წლის განმავლობაში ცხოვრობს ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ ფართში. გასათვალისწინებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 02.04.2019წ. N01/5654 წერილიც, რომლითაც ხობის მუნიციპალიტეტის მერიას 12.03.2019წ. N09/717 წერილის პასუხად ეცნობა, რომ მ. ქ-ს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული აქვს 11 (თერთმეტი) ქულა, შესაბამისად, მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი დევნილთა საკითხების კომისიის მიერ განიხილება ქ. ზუგდიდში, ...ას ქუჩაზე მშენებარე პირველივე განსახლების ობიექტზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მართალია, საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 14.09.2018წ. N01-166/ო ბრძანების თანახმად, მ. ქ-ს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი არასაკმარისი ქულის გამო ეთქვა, თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 02.04.2019წ. N01/5654 წერილის თანახმად, მ. ქ-ს აქვს საკმარისი ქულები იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დასტურდება მ. ქ-ის, როგორც ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ ფართში ცხოვრება, ასევე, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის საჭირო ქულათა რაოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.01.2020წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
მ. ვაჩაძე