Facebook Twitter

საქმე #ბს-829(კს-20) 25 თებერვალი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ქ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირი _ მ. შ-მ-ე

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 9 ნოემბერს ქ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ „სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სტაჟიორ აღმასრულებლის ე. შ-ის 2018 წლის 28 სექტემბრის #A18126974-004/001 გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა და „ქ. რ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ოქტომბრის #5175 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. შ-მ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ქ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 28 სექტემბრის #A18126974-004/001 გადაწყვეტილება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 ოქტომბრის #5175 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, აპელანტ - ქ. რ-ს მიეცა ვადა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. ქუთაისი, ...ს ქ.N...) გაეგზავნა აპელანტ ქ. რ-ის წარმომადგენელს ი. გ-ეს და 2020 წლის 15 იანვარს ჩაბარდა ბ. მ-ეს, ი. გ-ის მეგობარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით, ქ. რ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის ხარვეზის განჩინების ასლი სააპელაციო საჩივრის ავტორს ჩაბარდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი სააპელაციო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2020 წლის 15 იანვარს, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 16 იანვრიდან და დასრულდა 22 იანვარს, 24 საათზე. აპელანტმა კი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, სასამართლოს კანცელარიაში საქართველოს ფოსტის მეშვეობით წარადგინა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, 2020 წლის 31 იანვარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. რ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ ბ. მ-ე არ წარმოადგენდა არც მის მეგობარს და არც მის ოჯახის წევრს და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე, რომელიც ადრესატის ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, დოკუმენტის მასთან მცხოვრები ქმედუნარიანი ოჯახის წევრისთვის ჩაბარების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ი. გ-ემ კერძო საჩივარში ჩამოთვალა მისი ოჯახის წევრები - მეუღლე მ. მ-ე და შვილები - ა., მ. და ნ. მ-ეები. აღნიშნულის დასადასტურებლად კი წარმოადგინა ქორწინების მოწმობისა და შვილების დაბადების მოწმობების ასლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ბ. მ-ისთვის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის ჩაბარება წინააღმდეგობაში არის საქართელოს კანონმდებლობასთან და ითხოვს, რომ მის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების წარდგენა, ჩაითვალოს დადგენილ ვადაში შეტანილად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, ქ. რ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილში მოცემული დანაწესების შესაბამისად, ქ. რ-ს ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც განესაზღვრა 7-დღიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. რ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, სასამართლოს კანცელარიაში საქართველოს ფოსტის მეშვეობით წარადგინა 2020 წლის 31 იანვარს.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რამდენად ითვლება ბ. მ-ისთვის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის ჩაბარება, ადრესატისთვის (ქ. რ-ის წარმომადგენლისათის, ი. გ-ისთვის) ჩაბარებულად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარების საკითხები კი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარში ი. გ-ის მიერ მითითებული იყო შემდეგი მისამართი - ქ. ქუთაისი, ...ს ქ.N.... აღნიშნულ მისამართზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინების ასლი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სამჯერ იქნა გაგზავნილი. როგორც საქმეში არსებული უკუგზავნილებიდან იკვეთება, აღნიშნულ მისამართზე ორჯერ (2020 წლის 15 თებერვალსა და 2020 წლის 12 მარტს) ვერ მოხერხდა გზავნილის ჩაბარება, აღნიშნულის მიზეზად კი მითითებული იყო არასრული მისამართი, (მითითებული იყო მხოლოდ კორპუსის ნომერი). სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების ასლის ჩაბარება, პირადად ადრესატზე, მოხერხდა მხოლოდ მესამედ გაგზავნის შემდეგ (2020 წლის 6 ივნისს), როდესაც უკვე დაზუსტებული იყო მისამართი. აღსანიშნავია ისიც, რომ ი. გ-ეს სააპელაციო საჩივარში მითითებული ჰქონდა მისი საკონტაქტო მობილური, ამასთანავე საქმეში არსებულ სარჩელში მას უფრო ზუსტად ჰქონდა მითითებული მისამართი, კერძოდ მითითებული იყო არა მხოლოდ კორპუსის, არამედ ბინის ნომერიც (ქ. ქუთაისი, ...ს ქ.N.../15). ჩაბარების დროს კი სასამართლოს არ უხელმძღვანელია სარჩელში მითითებული მისამართით და არც ადრესატის მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაკავშირება მომხდარა, რაც უზრუნველყოფდა ადრესატისთვის გზავნილის დროულ ჩაბარებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლის გაგზავნის დამადასტურებელ საფოსტო უკუგზავნილშიც მითითებული არის ი. გ-ის მხრიდან სააპელაციო საჩივარში მითითებული არასრული (ქ. ქუთაისი, ...ს ქ.N....) და არა დაზუსტებული (ქ. ქუთაისი, ...ს ქ.N.../15) მისამართი. როგორც უკუგზავნილში მითითებული მონაცემებიდან ირკვევა, მისი ჩაბარება მოხდა ბ. მ-ისთვის (პ/ნ ...), რომელიც უკუგზავნილში მითითებული იყო როგორც ი. გ-ის მეგობარი.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მას განჩინების ასლი არ ჩაბარებია და რომ იგი მის მისამართზე საერთოდ არ ყოფილა გაგზავნილი, ამასთან იგი დამატებით მიუთითებს, რომ მისი ოჯახის წევრები არიან მისი მეუღლე მ. მ-ე და შვილები ა., მ. და ნ. მ-ეები (წარმოდგენილია ქორწინებისა და დაბადების მოწმობების ასლები) ბ. მ-ე კი არ წარმოადგენს არც მისი ოჯახის წევრს და არც მის მეგობარს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლი, ადრესატის არ ყოფნის შემთხვევაში დოკუმენტის ჩაბარება მხოლოდ ადრესატის ქმედუნარიანი ოჯახის წევრისთვის არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში კი საქმეზე არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბ. მ-ე წარმოადგენს ი. გ-ის ოჯახის წევრს. საქმეში არსებული უკუგზავნილის მიხედვით, ბ. მ-ე განსაზღვრულია როგორც ი. გ-ის მეგობარი. ამასთან, სააპელაციო საჩივრის განუხილებლად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების ასლის გაგზავნისას, როგორც უკვე აღინიშნა, ჩაბარება ვერ მოხერხდა არასრული მისამართის გამო, მისამართის დაზუსტებამდე. აღნიშნული კი ეჭვქვეშ აყენებს ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინების პირველივე ჯერზე, დაუზუსტებელი მისამართის არსებობის მიუხედავად, ჩაბარების ფაქტს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინების ასლის ჩაბარებისას არ მომხდარა ადრესატის მისამართის დაზუსტება, რაც გამორიცხავდა შეცდომის დაშვების შესაძლებლობას, ამასთანავე მისი ჩაბარება მოხდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის დარღვევით, ისეთი პირისათვის, რომელიც არ წარმოადგენდა ადრესატს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის ქმედუნარიან წევრს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე ქ. რ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე ქ. რ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე