Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1234(კ-20) 21 აპრილი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „...ის“ წარმომადგენელმა 2018 წლის 9 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების (საჩივარი №1494/2/2016) ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება. ამავე სხდომაზე მოპასუხედ განისაზღვრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახური საქმეში მესამე პირად ჩაერთო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება შპს „...ის“ წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №38401 ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, აქტის ოფიციალურ გაცნობამდე კი დაუშვებელია მისი გასაჩივრების ვადის ათვლა. კასატორი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის ელექტრონული პორტალით შესაძლებელია ისარგებლოს პირმა, რომელიც არ არის დაკავშირებული მოსარჩელესთან, ვინაიდან მომხმარებლის გვერდზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ელექტრონული გზავნილის გახსნა არ შეიძლება ჩაითვალოს აქტის ოფიციალურად გაცნობად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, გასაჩივრების ვადის დარღვევაზე მითითებით.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტსა და 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მინიჭებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. ამავდროულად, საჩივრის წარდგენის უფლების რეალიზებას უკავშირდება საგადასახადო ორგანოს ვალდებულება, განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. თუმცა, გასაჩივრების უფლება არ არის დროში შეუზღუდავი უფლება და დაინტერესებულმა პირმა იგი უნდა გამოიყენოს კანონით დადგენილ ვადაში. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. საკასაციო პალატა, დასახელებული ნორმის საფუძველზე, განმარტავს, კანონმდებელი ადგენს რა გასაჩივრების ვადას, იქვე განსაზღვრავს მისი ათვლის წერტილს, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან.

გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესი კი რეგულირებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო, ხოლო მე-9 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ასევე ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge გამოყენებით. ამავე „წესის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან.

ამრიგად, საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, დოკუმენტის წერილობითი თუ ელექტრონული ფორმით გაგზავნა თანაბარ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. დოკუმენტის ელექტრონულად გაგზავნა გამოიხატება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაგზავნაში. ასეთი სახით გაგზავნილი წერილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება, როდესაც მომხმარებელი შეტყობინებას გახსნის, ინფორმაცია კი გაცნობის თარიღის შესახებ საგადასახადო ორგანოს ვებგვერდის მეშვეობით ავტომატურად მიეწოდება. ამასთან, ელექტრონულ გვერდზე წვდომასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ გადამხდელის ელექტრონული გვერდის შექმნისას პაროლს ირჩევს სწორედ მითითებული გადასახადის გადამხდელი. ვინაიდან კონკრეტული მომხმარებლის გვერდზე შესვლა პაროლის გარეშე შეუძლებელია, ელექტრონულ გვერდზე მისული ინფორმაციის გაცნობა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელმაც იცის პაროლი - მომხმარებელს, ან მის მიერ შერჩეულ პირს, რომელსაც გაანდო პაროლი. სხვის ელექტრონულ გვერდზე უკანონო შეღწევა კი დანაშაულს წარმოადგენს და მსგავსი ფაქტის არსებობა შესაბამისი წესით უნდა დასტურდებოდეს.

სადავო შემთხვევაში, შპს „...ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 ოქტომბრის №38401 ბრძანება ელექტრონულად გაეგზავნა და 2015 წლის 29 ოქტომბერს პროგრამულად დაფიქსირდა მოსარჩელის გვერდზე ელექტრონულად გაგზავნილი ბრძანების გახსნა, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობას ნიშნავს. შესაბამისად, ამ მომენტიდან დაიწყო აქტის გასაჩივრების ოცდღიანი ვადის ათვლა. საჩივარი კი ფინანსთა სამინისტროში წარდგენილია გასაჩივრების ვადის დარღვევით, 2015 წლის 7 დეკემბერს, რაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კასატორი ვერ მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის არსებობაზე, რაც შესაძლებელია, გაშვებული ვადის აღდგენის წინაპირობა გამხდარიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინება;

3. კასატორს - შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს 2021 წლის 18 იანვრის №0 საგადასახადო დავალებით ლ. რ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე