ბს-82(კ-21) 12 აპრილი, 2021წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2020 წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-მა 17.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და სარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.11.2019 წ. N04-1920/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მ. გ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.02.2020 წ. გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.11.2019 წ. N04-1920/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. გ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2020 წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებით გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. გ-მა 02.12.2018 წ. შეავსო ფართის მიღების თაობაზე განაცხადი და წინასწარი შეფასებით ქულათა ჯამმა შეადგინა - 6 ქულა. დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მარტოხელა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ის 2005 წლიდან ცხოვრობს თეთრიწყაროს რ-ის, სოფელ ...ში, ძმისშვილის კუთვნილ სახლში, იგი დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019 წ. ოქმის მიხედვით, ერთიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6,0 და მეტი ქულა. სააპელაციო სასამართლო დადგენილი გარემოებებიდან გაომდინარე მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უარყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი ოჯახის სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2020 წ. განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება აქვს დევნილთა წინაშე უზრუნველყოს საცხოვრებლით, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგითობას ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე, სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ მოსარჩელე არის დევნილი, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულება აქვს დევნილთა წინაშე და ვინაიდან მოსარჩელე არ არის საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესი“ საჭიროებაზეა მორგებული და იმ შემთხვევაშიც თუ ოჯახს აქვს საკმარისი ქულა, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას შეუძლია უარი უთხრას ოჯახის განსახლებაზე, თუ ვერ დაინახავს სასწრაფო განსახლების საჭიროებას. სააგენტო მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა მის მიერ მოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ შემთხვევაში კი მოსარჩელისთვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არის მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ხელი მიუწვდება საცხოვრებელზე. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში შეუფერხებლად ცხოვრობს თავისი ძმიშვილის კუთვნილ საცხოვრებელში და მას არ ემუქრება საცხოვრებლის გარეშე დარჩენა. სააგენტო ცდილობს ინდივიდუალურად გაერკვეს არსებულ მდგომარეობაში, რათა საცხოვრებელი პირველ რიგში მიიღონ რეალურად საჭიროების მქონე ოჯახებმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ. გ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. გ-მა 02.12.2018 წ. შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის 10.10.2019 წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N39) უარი ეთქვა მოსარჩელეს იმ მოტივით, რომ მოცემულ ეტაპზე განსახლება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. ასევე დგინდება, რომ მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის 15.07.2019წ. ფორმა, რომლითაც დადგინდა, რომ მოსარჩელე 2005 წლიდან დღემდე ცხოვრობს ძმისშვილის სახლში, ქირის გარეშე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 16.01.2020 წ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული ლ. ს-ის ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ ის სახლი, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს არის დანგრევის საფრთხის შემცველი და საცხოვრებლად რთული პირობების მქონე. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე ავადმყოფობს, ზამთარში მოსარჩელე მიდის სხვა ნათესავებთან, ვინაიდან სახლში არის სრულიად გაუსაძლისი პირობები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმავე სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული გ. გ-ის ახსნა-განმარტებაზეც, რომელმაც დაადასტურა, რომ მ. გ-ის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი არის მისი საკუთრება და რომ იგი აპირებს სახლის აღდგენას, რის გამო მოსარჩელე იქ ცხოვრებას ვეღარ შეძლებს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.12.2019 წ. N432455 წერილზე, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მ. გ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. 26.12.2007 წ. საჯარო რეესტრიდან მიწის შესახებ ამონაწერის თანახმად, უძრავ ქონებაზე, სადაც ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს, რეგისტრირებულია გ. გ-ის საკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელეს არ ემუქრება საცხოვრებლის გარეშე დარჩენა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანო ადმინისტრაციული წარმოების დროს არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის წარმოების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე დგინდება მ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2020 წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
მ. ვაჩაძე