ბს-1294(კ-20) 20 აპრილი, 2021წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2020 წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. შ-ემ 06.12.2019 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.11.2019 წ. N04/58212 წერილობითი მიმართვის მოსარჩელის განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე და ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე ნ. შ-ის განცხადების დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით განხილვის დავალება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. საქალაქო სასამართლოში დავის განხილვისას მოპასუხედ მიეთითა მხოლოდ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2020 წ. გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.11.2019 წ. წერილობითი მიმართვა ნ. შ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ნ. შ-ის განცხადების, დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით განხილვა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2020 წ. გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.06.2020 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელის მიმართ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ნ. შ-ის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ოდენობით ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მისი გადაწყვეტილების შეცვლა უკავშირდება მხოლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, არაგონივრული ოდენობით, აპელანტისთვის დაკისრებას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 24.03.2015 წ. N01-01/078891 ბრძანებით, მოსარჩელეს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი აფხაზეთში, მოსარჩელეს აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით და ვადაში. მოსარჩელემ 24.10.2019 წ. განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 07.11.2019 წ. N04/58212 წერილობითი მიმართვით, მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ იმავე საკითხზე, ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადგინდა, რომ განმცხადებლის ძმას, რომელსაც, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა დევნილის სტატუსი, სასამართლოს 30.06.2016 წ. გადაწყვეტილებით დაუკმაყოფილდა სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს განცხადებაზე არ დაურთავს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ახლად გამოვლენილი გარემოებები განცხადებაში უნდა იქნეს მითითებული. ამასთანავე, იმავე კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება და მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელისათვის უნდა განესაზღვრა ვადა მის განცხადებაში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების წარსადგენად, რამდენადაც გადაწყვეტილების შესახებ აღნიშნული იყო განცხადებაში. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ აპელანტმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, მოსარჩელე ნ. შ-ეს იმ პირობებში უთხრა უარი განცხადების ხელახლა განხილვაზე, როდესაც მას წარდგენილი ჰქონდა სავარაუდოდ ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზე არსებობდა ალბათობა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია. რაც შეეხება საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურებას, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, ხოლო იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს, გონივრულ ფარგლებში. სააპელაციო სასამართლო მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს იძულებით განაცდურის ოდენობა, საქმის სირთულე, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ. (სუს 14.07.16 წ. Nბს-776-768(2კ-4კს-15) განჩინება). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი სალარო შემოსავლის ორდერით დადასტურებულია მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურების საფასურის - 1000 ლარის გადახდის ფაქტი, თუმცა სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მითითება და განმარტა, რომ საქმის სპეციფიკის, სირთულის, განხილვის ხანგრძლივობის (დასრულდა ერთ პროცესში) გათვალისწინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ნ. შ-ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 1000 ლარის დაკისრება არაგონივრულად მაღალი ოდენობაა. საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. შ-ის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი გონივრული ოდენობა შეადგენდა 500 ლარს. შესაბამისად, აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მითითებული ოდენობით დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2020 წ, გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში სამართლებრივად არასწორად მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად მოსარჩელის მიერ განცხადებაში გაკეთებული მითითება სასამართლოს 30.06.2016წ. გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება მოსარჩელის ძმას. სააგენტომ სრულიად სამართლიანად არ ჩათვალა საჭიროდ დოკუმენტის წარმოდგენა, რადგან სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება, ვერ იქნება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. კასატორის აზრით, მოსარჩელის ძმის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის საკითხს, ვერ იქნება შემხებლობაში მოსარჩელე ნ. შ-ის საკითხთან, რადგან თითოეულ პირის დევნილის სტატუსთან დაკავშირებით სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები არის ინდივიდუალური, მიუხედავად მათი კავშირისა, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად გამოიყენა კანონი და ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებების არ არსებობის გამო უარი უთხრა მოსარჩელეს განცხადების განხილვაზე. სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარისათვის ცნობილი იყო მისი უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ 2015 წელს, თუმცა არ გაუსაჩივრებია აღნიშნული აქტი, რადგან სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ბრძანება უკანონოდ არ მიუჩნევია. კასატორმა აღნიშნა, რომ მხარემ გაუშვა კანონით დადგენილი გასაჩივრების ყველანაირი ვადა, საქალაქო და სააპელაციო სასამართლო მიღებული გადაწყვეტილებით ნ. შ-ეს ხელოვნურად უქმნის შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისევ განიხილოს მისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის/მინიჭების საკითხი. კასატორი აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მიერ არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება. კასატორმა არ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ოდენობით ანაზღაურება გონივრულ თანხად, იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი არ არის განსაკუთრებული სირთულის კატეგორიის, რადგან ჩატარდა მხოლოდ ერთი სხდომა, რომელიც იყო მოსამზადებელი და ამავე სხდომაზე პროცესი გადაიზარდა მთავარ სხდომაში და ვინაიდან საქმე არ იყო განსაკუთრებული სირთულის, ის არ საჭიროებდა ხანგრძლივ მოსამზადებელ სამუშაოებს. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით 200 ლარს არ აღემატება დაკისრებული საადვოკატო მომსახურების ხარჯი და თვლის, რომ როგორც საქალაქო ისე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეკისრებინათ საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება, რადგან სააგენტოს აქტი არის კანონიერი და მხარეს სააგენტოს ქმედებით ზიანი არ მისდგომია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის დამდგენი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელე უთითებდა სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი იმ გადაწყვეტილების რეკვიზიტებზე (თარიღსა და ნომერზე), რომლითაც მისი ძმის სარჩელი დევნილის სტატუსის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა და დევნილის სტატუსის გაუქმება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული. გასათვალისწინებელია, რომ ნ. შ-ის ძმის სარჩელზე მოპასუხედ დასახელებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის უფლებამონაცვლეც არის სადავო აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტო. ამდენად, ნ. შ-ის მითითების გარეშეც, ადმინისტრაციული ორგანოებისათვის ცნობილი იყო ჯ. შ-ის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად ნ. შ-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე სზაკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობის საფუძვლით. ორგანომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დევნილის სტატუსი ჩამოერთვა 26.03.2015წ., ჯ. შ-ის მიმართ დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 30.06.2016წ.. აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ - 24.10.2019წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მიუთითა ახლად გამოვლენილ გარემოებაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია არსებითად განცხადებაზე, განცხადება არ იქნა წარმოებაში მიღებული იმის გამო, რომ განცხადება არ შეიცავდა მითითებას ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებაზე. ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ წარდგენილ განცხადებაში ნ. შ-ე უთითებდა თავისი ძმის მიმართ გამოტანილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფ 30.06.2016წ. გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავდა, რომ იმყოფება ძმის - ჯ. შ-ის მსგავს მდგომარეობაში. მართალია განცხადებას არ ერთვოდა ის დოკუმენტი, რომელიც განმცხადებლის აზრით ქმნიდა ადმინისტრაციული წარმოების განახლების საფუძველს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების რეკვიზიტებისა და შინაარსის შესახებ ადმინისტრაციული ორგანსოათვის ცნობილი იყო. საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად იდენტურ გარემოებაში იმყოფებოდნენ განმცხადებელი და მისი ძმა, რამდენად აქვს განმცხადებლის ძმის მოთხოვნის მიმართ გამოტანილ, კანონიერ ძალაში მყოფ სასამართლო გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა განმცხადებლის სტატუსთან და სხვ. საკითხები წარმოადგენენ არა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, არამედ განცხადების არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. სააგენტოს არ უმსჯელია ნ. შ-ის განცხადების წარმოებაში მიღების კონკრეტულ წინაპირობებზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არამართლზომიერების, ნ. შ-ის განცხადების განხილვის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ მუხლებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც ჩატარებული სხდომათა რაოდენობისა და ხანგრძლივობის, საქმის სირთულის გათვალისწინებით საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის გონივრულ რაოდენობად 500 ლარი იქნა მიჩნეული.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2020 წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
მ. ვაჩაძე