Facebook Twitter

ბს-118 (კ-21) 12 აპრილი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2020 წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ხ-მა 19.12.2019 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე 14.11.2019 წ. N04-1755/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.12.2019 წ. განჩინებით დადგინდა ხარვეზი მ. ხ-ის სარჩელთან მიმართებით და მიეცა მას 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.

მოსარჩელემ 25.12.2019 წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხედ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო საქმის განხილვისას დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ დასახელდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2020 წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 14.11.2019 წ. N04-1755/ო ბრძანება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2020 წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემობები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელე მ. ხ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომის II ჯგუფის ინვალიდი. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 14.11.2019 წ. გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 10.08.1987წ. მ. ხ-სა და ე. ხ-ს შორის განქორწინება დარეგისტრირდა. მოსარჩელე დარეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. მოსარჩელემ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადება 26.02.2018 წ. შეავსო, ხოლო 14.11.2019 წ. ბრძანებით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მოწოდების გამო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადინი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს ენიჭება პრიორიტეტი. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ხ-ის მიერ შევსებული აქვს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადება, რომლის დამუშავების შედეგად წინასწარი შეფასებით მოიპოვა 7.5 ქულა. 12.06.2019 წ. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად გასაუბრება შედგა განმცხადებელთან მისამართზე: ქ. თბილისი ...ის ქ. N4, ზემოაღნიშნულ ფორმაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ამ მისამართზე 2016 წლიდან ცხოვრობს ქირით. მ. ხ-მა აღნიშნა, რომ იგი მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს 1993 წლიდან და რომ 1999 წლიდან საკუთრებაში არსებული ბინა 2016 წელს გაასხვისა მ. ქ-ეზე, ხოლო ბინის გაყიდვა დასჭირდა შვილის გარდაცვალების გამო. პალატამ მიუთითა 12.06.2019 წ. მონიტორინგის ფორმაზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლამდე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ამჟამად ქირით ცხოვრობს ც. კ-ა, რომელიც ქირას უხდის მ. ქ-ეს. 16.09.2019 წ. მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რომლითაც ვიზიტი განხორციელდა ე. ხ-ის საცხოვრებელ სახლში, ადგილზე დახვდათ მოსარჩელეც, რომელიც იყო სტუმრად და აღნიშნავდნენ გ. ჯ-ას სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვას.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019 წ. ოქმით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 6.0 და მეტი ქულა. დადგენილია, რომ მ. ხ-მა წინასწარი შეფასებით მოიპოვა 7.5 ქულა, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრება არ გააჩნია. შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, რამეთუ მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. ხ-ის მეუღლე ე. ხ-ი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი სახლით, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დასტურდება მ. ხ-ისა და ე. ხ-ის განქორწინების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო ბათილად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2020 წ. განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ არ გაიზარა სააგენტოს პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობს მეუღლესთან ერთად განქორწინების მოწმობის მიუხედავად. კასატორმა აღნიშნა, რომ მონიტორინგის სამსახურის ოქმების შედეგად დგინდება, რომ მ. ხ-ი და ე. ხ-ი ფაქტობრივად კვლავ ერთად ცხოვრობენ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა მონიტორინგის დროს მოკვლეული ინფორმაცია, იგი დაეყრდნო განქორწინების მოწმობას და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მეუღლესთან განქორწინებულია. იგი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებები სათანადოდ არ იყო შეფასებული. განქორწინება რეგისტრირებული იყო 1987 წელს, მხარემ მიუთითა, რომ განქორწინდა 1993 წელს. ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, თუ ამ ფაქტობრივ გარემოებას უტყუარ ინფორმაციად მივიღებთ, ივარაუდება, რომ მოსარჩელეს თბილისში სხვადასხვა მისამართზე უნდა ეცხოვრა მარტო და არა მეუღლესთან ერთად. შესაბამისად, ყოფილ მეზობლებს მოსარჩელის მეუღლის შესახებ უნდა ჰქონოდათ ბუნდოვანი და ზედაპირული ინფორმაცია, აღნიშნულის მიუხედავად მონიტორინგის ფორმის მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელის ყოფილი მეზობლები იცნობენ მ. ხ-ის მეუღლეს. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ 1987 წელს რეგისტრირებული განქორწინების მიუხედავად, მხარე მეუღლესთან ერთად თბილისში წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე, ხოლო სასამართლოს იურიდიული ფაქტის დასადგენად მიმართა დაახლოებით 30 წლის შემდეგ. კასატორი თვლის, რომ სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ დარღვეულა კანონი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. ხ-ი აკმაყოფილებდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნებს, მოსარჩელეს შევსებული ჰქონდა დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, წინასწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდა ქულა, მას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, ქ. თბილისში იგი ცხოვრობს ქირით და სასამართლო გადაწყვეტილებითაც დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მ. ხ-ს შორის განქორწინება დარეგისტრირდა 1987 წელს. შესაბამისად ე. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გამო მ. ხ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე უარის თქმის შესახებ კასატორის მოსაზრება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინიტსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013 წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც სააგენტო ვალდებულია პრიორიტეტულობის პრინციპის დაცვითა და გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2020 წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

მ. ვაჩაძე