Facebook Twitter

ბს-172(კ-21) 12 აპრილი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2020 წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ფ-ამ, მ. ყ-ამ, ზ. ფ-ამ, მ. ფ-ამ, ლ. ფ-ამ და მ. ფ-ამ 17.10.2018წ. მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვეს მოპასუხის 18.09.2018 წ. N01-426/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.2018წ. განჩინებით დადგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელადაც მოსარჩელეებს განესაზღვრა ვადა. მოსარჩელეებმა 30.10.2018წ. წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი, მოპასუხედ დასახელდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2019წ. გადაწყვეტილებით კ. ფ-ას, მ. ყ-ას, ზ. ფ-ას, მ. ფ-ას, ლ. ფ-ასა და მ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 19.09.2018 წ. N01-426/ო ბრძანება დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპლეაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2020 წ. განჩინებით სსიპ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ იქნა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა მოსარჩელეების დევნილის სტატუსი, მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილი ქ. ზუგდიდი, ი. ...ის ქ. ...-ში მდებარე „...ის“ შენობა, რომელსაც ექსპერტის დასკვნით აღენიშნება მე-3 ხარისხის დაზიანება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.09.2018 წ. ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა მათი ფაქტობრივი ცხოვრება „...ის“ შენობაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობდნენ მითითებულ მისამართზე, თუმცა არ დაუდგენია რეალურად სად ცხოვრობდნენ ისინი, ანუ სად იყო მათი ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი და შესაბამისად სხვა საცხოვრებელი ადგილი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2020 წ. განჩინება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები ფაქტიურად სადავო მისამართზე არ ცხოვრობდნენ. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკმარისად გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისმა სამსახურმა ორჯერ განახორციელა ვიზიტი მონიტორინგის მიზნით მითითებულ მისამართზე და არც ერთ ჯერზე მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები მისამართზე არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად სააგენტოსთვის საკმარისი საფუძველი არსებობდა იმ დასკვნისათვის, რომ მოსარჩელის ოჯახი ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი არ იყო, რაც გამორიცხავდა ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მეზობლების განცხადებაზე, რომლის თანახმადაც ჟ. შ-ა, ჟ. რ-ა, მ. კ-ა, ნ. გ-ა, ა. მ-ა, ს. თ-ა და კ. ფ-ა ადასტურებენ, რომ ოჯახი 1998 წლიდან ნამდვილად ცხოვრობს მისამართზე ქ. ზუგდიდი, ი. ...ის ქ. ...-ში. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ „...ას“ აბონენტის ბარათის ამონაწერზე, რომლითაც ირკვევა, რომ 16.12.2014წ.-01.10.2018წ. პერიოდში მისამართზე - ქ. ზუგდიდი, ...ის შენ. ..., ბინა ...ა რეგისტრირებულია აბონენტი N... (კ. ფ-ა), მითითებული აბონენტის სახელზე ფიქსირდება ელექტროენერგიის ხარჯი სხვადასხვა რაოდენობით. შესაბამისად კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ფართი იყო დაკეტილი და იქ მოსარჩელე და თავისი ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა, არის ყველანაირ ლოგიკას მოკლებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე N... ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ზუგდიდში, ი. ...ის ქ. ...-ში მდებარე კორპუსებს, დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, აღენიშნებათ მე-3 ხარისხის დაზიანებები, მათი საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მობინადრეთა უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია მათი დროული გადაყვანა.

მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ მოსარჩელე არის თავშესაფრის არმქონე, რომელიც საჭიროებს განსახლებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.2020 წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

მ. ვაჩაძე