Facebook Twitter

ბს-48(კ-21) 22 აპრილი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2020 წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-მა 20.03.2019 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.12.2018წ. ოქმის და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.02.2019წ. N04/9410 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2019წ. გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის“ შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 24.12.2018წ. ოქმი, 25.02.2015წ. N04/9410 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმეზე დაკითხული მოწმის ახსნა-განმარტების საფუძველზე მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების საგენტომ 25.02.2019წ. მიღებული გადაწყვეტილებით ისე გაიზიარა სოციალური აგენტის მიერ „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების შეწყვეტის შესახებ“ 24.12.2018წ. შედგენილი ოქმი (საფუძვლით- „ოჯახის ხელოვნური დაყოფა“), რომ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, ოჯახის ხელოვნურად დაყოფის მიჩნევის შემთხვევაში, არ დადგენილა რომელი ოჯახის დაყოფა მოხდა ხელოვნურად და რა წარმოადგენდა აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს. მოთხოვნის უარყოფის საფუძველს არ ქმნის ის ფაქტი, რომ განმცხადებელი ცხოვრობდა ო. კ-ის დედის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში, გადამოწმების მომენტში სოციალურ აგენტს მისამართზე დახვდა ო. კ-ე, მისამართზე იყო მოსარჩელის ყოფილი მეუღლის პირადი ნივთები. ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. განსახილველ შემთხვევაში, 24.12.2018წ. „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ ოქმი“ ოჯახის შინასამეურნეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს, აღნიშნული გარემოების (ოჯახის შემოსავლის და ხარჯის შესახებ ინფორმაცია) არასათანადოდ გამოკვლევა დადასტურდა აგრეთვე სოციალური აგენტის მიერ სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც 24.12.2018 წ. სოციალური აგენტის ვიზიტის დროს მისი ყოფილი მეუღლის იქ ყოფნა გამოწვეული იყო ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც დაადასტურა სასწრაფო დახმარების ცნობით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის ხასიათიდან გამომდინარე, სოციალური შემწეობის დადგენასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა სათანადო წარმოება, გამოეკვლია პრეტენზიის არსი და მისი საფუძვლიანობა, ასევე გამოეკვლია შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შევსებისას მოქმედებების მნიშვნელობის, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების, პრეტენზიების წარდგენის წესის და პირობების განმარტების სათანადოობა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ დაცული არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების წარმართვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დადგენილი წესით არ განუხორციელებია თ. მ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა საკითხი გადაწყვეტილი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას - მოსარჩელის ოჯახის არსებული მდგომარეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2020 წ. განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოკვლეული იქნა კანონმდებლობის სრული დაცვით. კასატორმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა სოციალურ აგენტს სხვადასხვა ვიზიტის დროს მისამართზე ხშირად ხვდებოდათ ო. კ-ე. 24.12.2018წ. ვიზიტის დროს სოციალურმა აგენტმა მოსარჩელეს შესთავაზა დრო, რათა მოეფიქრებინა, სურდა თუ არა „ოჯახის დეკლარაციაში“ ო. კ-ის დაფიქსირება, სოციალური აგენტი დაელოდა რამდენიმე დღე, თუმცა რადგან მოსარჩელის მხრიდან რაიმე რეაგირებას ადგილი არ ჰქონია, ვიზიტის თარიღის მიხედვით - 24.12.2018წ. შედგა „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ ოქმი, რის უფლებამოსილებასაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის მინისტრის 20.05.2010 წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი იძლევა. შესაბამისად არ არსებობს „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ისანი-სამგორი) უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 24.12.2018 წ. შევსებული ოქმის გაუქმებისა და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის აღდგენის საფუძველი, რადგან სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ქმედება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს 23.10.2019 წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული სოციალური აგენტის ლ. კ-ას ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, ოჯახის შემოსავლისა და გასავლის საკითხის შესწავლამდე იგი პირველ რიგში იკვლევდა ო. კ-ის მოსარჩელის მისამართზე ცხოვრების ფაქტს, რაც დადასტურებულად მიიჩნია იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ 24.12.2018წ. ვიზიტისას მოსარჩელის მისამართზე დახვდა ო. კ-ე. თ. მ-ის განმარტებით, ყოფილი მეუღლე შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა მისამართზე, რის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი წარადგინა. აღნიშნულის მიუხედავად სააგენტომ ჩათვალა, რომ ო. კ-ე ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, რაც დაუსაბუთებლია, რადგან განქორწინების ფაქტის მიუხედავად არ არის გამორიცხული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მშობლის - ო. კ-ის ბავშვის საცხოვრებელ მისამართზე ყოფნა. აღნიშნული იმთავითვე არ ადასტურებს ო. კ-ის მითითებულ მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სოციალური აგენტის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა დეტალის გამოკვლევის გარეშე, მოპასუხე სრულად დაეყრდნო 24.12.18წ. შედგენილ ოქმს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ წესის მე-2 მუხლზე, რომელშიც ოჯახი ზემოხსენებული წესის მიზნებისთვის განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ 24.12.2018 წ. ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას შინასამეურნეო საქმიანობის შესახებ, აღნიშნული გარემოების არასათანადო გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე თავად სოციალურმა აგენტმაც დაადასტურა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, რომელიც თავის მხრივ ემსახურება კანონიერების პრინციპს, რადგან თითოეული გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რის საფუძველზეც უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სადავო საკითხთან დაკავშირებთ ჩაეტარებინა სათანადო წარმოება, გამოეკვლია პრეტენზიის არსი. მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2020 წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

მ. ვაჩაძე