Facebook Twitter

ბს-1335(2კ-20) 22 აპრილი, 2021წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2020წ. გადაწყვეტილებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ზ-ამ 27.04.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლ. ზ-ას შორის გაფორმებული 05.10.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 24.09.2012წ. განკარგულების კ. ზ-ას ნაწილში, ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.05.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და ლ. ზ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.07.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 24.09.2012წ. განკარგულება კ. ზ-ას ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლ. ზ-ას შორის 05.10.2012წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება კ. ზ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.08.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტს მოსარჩელის - კ. ზ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 200 (ორასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გადახდილი ხარჯის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2020წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.07.2020წ. განჩინებით, აღნიშნულ დავაში სათანადო მოპასუხედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად ჩაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2020წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. ზ-ას სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულება კ. ზ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი სადავო განკარგულება კ. ზ-ას ნაწილში, მოპასუხეებს კ. ზ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე მოპასუხეებს დაეკისრათ კ. ზ-ას მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 200 (ორასი) ლარისა და სააპელაციო სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება. პალატამ აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავო საკითხის გადაწყვეტის კუთხით, ანუ სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, ხოლო მისი გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა უკავშირდება მის მიერ არასათანადო მოპასუხის - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობით საქმის განხილვასა და გადაწყვეტას. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სადავო ხელშეკრულების 2.2 და 2.4 პუნქტებით კ. ზ-ას უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულების ძალაში შესვლა დამოკიდებული იყო მოსარჩელის წერილობით თანხმობაზე (სზაკ-ის 67-ე მუხ.), რაც მოცემულ საქმეში სახეზე არ არის, კ. ზ-ას არათუ გამოხატული არ აქვს საკუთარი ნება პრივატიზაციაზე, არამედ ის საერთოდ არ ყოფილა ინფორმირებული პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, იგი სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შედგენის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. პალატამ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით იმსჯელა და მიიჩნია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა მოთხოვნის წარმოშობის - პირისთვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობის მომენტიდან იწყება. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულო დავაში, კ. ზ-ასათვის სადავო ხელშეკრულების თაობაზე 2018 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეტყობინების ფაქტი დადასტურებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2020წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა - საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადავო განკარგულების გამოცემა მოხდა ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით. კასატორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ახდენს არა დევნილი პირის, არამედ დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ამასთან ფართის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე საკმარისია ერთი პირის - დევნილი ოჯახის წარმომადგენლის ხელმოწერა. უკეთუ ხელშეკრულებაში მითითებული პირები არ ცხოვრობდნენ კონკრეტულ მისამართზე, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი ვალდებული იყო ამის შესახებ განეცხადებინა, რაც მას არ განუხორციელებია. გარდა ამისა, კასატორი თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან აღნიშნულ დავაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა სახელმწიფო ქონების პრივატიზების დასრულების მომენტიდან უნდა დაიწყოს.

კასატორმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელის უფლება არ იზღუდება, ამდენად, გამოირიცხება ხელშეკრულების დადებაზე მისი წერილობითი თანხმობის მიღების საჭიროება. გარდა ამისა, კასატორი თვლის, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რადგან აღნიშნულ დავაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა სადავო ხელშეკრულების დადების თარიღიდან უნდა დაიწყოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. არასწორია კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრება ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის წერილობითი თანხმობის საჭიროების არარსებობის შესახებ, რადგან სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება (2.2 და 2.4 პუნქტები), რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელის უფლებების შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მისი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.).

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება კ. ზ-ას ნების გამოხატვა პრივატიზაციის პროცესზე, ასევე არ დგინდება, რომ მისთვის ცნობილი იყო პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 04.05.2018წ. N49/6/1/1/2-01572377 ცნობით დასტურდება კ. ზ-ას მიერ 1997 წლიდან 2018 წლის 27 აპრილამდე ს.ს.კ.გ. „წითელი ხიდის“ და ს.ს.კ.გ. „თბილისის აეროპორტის“ გავლით საზღვრის გადაკვეთის ფაქტი.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 65 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მითითებას ხანდაზმულობის ვადის მოთხოვნის წარმოშობის მომენტის დაწყებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად არ შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების მომენტი (მოცემულ შემთხვევაში, კასატორთა მითითებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების დასრულების ან/და სადავო ხელშეკრულების დადების მომენტი). საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ სადავო ხელშეკრულების თაობაზე კ. ზ-ამ 2018 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ არის. დაუსაბუთებელია მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან არ დგინდება სადავო განკარგულებისა და ხელშეკრულების შინაარსის შესახებ მოსარჩელისათვის ინფორმაციის მიწოდება. გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად, რომელიც გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციის განხორციელების მიზნით, ხელშეკრულება არ გადასცემიათ მხარეებს. ამდენად, ვარაუდი, რომ კ. ზ-ას უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების შინაარსის შესახებ, არ დასტურდება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემის პროცედურული წესების დაცვა იმთავითვე არ ადასტურებს აქტის მართლზომიერებას, რადგან ადმინისტრაციული აქტი კანონიერი უნდა იყოს როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ოჯახის შემადგენლობის დადგენა არ შედიოდა არც ერთი კასატორის უფლებამოსილებაში, არ ასაბუთებს სადავო აქტების კანონიერებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითება, სადავო ხელშეკრულებით კ. ზ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, არ გამორიცხავს ამავე ხელშეკრულებით მისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას (სადავო ხელშეკრულების 2.2 და 2.4 პუნქტები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2020წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

მ. ვაჩაძე