საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-457(კ-20) 21 აპრილი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ. ნ-ე
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ტ. ნ-ემ 2018 წლის 5 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1998-2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების - 1146 ლარის და 47 თეთრის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ტ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებისთ ტ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ 1146 ლარისა და 47 თეთრის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სახელფასო დავალიანების ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობს. კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ... ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 4 ივლისის №MOD ... ცნობა ინფორმაციული ხასიათისაა, შესაბამისად, იგი თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარებას არ წარმოდგენს. გარდა ამისა, მოსარჩელემ უფლების რეალიზაცია მოახდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, რომელიც აღარ ითვალისწინებს წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, 1998-2000 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების დაკისრების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს (2017 წლის 1 ივლისამდე) მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). კანონი, ასევე, აწესრიგებდა წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხს, კერძოდ, 1341 მუხლის მიხედვით, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, 2005 წლამდე წარმოქმნილ დავალიანებაზე არ ვრცელდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და ექვემდებარებოდა სახელმწიფოს მიერ სავალდებულო ანაზღაურებას. ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისს - „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შედეგად, რომელიც 2005 წლამდე წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურების საკითხს აღარ აწესრიგებს. შესაბამისად, დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს ახალი კანონის ამოქმედების მომენტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1104(კ-18)).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტ. ნ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლამდე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 26 ივნისს, სარჩელი კი წარმოადგინა 2018 წლის 5 თებერვალს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის ... ნაწილით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც მართებულად დაკმაყოფილდა მისი სარჩელი 1998-2000 წლების ხელფასის - 1146 ლარისა და 47 თეთრის ანაზღაურების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე