ბს-749(კ-19) 31 მაისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ა. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2018წ. განჩინება
განსახილველი საგანი - სარჩელის გამოხმობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
07.07.2017წ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელი მიმართა ა. შ-ემ მოპასუხის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ა. შ-ის ნაწილში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №31 საოქმო გადაწყვეტილების და ამავე კომისიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ 05.06.2017წ. №533 განკარგულების ბათილად ცნობა, აგრეთვე, ა. შ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და სადავო საკითხზე მსჯელობის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2018წ. გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. შ-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2018წ. განჩინებით ა. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.04.2018წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. შ-ის მიერ.
01.04.2021წ. ა. შ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრისა გამოხმობისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით, ხოლო უზენაეს სასამართლოში 13.04.2021წ. წარმოდგენილი განცხადებით ა. შ-ემ მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება. 28.05.2021წ. უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა ა. შ-ის განცხადებას სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა ა. შ-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში ა. შ-ემ განცხადებით მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხის ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილება საქმეში დაცული სათანადო წესით გაფორმებული განკარგულებით დასტურდება, წერილობით დაეთანხმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის გამოხმობის თაობაზე ა. შ-ის განცხადება აკმაყოფილებს სსკ-ის 831 მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, ა. შ-ის სარჩელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს და ა. შ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.04.2019წ. №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. შ-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.2018წ. განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.2018წ. გადაწყვეტილება;
3. ა. შ-ის სარჩელი მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ დარჩეს განუხილველი;
4. ა. შ-ეს (პირადი ნომერი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.04.2019წ. №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე