Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1243(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ. გ-ე

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-ემ 2019 წლის 27 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №001218216395 და ამავე სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №01/53617/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოითხოვა მოპასუხისთვის დ. გ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული თარიღის - 1968 წლის 26 სექტემბრის 1968 წლის 25 სექტემბრით, მამის სახელის - მ-ის კი გ-ით შესწორების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დ. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 თებერვლის №01/53617 გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

კასატორი აღნიშნავს, რომ დ. გ-ემ სააგენტოს მამის სახელისა და დაბადების თარიღის ცვლილების მოთხოვნით პირველად მიმართა 2018 წლის 16 მარტს, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კი უარი ეთქვა სააგენტოს 2018 წლის 18 მაისის აქტით. ხსენებული აქტი, წარმოდგენილი ხელწერილის შესაბამისად, მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 13 აგვისტოს, თუმცა დ. გ-ეს იგი კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია. სწორედ ამიტომ, ვინაიდან მოსარჩელემ სააგენტოში იმავე მოთხოვნით მეორედ წარადგინა განცხადება, თუმცა განცხადებას არ დაურთო ახალი მტკიცებულებები, ვერ მიუთითა ახალ გარემოებებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მისი განცხადება მართებულად დარჩა განუხილველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს სრულად უნდა ეთქვას უარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სააპელაციო პალატის მიერ არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ იმავე საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობდა ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და განმცხადებელმა ახალი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც აწესრიგებს ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების მეორედ წარდგენისა და განხილვის წესს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამრიგად, მითითებული ნორმის საფუძველზე, განცხადების განუხილველად დატოვება ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თუკი იმავე პირის მიერ იმავე მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე ერთხელ უკვე აქვს ნამსჯელი და გამოცემული აქვს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აქტი, ხოლო მეორედ წარდგენილ განცხადებაში მხარე ვერ მიუთითებს ახალ გარემოებებზე და ვერ წარადგენს ახალ მტკიცებულებებს.

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს დ. გ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის სახელისა და დაბადების თარიღის ცვლილება მოითხოვა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №001218216395 გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც დ. გ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული, 2019 წლის 19 თებერვლის №01/53617/გ გადაწყვეტილებით კი ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის №001218216395 გადაწყვეტილება და დ. გ-ის 2018 წლის 10 დეკემბრის განცხადება დარჩა განუხილველი. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ იმავე მოთხოვნაზე ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №001118048047 გადაწყვეტილება, რომელიც დ. გ-ეს ჩაბარდა 2018 წლის 13 აგვისტოს და იგი სააგენტოში არ გასაჩივრებულა. ამრიგად, სადავო აქტით განცხადების განუხილველად დატოვების განმაპირობებელ საფუძვლად მიეთითა იმავე საკითხთან დაკავშირებით უკვე გამოცემული, ძალაში შესული აქტის არსებობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სააგენტოს გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა დ. გ-ე ხელმოწერით ადასტურებს „შესწორების დასკვნის“ ჩაბარებას. მართალია, როგორც შესწორების დასკვნის, ისე 2018 წლის 18 მაისის აქტის ადრესატი დ. გ-ეა, თუმცა ისინი შინაარსობრივად და შედეგობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან, უშუალოდ 2018 წლის 18 მაისის აქტის მოსარჩელისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი კი საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დ. გ-ის ხელწერილთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №001118048047 გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარებისა და ძალაში შესვლის დამადასტურებელი, სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა. მაშასადამე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებულ, 2019 წლის 19 თებერვლის №01/53617/გ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული მსჯელობა ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და სააგენტო ვალდებული იყო, არსებითად განეხილა და გადაეწყვიტა დ. გ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს ძირითადი სადავო საკითხის - დაბადების სააქტო ჩანაწერის სისწორის მნიშვნელობაზე, რადგან მოსარჩელის მიმართ გაცემული ყოველი შემდგომი ოფიციალური დოკუმენტი დაბადების სააქტო ჩანაწერის მონაცემებს უნდა იმეორებდეს, მონაცემთა განსხვავების გამო კი სააგენტომ მოსარჩელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც კი გააუქმა. სწორედ ამიტომ, კასატორმა ყველა მტკიცებულების სათანადოდ შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა არ დაირღვეს განმცხადებლის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს 2020 წლის 2 ნოემბრის №44442 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე