საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-707(კ-20) 13 მაისი, 2021 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. მ-ე
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს მთავრობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ლ. მ-ემ 2018 წლის 25 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ და „ლ. მ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 სექტემბრის წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე საქართველოს მთავრობისთვის მოსარჩელის 2018 წლის 27 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ლ. მ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 სექტემბრის წერილობითი მიმართვა და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ლ. მ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლემ - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ 1989 წლის 14 ივნისის №285 და 9 ოქტომბრის №497 დადგენილებებით მოსარჩელის ოჯახისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულისთვის (სულ 75 ოჯახი) გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით გარდაბნის რაიონის გამგეობას, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს დაევალათ 1989 წელს აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის განსახლება. ბრძანებულება წლების განმავლობაში არ აღსრულებულა, რასაც საქართველოს მთავრობისა და სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით 49 ეკომიგრანტი ოჯახის (მათ შორის არ იყო ლ. მ-ის ოჯახი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მათი დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულებით სამინისტროს დაევალა აღნიშნული საკითხის შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელმაც შეისწავლა ეკომიგრანტთა საკითხი და საქართველოს მთავრობას მიაწოდა სამოქმედო გეგმა. ამ უკანასკნელის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით ამავე სამინისტროს დაავალა 49 ეკომიგრანტი ოჯახის ნაწილის დაკმაყოფილება საკომპენსაციო თანხით, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე ლ. მ-ის ოჯახი არ იყო იმ 49 ოჯახს შორის, ვინც სასამართლოს მიმართა. შესაბამისად, სამინისტროსთვის არც სასამართლოს და არც საქართველოს მთავრობას მისი ოჯახის მიმართ კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა, ან/და სამოქმედო გეგმის შემუშავება არ დაუვალებია. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განეხილა ლ. მ-ის ოჯახისათვის კომპენსაციის გაცემის საკითხი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ლ. მ-ისთვის, როგორც ეკომიგარნტისთვის, კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების განხილვაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“, რომელიც აწესრიგებს ეკომიგრანტთა განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. აღნიშნული წესის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-2 მუხლის საფუძველზე, სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ხოლო განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამავე ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. ამასთან, დეპარტამენტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახდენს საცხოვრებელი სახლის მიღების მსურველთა განაცხადების შევსებას, დამუშავებას და დამუშავებულ მასალას წარუდგენს შესაბამის კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა განსახლების საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო წარდგენილი დოკუმენტაციისა და დამატებით მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, ყოველ კონკრეტუილ შემთხვევაში, განესაზღვრა დაზარალებული ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, შეეფასებინა განმცხადებლის ოჯახის საცხოვრებელი პირობების მდგომარეობა და შეესწავლა მისი საჭიროებები. მოცეულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. მ-ის ოჯახი განისაზღვრა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სიაში. ამრიგად, მისი ოჯახის მიმართ უნდა გატარებულიყო ეკომიგრანტთა მიმართ გათვალისწინებული სოციალური ღონისძიებები.
მიუხედავად ამისა, საკომპენსაციო თანხის გამოყოფის შესახებ ლ. მ-ის განცხადება სამინისტრომ მხოლოდ იმ საფუძვლით არ განიხილა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულების გამოცემას, ის მხარეს არ წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მოსარჩელეთა დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. მართალია, მოსარჩელეებს შორის ლ. მ-ე არ ყოფილა, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი არ ქმნიდა სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სოციალური უფლებების დაცვასა და განხორციელების უზრუნველყოფაზე უარის თქმის წინაპირობას, ასევე, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განეხილა და ემსჯელა მოსარჩელის, როგორც ეკომიგრანტის, საერთო წესის საფუძველზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ამრიგად, ლ. მ-ეს უკანონოდ ეთქვა უარი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების განხილვაზე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხი საჭიროებს არსებითად შესწავლას და გადაწყვეტას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე