Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-358(კ-20) 13 მაისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - დ. ჩ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თბილისის საქალაქო სასამართლო

დავის საგანი - ქმედების უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ჩ-ამ 2019 წლის 27 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის 2019 წლის 13 მაისის №2970919 წერილის უკანონოდ ცნობა, მოპასუხისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 11 აპრილს, 15:00 საათზე, №3/5341-18 საქმეზე დანიშნული მოსამზადებელი სხდომის დაწყებამდე, №41 სხდომის დარბაზში დ. ჩ-ას შესვლიდან იმავე მოსამზადებელი სხდომის დასრულებამდე ვიდეოჩანაწერისა და აუდიოჩანაწერის მიწოდების დავალება, ასევე, ოფიციალური ინფორმაციის მიწოდების დავალება, კონკრეტულად რა კატეგორიის საქმეებზე და პრაქტიკულად როდიდან ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომების სავალდებულო ვიდეოჩაწერა და აუდიოჩაწერა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ჩ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 მაისის განჩინებით დ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება დ. ჩ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე მითითებით, თუმცა დასახელებული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ მოთხოვნილი ვიდეოჩაწერა განხორციელდა სამართალწარმოების მიზნებისათვის. სასამართლოს დარბაზში მოსარჩელის პერსონალური მონაცემები კი სასამართლომ, როგორც საჯარო დაწესებულებამ, ისე დაამუშავა. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობდა. ასევე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლიც, მით უფრო, რომ მოსარჩელე მითითებულ ნორმაზე არ მიუთითებდა.

კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მხარეს სააპელაციო შესაგებელი მიაწოდა დანიშნული სხდომის წინა დღეს და არ მისცა გონივრული დრო შესაგებელზე პოზიციის წარსადგენად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სასამართლოს სხდომის დარბაზში, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გადაცემა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. იმავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს სამართალწარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ყველა პირს აქვს უფლება, მიიღოს საჯარო ინფორმაცია ან მოითხოვოს და გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას. საჯარო დაწესებულებამ კი უნდა უზრუნველყოს მასთან დაცული ინფორმაციის დადგენილი წესითა და ფარგლებში მხარისთვის ხელმისაწვდომობა. ამასთანავე, დასახელებული უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კონსტიტუციაში ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთს სწორედ სამართალწარმოების ინტერესების დაცვა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, როდესაც მონაცემთა დამუშავება ხდება სამართალწარმოების მიზნებისთვის, ასეთი ინფორმაციის გაცემის საკითხის მოწესრიგება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, მათ შორის, სასამართლო პროცესის ჩანაწერების გაცნობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინება. დასახელებული ნორმის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიოჩაწერა და ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიოჩანაწერისა და ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება სასამართლო პროცესის დაწყების მომენტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს სასამართლო შემოდის სხდომის დარბაზში. მოსამართლე, ხოლო თუ საქმეს არჩევს კოლეგიური სასამართლო, – ამ სასამართლოს თავმჯდომარე, ხსნის სასამართლოს მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული. ამრიგად, სასამართლო პროცესი იწყება მოსამართლის მიერ სხდომის გახსნით. შესაბამისად, ამ მომენტიდან უკვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროცესის აუდიოჩაწერა და ვიდეოჩაწერა, რომლის ჩანაწერის მოთხოვნის უფლებაც აქვთ მხარეებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუგზავნა მოსარჩელეს სხდომის მიმდინარეობის ამსახველი ჩანაწერი. სარჩელით კი მოთხოვნილია არა პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე პერიოდის ჩანაწერის გადაცემა, არამედ - დ. ჩ-ას სასამართლოს დარბაზში გამოცხადების მომენტიდან დარბაზში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გაცემა. აღნიშნული პერიოდის ჩაწერისა და მხარისთვის გადაცემის ვალდებულება კი სასამართლოს არ აკისრია, რადგან იგი არ წარმოადგენს სასამართლო პროცესის ნაწილს. შესაბამისად, დ. ჩ-ას მართებულად ეთქვა უარი მის მიერ მოთხოვნილი ჩანაწერის გაცემაზე. ამასთან, მას სასამართლოს მენეჯერმა გასაჩივრებული წერილით დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სასამართლო პროცესის ჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ.

რაც შეეხება დ. ჩ-ას მითითებებს, რომ სასამართლომ გამოიყენა ნორმა, რომელსაც მხარე არ მიუთითებდა, საქმე უსაფუძვლოდ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და არ მისცა შესაგებელზე მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის შეზღუდული მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი ნორმებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა. გარდა ამისა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო არა ფაქტობრივი გარემოებები, არამედ შესაფასებელი იყო, რამდენად ქმნიდა ეს ფაქტები სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 12 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა და გადაეწყვიტა. სააპელაციო შესაგებელი კი მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. უფრო მეტიც, დ. ჩ-ას სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი აქვს სააპელაციო შესაგებელთან დაკავშირებით მისი მოკლე პოზიცია (ტ. II, ს.ფ. 187-188). მართალია, იგი ამავე წერილობით განმარტებაში აღნიშნავს, რომ დროის სიმცირის გამო მხოლოდ „საერთო მონახაზს“ წარადგენს, მაგრამ მოცემულ ფაქტს საქმის მოსარჩელის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტაზე გავლენა არ მოუხდენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე