Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-154(2კს-21) 25 მაისი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორი (მოსარჩელე) - გ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; 2. ჭიათურის მერია; 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; 5. სახელმწიფო რწმუნებული; 6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 7. ტელეკომპანია „...“; 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; 9. შპს „ს...ო“; 10. საქართველოს გენერალური პროკურატურა; 11. საზოგადოებრივი მაუწყებელი; 12. საქართველოს პარლამენტი; 13. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; 14, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 15. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; 16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; 17. საქართველოს სახალხო დამცველი; 18. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამახური; 19. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; 20. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 21. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის -მომხმარებელთა უფლებების დამცველი; 22. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი; 23. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; 24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი; 25. ტელეკომპანია „მ...“; 26. თბილისის მერია; 27. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; 28. საქართველოს მთავარი არხი

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრისა და 2021 წლის 29 იანვრის განჩინებები

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2020 წლის 2 მარტს გ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მორალური ზიანის სახით 1 (ერთი) ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით გ. ბ-ის სარჩელს დაუდგინდა ხარვეზი. მოსარჩელეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოში წარდგენა და განესაზღვრა 10 დღის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

გ. ბ-ემ სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების: 1.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის; 2. ჭიათურის მერიის; 3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს; 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; 5. სახელმწიფო რწმუნებულის; 6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; 7. ტელეკომპანია-„...-ის“; 8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; 9. შპს „ს...ოს“; 10. საქართველოს გენერალური პროკურატურის; 11. საზოგადოებრივი მაუწყებლის; 12. საქართველოს პარლამენტის; 13. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის; 14, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის; 15. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; 17. საქართველოს სახალხო დამცველის; 18. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამახურის; 19. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს; 20. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; 21. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის -მომხმარებელთა უფლებების დამცველის; 22. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის; 23. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს; 24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის; 25. ტელეკომპანია „მ...ს“; 26. თბილისის მერიის; 27. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; 28. საქართველოს მთავარი არხის მიმართ. მოსარჩელემ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 აპრილის, 10 ივნისისა და 6 ივლისის განჩინებებით გ. ბ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. ამასთან, ვინაიდან ხარვეზი მაინც არ იქნა გამოსწორებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 სექტემბრის განჩნებით გ. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, საპროცესო ვადის დარღვევის გამო. ამასთან, ამავე განჩინებით გ. ბ-ეს განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება აღარ საჩივრდებოდა. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე გ. ბ-ემ წარადგინა განცხადებები, რომლებითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და მოსამართლის აცილება, ასევე, ზემოაღნიშნული განჩინების განმარტება და მოსამართლის აცილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა/განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. იმავე სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის შუამდგომლობა/განცხადება განჩინების განმარტებასა და მოსამართლის აცილების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებებზე გ. ბ-ემ წარადგინა განცხადება განჩინებების განმარტების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარდგენილი განცხადება შინაარსობრივად უტოლდებოდა 2020 წლის 10 დეკემბერს წარდგენილ შუამდგომლობა/განცხადებას, რომლითაც მოთხოვნილი იყო განჩინების განმარტება და მოსამართლის აცილება და რომელზეც 2020 წლის 18 დეკემბერს იმსჯელა პალატამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრისა და 2021 წლის 29 იანვრის განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივრები დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებებით გ. ბ-ის კერძო საჩივრებს დაუდგინდათ ხარვეზები, კერძოდ, კერძო საჩივრების ავტორს დაევალა ხარვეზების შესახებ განჩინებების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟის - 50-50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნების წარმოდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივრები არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებები გ. ბ-ეს გაეგზავნა საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე (ჭიათურა, სოფელი ...ა) და 2021 წლის 16 აპრილს ჩაბარდა პირადად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 17 აპრილიდან და ამოიწურა 2021 წლის 23 აპრილს 24 საათზე. მიუხედავად ამისა, კერძო საჩივრების ავტორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებებით დადგენილი ხარვეზები. ამასთან, მას საკასაციო სასამართლოსთვის არც აღნიშნული ხარვეზების შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ბ-ის კერძო საჩივრები დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრისა და 2021 წლის 29 იანვრის განჩინებებზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე